Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-455(კ-21) 28 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.4 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინებაზე

რ. ჩ-მ 19.03.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2021წ. განჩინებით რ. ჩ-ს დაუდგინდა ხარვეზი, 05.04.2021წ. განჩინებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და განემარტა, რომ განჩინების გასაჩივრება შეიძლებოდა კერძო საჩივრით. აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ჩ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2021წ. განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და დაუდგინდა ხარვეზი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რ. ჩ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინებაზე რ. ჩ-მ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 419.3 მუხლის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება რ. ჩ-მ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომელიც რეალურად იყო კერძო საჩივარი, რადგან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება სწორედ კერძო საჩივრით (სსკ-ის 447.1 მუხ.). რ. ჩ-ს კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა დადგენილ ვადაში რ. ჩ-მ ვერ უზრუნველყო ხარვეზის გამოწორება, რის გამო რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ამასთანავე, რ. ჩ-ს განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინადან რ. ჩ-ს მიერ გასაჩივრებულია ის განჩინება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინებაზე რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე