Facebook Twitter

საქმე #ბს-1068(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 15 იანვარს გ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, მას 2018 წლის 4 ოქტომბერს გარდაეცვალა დედა, რის შემდგომაც ითხოვა ვიზიტის განხორციელება ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ დემოგრაფიული ცვლილებების გამო. ვიზიტი განხორციელდა 2018 წლის 30 ოქტომბერს და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულამ აღნიშნული გადამოწმების შემდგომ შეადგინა 60220, რაც ითვალისწინებდა ფულად სოციალურ დახმარებას 30 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ 20 დეკემბერს კვლავ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი ვიზიტის განხორციელების მიზნით, იმ საფუძვლით, რომ მინიჭებული ქულა შეუსაბამო იყო მის მდგომარეობასთან, რაზეც მას ეთქვა უარი. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ იგი წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, იყო C ჰეპატიტის მატარებელი, მეორე ჯგუფის პენსიონერი და მიღებული ჰქონდა სხეულის მძიმე დაზიანებები ციხეში სასჯელის მოხდისას. მოსარჩელის მითითებით, მას პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნდა და სარეიტინგო ქულით განსაზღვრული სოციალური დახმარება - 30 ლარი, არ შეესაბამებოდა მის რეალურ ფინანსურ მდგომარეობასა და საჭიროებებს.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 დეკემბრის #04-14/8724 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც გადამოწმების შემდეგ ცვლილება შევიდოდა მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულაში და ვიზიტის ხელახალი განხორციელებისას რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდებოდა ახალი ქულის მინიჭება. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გაუცემელი თანხის ანაზღაურება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 დეკემბრის #04-14/8724 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2017 წლის 26 მაისიდან გ. დ-ის და მ. დ-ის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა სარეიტინგო ქულა 12130 და მათი შემწეობა განსაზღვრული იყო 60-60 ლარით. 2018 წლის 4 ოქტომბერს მ. დ-ი გარდაიცვალა, დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილების გამო მოსარჩელემ მიმართა სოციალურ სამსახურს და განმეორებითი შეფასების შემდგომ სარეიტინგო ქულა გახდა 60 220. 2018 წლის 26 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა გ. დ-მა და ითხოვა 2018 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილი დეკლარაციის გადახედვა, რათა სწორად მომხდარიყო სარეიტინგო ქულის მინიჭება, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 დეკემბრის #04-14/8724 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრისთვის მიმართვა მოსარჩელეს შეეძლო 2019 წლის 29 ნოემბრიდან. მას ასევე განემარტა, რომ ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლებოდა ოჯახის წევრთა რაოდენობა, ოჯახი შეიცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, ოჯახის წევრს დაუდგინდებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და მიიღებდა ლეგალურ შემოსავალს ან დაკარგავდა სამუშაოს.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა მოსარჩელის სარეიტინგო ქულის ცვლილების გამომწვევი მიზეზების შესახებ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხეს შეფასება არ მიუცია იმისთვის, მოახდენდა თუ არა გავლენას მოსარჩელის დედის გარდაცვალება სარეიტინგო ქულის შემცირება-გაზრდაზე. ამასთანავე, მოპასუხემ არ იმსჯელა გ. დ-ის 2018 წლის 20 დეკემბრის განცხადების საჩივრად მიჩნევისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სადავო საკითხის საჩივრის ფარგლებში განხილვის თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული განცხადების შინაარსი უკავშირდებოდა მოსარჩელის მიზანს - ოჯახის დეკლარაციიდან გამომდინარე სარეიტინგო ქულის მინიჭების საკითხზე ზემდგომი თანამდებობის პირის მხრიდან მსჯელობას და ქვემდგომი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საკითხს. კასატორი განმარტავს, რომ ოჯახის დეკლარაცია დამუშავდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკნომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების შესაბამისად და ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ვერ გაკეთდა ვერანაირი მითითება იმის თაობაზე, რომ დეკლარაციაში რაიმე მონაცემი არ იქნა ან არასათანადოდ იქნა ასახული. მოსარჩელე ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლამ არასწორად გამოიწვია სარეიტინგო ქულის შემცირება.

კასატორი მიუთითებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მსჯელობაზე, იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ წარადგინა მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დამადასტურებელი მტკიცებულება, რამაც სარეიტინგო ქულის ცვლილება გამოიწვია და აღნიშნავს, რომ ხსენებული ვარაუდი არის საარსებო შემწეობის დანიშვნის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლების არასწორი სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შესაბამის ბაზაში სწორად შეიტანოს ფაქტობრივი მონაცემები, რომლის შედეგად ქულას ითვლის სპეციალური პროგრამა, რათა გამორიცხული იყოს სუბიექტური მიდგომა და უზრუნველყოფილი იქნეს ობიექტური მიდგომის არსებობა განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა სარეიტინგო ქულის ცვლილებას.

ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, ვინაიდან სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი ტერიტორიული ერთეული ვერ ახდენდნენ გავლენას ქულაზე განმცხადებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების ცალკე შეფასებით.

კასატორი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია რაიმე გარემოება, ვინაიდან სარეიტინგო ქულა დგება იმ მონაცემების საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი პირი აწვდის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის შემდგომ ქულის დათვლა ხდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“.

კასატორი მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან კანონიერად და დასაბუთებულად გაეცა პასუხი განმცხადებელს, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ გაკეთებულა მითითება ისეთ გარემოებაზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ოჯახის დეკლარაციის კორექტირებისა და ქულის ხელახალი დათვლის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 დეკემბრის #04-14/8724 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად. ამავე წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად ოჯახის იდენტიფიკაციის, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დამადასტურებელი მტკიცებულება, რამაც სარეიტინგო ქულის გაზრდა გამოიწვია, ასევე მითითებას იმის თაობაზე, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს, ოჯახის დეკლარირება მოახდინოს როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ისე ამ ინფორმაციის საჯარო დაწესებულებებში გადამოწმების გზით. ამასთან, „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებასა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრას შორის არსებული დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, სააგენტო ვალდებულია, გადაამოწმოს უშუალოდ სარეიტინგო ქულის მინიჭების დროს არსებული ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული უკანასკნელი ინფორმაცია და სარეიტინგო ქულა გადამოწმების შედეგებზე დაყრდნობით განსაზღვროს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მოსარჩელის სარეიტინგო ქულის ცვლილების გამომწვევი მიზეზების შესახებ. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, მოპასუხეს კი არ შეუფასებია, მოახდენდა თუ არა გავლენას მოსარჩელის დედის გარდაცვალება სარეიტინგო ქულის შემცირება-გაზრდაზე. ამასთანავე, მოპასუხეს არ უმსჯელია გ. დ-ის 2018 წლის 20 დეკემბრის განცხადების საჩივრად მიჩნევისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სადავო საკითხის საჩივრის ფარგლებში განხილვის თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული განცხადების შინაარსი უკავშირდებოდა მოსარჩელის მიზანს - ოჯახის დეკლარაციიდან გამომდინარე სარეიტინგო ქულის მინიჭების საკითხზე ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ მსჯელობასა და ქვემდგომი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე