საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1332(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. შ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შ. შ-ემ 2019 წლის 16 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა საქართველოს გენერალური პროკურატურა და მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის სახით - 1474,5 ლარის, მორალური ზიანის სახით - 10 000 ლარის და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 950 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძელზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 1500 ლარის, მატერიალური ზიანის სახით - 1299,5 ლარის და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 300 ლარის ოდენობით ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება. დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
კასატორი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ ზიანის ასანაზღაურებლად პირს ზიანი უნდა მიადგეს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის უკანონო და ბრალეული ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ უნდა შეფასდეს განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.
კასატორი აღნიშნავს, რომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე. კასატორის მოსაზრებით, მისთვის არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის დაკისრება შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს.
კასატორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, ასევე არ ეთანხმება მისთვის მატერიალური ზიანის (მოსარჩელის ტრანსპორტირების ხარჯისა და მოსარჩელისთვის ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის) ანაზღაურების დაკისრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სარჩელში მითითებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: 1. სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; 2. პირისთვის ზიანის მიყენება; 3. მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამასთან, თუკი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის არაბრალეულობის პირობებშიც კი, თუკი დადასტურდება ქმედების უკანონობა და იარსებებს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად განხილულ უნდა იქნეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პირის დაპატიმრება/მსჯავრდება ავტომატურად უკანონოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით შ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის და მას, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 20 დეკემბრიდან 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით), საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 355 საათის ოდენობით. ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით შ. შ-ე წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებით ქუთაისის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამდენად, დადასტურებულია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისად, პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, ქმედების უკანონობა, რაც ქმნის მოსარჩელისთვის როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა, უკანონო პატიმრობაში ყოფნა, მისი დამნაშავედ ცნობა ცალსახად იწვევს პირის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლებიდან გამომდინარე, ასევე წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობას, იგი განისაზღვრება სასამართლოს მიერ საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, „მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)).
განსახილველ შემთხვევაში, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შ. შ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი მოიხადა სრულად (2018 წლის 6 თებერვლიდან 2018 წლის 12 აპრილამდე პერიოდი). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეფასებისას, მოსარჩელის უკანონო პატიმრობაში ყოფნის, შეფარდებული სასჯელის მოხდით საზოგადოების (მათ შორის, არასრულწლოვანი შვილების) თვალში მისი დამნაშავედ წარმოჩენისა და შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის შედეგად მიღებული მორალური ტანჯვის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდა გონივრულ ფარგლებში და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას დაკისრებული ზიანის ოდენობის შეუსაბამობის თაობაზე.
მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი ითვალისწინებს პირის უფლებას, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მათ შორის, გაწეული ხარჯების სახით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. შ-ის საცხოვრებელი ადგილია ვანის მუნიციპალიტეტის გორას ადმინისტრაციული ერთეული. ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას სასამართლო პროცესებზე გამოცხადებისათვის, ხოლო შემდგომში - დანიშნული სასჯელის ვანის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახდელად, შ. შ-ეს უწევდა ტრანსპორტით გადაადგილება და შესაბამისად, ტრანსპორტირებისათვის გარკვეული ხარჯის გაწევა. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა პოზიციას შ. შ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მიიჩნევს, რომ შ. შ-ეს აღნიშნული ზიანი მართებულად აუნაზღაურდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. შ-ემ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას, საადვოკატო მომსახურებისთვის გასწია ხარჯი - 950 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან მითითებული ხარჯის გაწევის აუცილებლობა სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობამ გამოიწვია, კასატორს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დასახელებული თანხის ანაზღაურება.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას წინამდებარე საქმეზე ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელეს მართებულად აუნაზღაურდა ასეთი ხარჯი 300 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე