Facebook Twitter

#ბს-369(კს-21) 29 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ე. თ-ი

დავის საგანი - გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული ბრძანება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2021წ. ბრძანება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 16.03.2021წ. შუამდგომლობით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ი/მ ე. თ-ის ყადაღადადებული ქონების ღია საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით ბრძანების გაცემის მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.03.2021წ. ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ი/მ ე. თ-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად აუქციონის წესით რეალიზებულ უნდა იქნეს ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული უძრავი ქონება (აღიარებული) საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2021წ. ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ვადის დარღვევით წარდგენის გამო, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2021წ. ბრძანებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და აღნიშნა, რომ არ არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები, რადგან საჩივარი სააპელაციო პალატას წარედგინა კანონით დადგენილ ვადაში, რაც დასტურდება შესაბამისი საფოსტო ამონაწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო პალატისათვის სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის არსებითად განხილვის დავალება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლოში საქმის წარმოება დაწყებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების ღია საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის სპეციალურ წესს ადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავი. სასკ-ის 2123 მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ საჩივრდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში (მე-7 ნაწ.), რომელიც საჩივარს იხილავს შეტანიდან 10 დღის ვადაში (მე-8 ნაწ.). სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება (მე-9 ნაწ.). გასათვალისწინებელია, რომ სასკ-ის 2123.9 მუხლი არ ახდენს მითითებას სააპელაციო პალატის ბრძანების შინაარსზე, არ ითვალისწინებს არსებითად განხილვის შედეგად მიღებული ბრძანების გასაჩივრებისაგან განსხვავებულ წესს სააპელაციო პალატის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში. საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. მართალია საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ის 374.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში არსებითი დავის საგანია გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს მინიჭებული. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების კანონიერების შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც.

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობაზე ნამსჯელი აქვს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2021წ. ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 22.03.2021წ. ბრძანებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად და განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს ბრძანება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. აღნიშნულის მიუხედავად სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი იქნა კერძო საჩივარი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასკ-ის 2123.9 მუხლით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს. კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ფორმალური და არა შინაარსობრივი საკითხია. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების შესაძლო უსწორობას არ ენიჭება მნიშვნელობა კერძო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

მ. ვაჩაძე