Facebook Twitter

საქმე #ბს-1129(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 28 მარტს დ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი და მისი შვილები - ს. დ-ე და სა. დ-ე წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირებს. დ. გ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების შედეგად მოსარჩელის სარეიტინგო ქულად განისაზღვრა 3.5, სოციალური ქულა კი მერყეობდა 65001-დან 100000-მდე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 მარტის #04-585/ო ბრძანებით დ. გ-ას განაცხადი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ძმის სახლში ცხოვრების გამო არ არსებობდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გადაუდებელი აუცილებლობა. მოსარჩელემ 2019 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის სხდომის ოქმი #2, თუმცა ოფიციალური პასუხი ვერ მიიღო.

ამდენად, მოსარჩელემ დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 მარტის #04-585/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დ. გ-ას გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ს. დ-ე და სა. დ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო 2019 წლის 7 მარტის #04-585/ო ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2018 წლის 26 მარტს დ. გ-ამ #13 განცხადებით (საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა შვილები: ს. დ-ე და სა. დ-ე. განცხადებით დ. გ-ამ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, დ. გ-ამ შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, დ. გ-ას ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი იყო: ქობულეთი, ...ის ქუჩა N.... განსახლების ქალაქად იგი ირჩევდა ბათუმს. განმცხადებელი იყო, განქორწინებული. იგი წარმოადგენდა დაქირავებით მომუშავე, შემთხვევით და/ან ერთჯერად სამუშაოებზე დასაქმებულ პირს. ოჯახს უძრავი და მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში არ გააჩნდა. ოჯახი იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში, 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით. ოჯახის იმჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსი იყო შემდეგი - ცხოვრობდა ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე. ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ ჰქონდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2019 წლის 20 იანვარს განხილულ იქნა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (30.01.2019წ., ოქმი #2) დ. გ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (ცხოვრობდა ძმის სახლში). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 მარტის #04-585/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #2) დ. გ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ბათუმში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამათლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულების 2.1.11 პუნქტზე, ასევე „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და ემსახურება პირველ რიგში იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ - რათა უპირველესად მოხდეს ყველაზე უფრო შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ დ. გ-ას განცხადებაში მითითებული სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შემოწმების შედეგად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ აპლიკანტის ოჯახს ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე, რომლითაც ფაქტიურად შეუზღუდავად შეეძლოთ სარგებლობა, რის გამოც მიჩნეულ იქნა, რომ განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა, შესაბამისად მოსარჩელისთვის საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა იყო კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.

კასატორის მითითებით, დევნილთა საცხოვრებლის უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ დ „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. აღნიშნული წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახების საჭიროების შეფასებისას დაჯამდება.

კასატორი მიუთითებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელია ამავე ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტიგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კონკრეტული შეთავაზებები. სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების ადმინისტრირების დეპარტამენტი ახდენს განცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ/სააგენტომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია და ასევე ოჯახის იმ წევრთან შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართებზე ცხოვრობენ) და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტი გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე და სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 მარტის #04-585/ო ბრძანებით დ. გ-ასთვის საცხოვრებელი ფართის მიღებაზე უარის თქმის კანონიერება და მოპასუხისთვის დ. გ-ას გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ დანართი #6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შფასების კრიტერიუმი“ და დანართი #7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისთვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. #6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, #7 დანართის „ა“ ქვეპუნქტით, სოციალური შეფასების კომპონენტს წარმოადგენს თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით, ამავე დანართის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი სოციალური შეფასების კომპონენტს წარმოადგენს ოჯახში 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრის არსებობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია შემდეგი გარემოებები - ოჯახში ორი არასრულწლოვანი პირის არსებობა, ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ყოფნა, ოჯახის სხვის სახლში ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ დ. გ-ას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი - ს. დ-ე და სა. დ-ე, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი. ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს დევნილის შემწეობა, თითოეულის შემთხვევაში 45 ლარის ოდენობით, ამასთან, ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით - 76390. ოჯახი 2012 წლიდან ცხოვრობს ქობულეთში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც მოსარჩელის ძმის - ირაკლი გაბელიას საკუთრებაშია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნო საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს და მის ოჯახს ხელი მიუწვდებოდათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე, რომლითაც ფაქტობრივად შეუზღუდავად შეეძლოთ სარგებლობა, რის გამოც განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე