საქმე #ბს-972(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 7 აგვისტოს მ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, მას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში საკუთრებაში გააჩნდა ერთმანეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთები ს/კ ... და ს/კ .... ერთ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი. 2019 წლის ივნისის თვეში, მოსარჩელის მითითებით, მან დაიწყო პირველი კლასის შენობის აშენება #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შენობის მცირედი ნაწილი მოქცეული იყო ს/კ ... მიწის ნაკვეთზეც, რის გამოც მოსარჩელემ მიწის ნაკვეთების გაერთიანების შესახებ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მოსარჩელის მიზანს მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვება წარმოადგენდა. მშენებლობის დაწყების შესახებ მოსარჩელეს არ შეუტყობინებია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის და მშენებლობის ნებართვა არ აუღია. მოსარჩელის მითითებით, იგი გეგმავდა მშენებლობის დაწყების შემდეგ მიემართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სანებართვო პირობების შესათანხმებლად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 2019 წლის 22 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში შეიტყო, რომ ლანჩუთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 19 ივლისს გამოიტანა დადგენილებები მისი დაჯარიმებისა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ.
ამდენად, მოსარჩელემ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის #1 დადგენილებისა და მ. გ-ას დაჯარიმების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის #2 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის #1 დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ; მ. გ-ას მოთხოვნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის #2 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და ჯ. ა-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. გ-ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ას სარჩელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის #1 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თავდაპირველად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის #1 დადგენილების (საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში, რასაც სააპელაციო საჩივრით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ასაჩივრებდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის #1 დადგენილების კანონშესაბამისობა წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მ. გ-ას მიერ 2019 წლის 1 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა სარეგისტრაციო განცხადება უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად რეესტრმა დაადგინა, რომ განცხადებას არ ერთვოდა მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივნისს შედგა #7 მითითება მ. გ-ას მიმართ, რომლითაც შეჩერდა მშენებლობა და მ. გ-ას მიეცა ათდღიანი ვადა მშენებლობის ნებართვის წარსადგენად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 9 ივლისის #7 შემოწმების აქტით დადგენილ იქნა, რომ მ. გ-ას მიერ ლანჩხუთის მითითების პირობები არ იქნა შესრულებული. 2019 წლის 9 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიერ მ. გ-ას მიმართ შედგენილ იქნა #000110 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, ს/კ-ით ..., უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის #1 დადგენილებით დადგინდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო მ. გ-ას მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, ს/კ-ით ..., საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ უნებართვო მშენებლობის შედეგად აშენებული შენობა-ნეგებობის დემონტაჟი, რისთვისაც მიეცა ვადა - დადგენილების გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 ივლისის #... გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მ. გ-ას მიერ წარდგენილი გაერთიანების შედეგად ერთიანდებოდა მიწის ნაკვეთები ... და ..., რომელთაგან ერთ-ერთზე (ს/კ ...) 2015 წლის 17 აგვისტოდან რეგისტრირებული იყო ყადაღა (რეგ. გადაწვეტილება #..., 17.08.2015წ.) კერძო აღმასრულებელ რ. პ-ის 13.08.2015წ. #A15063866-006-001 მიმართვის საფუძველზე, ხოლო მეორეზე (ს/კ ...) 28.03.2014 წლიდან რეგისტრირებული იყო იპოთეკა - იპოთეკარ ჯ. ა-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ (საფუძველი: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი: ..., დამოწმების თარიღი: 24.03.2014, ნოტარიუსი: მ. ჯ-ი). ამასთან, მ. გ-ას მთელ ქონებაზე 09.11.2017 წლიდან ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (საფუძველი: სსიპ შემოსავლების სამსახურის 09.11.2017 წლის #0113300 შეტყობინება). მ. გ-ას განემარტა, რომ წარსადგენი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტი და ყადაღის ინიციატორის თანხმობა წარმოდგენილ გაერთიანებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის - მ. გ-ას მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მ. გ-ა არ იმყოფებოდა სამშენებლო ობიექტზე მითითების გაცემის მომენტისათვის, რის გამოც მითითება განთავსდა სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. ამავდროულად ფოტომასალა ადასტურებდა, რომ მითითების სამშენებლო ობიექტზე განთავსებისას ადგილზე მიმდინარეობდა სამუშაოები და იქ იმყოფებოდა სხვა პირი. სასამართლოს შეექმა რწმენა, რომ ობიექტზე მყოფი სამშენებლო სამუშაოებს მესაკუთრესთან შეთანხმებით ახორციელებდა, შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია დამკვეთთან და ინფორმირებული უნდა ყოფილიყო მითითების გაცემისა და მისი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ, ამ კოდექსის 125-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ ვადებში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო უნებართვო მშენებლობა და იგი კანონიერად დაექვემდებარა დემონტაჟს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის საფუძველზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორი მითითება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მას საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად ჩაბარდა მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მ. გ-ასთვის მითითების ჩაბარების თაობაზე დასკვნა დაუსაბუთებლად, ვარაუდებზე დაყრდნობით გამოიტანა. კასატორის მითითებით, სასამართლო არასწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონით დადგენილი პროცედურის არსებითი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიტანა დასკვნა იმის თაობაზე, რომ მშენებლობა საწყის ეტაპზე იყო და მისი დემონტაჟის შესახებ აქტით ზიანი არ მიადგებოდა მოსარჩელის ინტერესს და საკუთრების უფლებას და ამავე დროს თავიდან იქნებოდა აცილებული მესამე პირისთვის უფრო მაღალი ხარისხით ზიანის მიყენების ფაქტი. კასატორი აღნიშნულ განმარტებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ იგი ემყარება მესამე პირის მითითებას იმის თაობაზე, რომ მიშენება ხორციელდება მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ სახლზე და მშენებლობის შედეგად მიწის ნაკვეთის თავისუფლად გამოყენება შეუძლებელი იქნება. კასატორი აღნიშნავს, რომ იპოთეკის უფლება ვრცელდება მიშენებაზეც და მესამე პირს ამ მიშენების განხორციელებით არანაირი ზიანი არ ადგება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის #1 დადგენილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები აზუსტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნებს და იგი განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს ამ მოთხოვნათა შესაბამისად. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა); დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა); ე) ლანდშაფტური მშენებლობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, რეკონსტრუქციად განიხილება შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულად არის მიჩნეული, რომ მ. გ-ას კუთვნილ და მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლზე მიშენება უნებართვოდ წარმოებდა.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მითითების გაცემის საკითხს აწესრიგებს ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომლის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. 124-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. აღნიშნული კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
საქმის გარემოებებიდან იკვეთება, რომ მ. გ-ას მიმართ მითითება გაიცა 2019 წლის 18 ივნისს, რომლითაც შეჩერდა მშენებლობა და მ. გ-ას მიეცა ათდღიანი ვადა მშენებლობის ნებართვის წარსადგენად, თუმცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 9 ივლისის #7 შემოწმების აქტით დადგენილია, რომ მ. გ-ას მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 18 ივნისის #7 მითითების პირობები არ იქნა შესრულებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე - 2019 წლის 18 ივნისის #7 მითითება, 2019 წლის 9 ივლისის სამართალდარღვევის ოქმი, 2019 წლის 9 ივლისის #7 შემოწმების აქტი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის #1 (საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ) და #2 (მ. გ-ას დაჯარიმების შესახებ) დადგენილებები განთავსებულ იქნა სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-ა არ იმყოფებოდა სამშენებლო ობიექტზე მითითების გაცემის მომენტისათვის, რის გამოც მითითება განთავსდა სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. სასამართლოს მითითებით, ფოტომასალა ადასტურებს, რომ მითითების სამშენებლო ობიექტზე განთავსებისას ადგილზე მიმდინარეობდა სამუშაოები და იქ იმყოფებოდა სხვა პირი (ფოტომასალაში ასახული მამაკაცი). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ობიექტზე მყოფი სამშენებლო სამუშაოებს მესაკუთრესთან შეთანხმებით ახორციელებდა, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდა კომუნიკაცია დამკვეთთან და ინფორმირებული უნდა ყოფილიყო მითითების გაცემისა და მისი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია მ. გ-ასთვის 2019 წლის 18 ივნისის #7 მითითების ჩაბარება. კასატორს კი არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაბარებია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 ივნისის #7 მითითება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის გამო უნებართვო მშენებლობა კანონიერად დაექვემდებარა დემონტაჟს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის საფუძველზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის #1 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი იქნებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. გ-ას საკასაციო საჩივარზე ა. ბ-ს 23.10.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. ბ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მ. გ-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ა. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. გ-ას საკასაციო საჩივარზე 23.10.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე