Facebook Twitter

საქმე #ბს-646(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 22 ოქტომბერს შპს „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...ოს“ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად რიგი პაციენტების სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა 2018 წლის 27 სექტემბრის #04/51601 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მოსარჩელის მითითებით, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის #04/51601 გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების ანაზღაურების და პაციენტის - დ. ო-ის შემთხვევის შესაბამისი ნაწილის ანაზღაურებაზე უარის ნაწილისა; ცხრილის თანახმად, სულ სადავო თანხა - 33 390.05 ლარი), ვინაიდან მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს სამედიცინო დაწესებულების კანონიერ უფლებას, მიიღოს ანაზღაურება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით განსაზღვრული წესით.

ამდენად, მოსარჩელემ „ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილების, ასევე, „შპს „...ოს“ 2018 წლის 20 ივნისის #863/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის #04/51601 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების ანაზღაურების და პაციენტის დ. ო-ის შემთხვევის შესაბამისი ნაწილის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილისა) და აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პაციენტების სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქმეში მოსარჩელე შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით საქმეში მოსარჩელე სს „ს...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ე...ის“ (სს „ს...ი“ - ...ოს“ უფლებამონაცვლის) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილება „„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის #04/51601 გადაწყვეტილება „შპს „...ოს“ 2018 წლის 20 ივნისის #863/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ (გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების ანაზღაურების და პაციენტ - დ. ო-ის შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) და პაციენტების: კ. ლ-ის, ნ. ჭ-ის, ნ. დ-ის, ო. რ-ის, დ. ჭ-ის, გ. მ-ის, გ. ო-ის, ქ. კ-ის, ნ. ი-ის, ს. ნ-ას, მ. გ-ის, ს. მ-ის, ა. ვ-ის, მ. ზ-ის, გ. ხ-ის, დ. ქ-ის სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა სრულად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი იყო სრულყოფილად, რაც არ იძლეოდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულ დანაწესებზე და განმარტავს, რომ მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. კასატორის მითითებით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ როდესაც მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას ანდა იგი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

კასატორი არ ეთანხმება სადავო სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი იყო უსაფუძვლო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო მოქმედი კანონმდელობის ფარგლებში და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილების, ასევე, „შპს „...ოს“ 2018 წლის 20 ივნისის #863/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის #04/51601 გადაწყვეტილების (გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების ანაზღაურებისა და პაციენტის დ. ო-ის შემთხვევის შესაბამისი ნაწილის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილის) კანონიერება და აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პაციენტების სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსება.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი კ. ლ-ე 2017 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „...ოში“ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: SUR3169643-/-M13.1-/- მონოართრიტი, რომელიც არ იყო შეტანილი სხვა რუბრიკებში. მონიტორინგის დროს მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული შემთხვევის მკურნალობის სრული ეპიზოდი არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ის კლინიკური ნიშნები, რაც ზემოაღნიშნულ პაციენტს ჰქონდა, საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, რასაც ადასტურებს საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ა(ა)იპ საქართველოს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის წევრის, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის - თ. კ-ის 2018 წლის 25 ნოემბრის რეცენზია, საიდანაც ირკვევა, რომ იგი გაეცნო წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელიც ეხება პაციენტ კ. ლ-ეს - სამედიცინო ბარათი #644. დიაგნოზი: მონოართრიტი დაუზუსტებელი. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტმა მიმართა კლინიკას ძლიერი ტკივილით მარჯვენა მენჯ-ბარძაყის არეში, მოძრაობის სრული შეზღუდვა, იძულებითი მდგომარეობა საწოლში. პრემორბიდული ფონი - მკურნალობდა მონოართრიტის დიაგნოზით, ჰქონდა ღებინება და აბდომინალგია 3 კვირით ადრე. ამავე რეცენზიის თანახმად, როგორც კლინიკური, ასევე ინსტრუმენტულ ლაბორატორიული მონაცემები ადასტურებს დიაგნოზს: მონოართრიტი დაუზუსტებელი. ჩატარებულია მკურნალობა აასს, სიმპტომური საშუალებები. EULAR, Printo-ს მოწოდებული პროტოკოლების მიხედვით, პაციენტი საჭიროებდა სტაციონარულ მეთვალყურეობას და მკურნალობას.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილებით, ინსპექტირების ეტაპზე პაციენტ ნ. ჭ-ის სამედიცინო შემთხვევა ჩაითვალა გეგმიურ თერაპიად და საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების, დანართი #1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დეფინიციას იძლევა „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას.

ამასთან, საყურადღებოა ა. ...ის სახ. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრის 2018 წლის 27 დეკემბრის #1909/11 წერილი, სადაც შეკითხვაზე: სჭირდებოდა თუ არა პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (სამედიცინო ბარათი #375), აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელია გამოირიცხოს ისეთი სერიოზული დაავადების არსებობა, როგორიცაა გენერალიზებული პოლირადიკულონევრიტი - გიენ ბარეს სინდრომი. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნული დაავადების საწყის ეტაპზე შესაძლოა ყველა კლინიკური ნიშანი არ იყოს გამოვლენილი, მაგ. ჯერ არ იყოს სახეზე არეფლექსია კიდურებში, ასევე დაავადების საწყის ეტაპზე - პირველი 1-2 დღის მანძილზე შესაძლოა ჯერ არ იყოს გამოხატული ემგ ტიპიური ცვლილებები. ამასთან, საჭიროა გატარდეს დიფდიაგნოზი კუნთების ანთებით დაავადებასთან, საჭიროა ასევე გამოირიცხოს სპინალური პათოლოგიაც. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პაციენტი საჭიროებდა სტაციონარულ მეთვალყურეობას და კვლევას. ზემოაღნიშნული დაავადებების არსებობის გამორიცხვის გარეშე/გიენ ბარეს სინდრომი, სპინალური პათოლოგია/ბავშვის ბინაზე გაშვება დაკავშირებული იყო გარკვეულ საშიშროებასთან. ამრიგად, ბავშვის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურეობა აუცილებელი იყო.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილებით, პაციენტი ნ. დ-ი 2017 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „...ოში“ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: INT0028-/-J96.0-/-I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. ინსპექტირების ეტაპზე, საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების დანართი #1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მოპასუხე უთითებს, რომ პაციენტს უტარდებოდა მეორე-მესამე დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ხოლო შეტყობინებათა სისტემაში დაფიქსირებულია და ასანაზღაურებლად წარდგენილია I დონის ინტენსიური მკურნალობა/ მოვლის ხარჯები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სახეზეა არა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, არამედ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, რომლის თანახმად, თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, აღნიშნული წარმოადგენს არა შემთხვევის დაფინანსებაზე უარის თქმის, არამედ ჯარიმის დაკისრების საფუძველს.

რაც შეეხება პაციენტ ო. რ-ს, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილების თანახმად, ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციით არ დადასტურდა პნევმონიის დიაგნოზი. შესაბამისად, არ ანაზღაურდა T900007/1 კოდი. საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს პერესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EBAP) ექსპერტის - ი. ჩ-ის 2018 წლის 29 ნოემბრის #1723/11 დასკვნაზე, სადაც შეკითხვებზე: „1. #319 (პაციენტი ო. რ-ი) სამედიცინო ბარათის თანახმად დასტურდება თუ არა დიაგნოზი პნევმონია (დაუზუსტებელი) და 2. რამდენად შესაძლებელია პაციენტთან, რომელთანაც სახეზეა 2 ან მეტი ნოზოლოგია, ეს ნოზოლოგიები წარმოადგენდნენ პარალელურად განვითარებულს და საჭიროებდეს დროის ერთ მონაკვეთში დამოუკიდებელ მკურნალობას?“, აღნიშნულია, რომ პაციენტმა სტაციონარს მიმართა 10 დღიანი ანამნეზით. დაავადება დაეწყო რინორეით, ხველით, ცხელებით. დაავადების დინამიკაში მდგომარეობა გაუარესდა, აღენიშნა აპნოე, ციანოზი, მიყვანილ იქნა ავერსის კლინიკაში, სადაც გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე და შემდეგ კატასტროფის მანქანით მიიყვანეს იაშვილის კლინიკაში. გამომგზავნი დაწესებულების დიაგნოზი იყო პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კონვულსიები ცხელების დროს. ანალოგიური დიაგნოზი დაისვა იაშვილის კლინიკაშიც: პნევმონია, გამომწვევის დაზუსტების გარეშე, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პნევმონიის დიაგნოზი დაისვა ანამნეზური, ობიექტური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. ყველა ზემოაღნიშნული ცვლილება, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო რეკომენდაციებით, სრულ შესაბამისობაშია დიაგნოზთან პნევმონია, დაუზუსტებელი (J18.9). ამავე წერილის თანახმად, სამივე ეს ნოზოლოგია(პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კონვულსიები ცხელების დროს) ერთი ძირითადი დაავადების(პნევმონია) სხვადასხვა სახის გართულებებს და გამოვლინებებს წარმოადგენს, ვითარდება პარალელურად და თითოეული მათგანი აუცილებლად საჭიროებს დროის ერთ მონაკვეთში დამოუკიდებელ მკურნალობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პაციენტ ო. რ-ის სამედიცინო შემთხვევა ექვემდებარებოდა სრულად ანაზღაურებას.

პაციენტ დ. ჭ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილების თანახმად, დ. ჭ-ე 2017 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „...ოში“ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: T900007/1-/- პნევმონია-/-გამოყენებული ICD10 კოდი-/- D50.8-/-სხვა რკინადეფიციტური ანემიები, ნაცვლად-/- J18,9-/-პნევმონიისა, INT0041/1, INT0050/1-/- D50.8-/-I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა T900007/1 კოდი საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს პერესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EBAP) ექსპერტის - ი. ჩ-ის 2018 წლის 29 ნოემბრის #1723/11 დასკვნაზე, სადაც შეკითხვებზე: „1. #21251 (პაციენტი დ. ჭ-ე) სამედიცინო ბარათის თანახმად დასტურდება თუ არა დიაგნოზი პნევმონია (დაუზუსტებელი) და 2. რამდენად შესაძლებელია პაციენტთან, რომელთანაც სახეზეა 2 ან მეტი ნოზოლოგია, ეს ნოზოლოგიები წარმოადგენდნენ პარალელურად განვითარებულს და საჭიროებდეს დროის ერთ მონაკვეთში დამოუკიდებელ მკურნალობას?“, აღნიშნულია, რომ პაციენტმა სტაციონარს მიმართა 7-დღიანი ანამნეზით. დაავადება დაეწყო ცხელებით (40-მდე), რინორეით, ხველით, მუცლის ტკივილით, საერთო სისუსტით. ობიექტურად აღინიშნა რეტრაქცია, აუსკულტაციით ლოკალური კრეპიტაცია; ლაბორატორიულად ფორმულის მარცხნივ გადახრა და ედს-ის აჩქარება; რენტგენოლოგიურად ლოკალური კონსოლიდაცია. ყველა ზემოაღნიშნული ცვლილება, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო რეკომენდაციებით, სრულ შესაბამისობაშია დიაგნოზთან პნევმონია, დაუზუსტებელი (J18.9). სისხლის საერთო ანალიზში გამოიკვეთა ანემია, რის გამოც ასევე დაისვა დიაგნოზი „სხვა რკინადეფიციტური ანემიები“ (კონსულტირებულია ჰემატოლოგის მიერ). ანამნეზიდან უცნობია, ჰქონდა თუ არა პაციენტს ადრე ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ როგორც პნევმონია, ისე ანემია, ამ პაციენტთან დიაგნოსცირდა ერთი ჰოსპიტალიზაციის ფარგლებში და ორივე ნამდვილად საჭიროებდა დროის ერთ მონაკვეთში დამოუკიდებელ მკურნალობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული სამედიცინო შემთხვევაც ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

რაც შეეხება პაციენტების - გ. მ-ის, გ. ო-ის, ქ. კ-ის, ნ. ი-ის, ს. ნ-ას, მ. გ-ის, ს. მ-ის, ა. ვ-ის, მ. ზ-ის, გ. ხ-ის, დ. ქ-ის სამედიცინო შემთხვევებს, აღნიშნულ პაციენტებთან მიმართებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 მაისის #04/30445 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მიმწოდებლის მიერ კონკრეტულ პროგრამულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯები მოთხოვნილია დამატებითი ნოზოლოგიური კოდის ხარჯზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა კოდის არასწორად დაფიქსირება, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 18 აგვისტოს #04-241/ო ბრძანებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესით“ პროგრამული შემთხვევა განიმარტება, როგორც ერთეული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ფარგლებში დაფიქსირებული დიაგნოზი, ჩარევა (ჩარევები) და დაზუსტება. ამავე ბრძანების თანახმად, შემთხვევა არის პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობის ეპიზოდი სამედიცინო მომსახურების დაწყების მომენტიდან მის დასრულებამდე, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე პროგრამულ შემთხვევას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემთხვევის ფარგლებში დააფიქსიროს რამდენიმე პროგრამული შემთხვევა, რაც არ შეიძლება წარმოადგენდეს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.

ამასთან, დადგენილია, რომ ასოციაცია - ბავშვთა ქირურგები ჯანმრთელი მომავლისთვის 2018 წლის 22 ნოემბრის #1697 წერილით დგინდება, რომ შპს „...ოს“ მისი მომართვის პასუხად ეცნობა, რომ პაციენტ გ. მ-ის (სამედიცინო ბარათი #1327) დიაგნოზი - ანო-რექტული აბსცესი (K61.2) სრულიად მართებულია და შეესაბამება პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ოპერაციული მკურნალობა (აბსცესის გახსნა დრენირება) ჩატარებულია დროულად, დიაგნოზისა და ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, ა(ა)იპ საქართველოს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის წევრის, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის - თ. კ-ის 2018 წლის 25 ნოემბრის რეცენზიიდანაც ირკვევა, რომ იგი გაეცნო წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელიც ეხება პაციენტ დ. ქ-ის სამედიცინო შემთხვევას - სამედიცინო ბარათი #551. დიაგნოზი: პნევმონია, დაუზუსტებელი, ნეკროზული ვასკულოპათია დაუზუსტებელი. ანამნეზიდან ირკვევა, რომ ავადაა 3 დღეა ცხელებით, ოტიტის გამო მკურნალობდა ბინაზე აუგმენტინით, გამოიხატა პეტექტიური გამონაყარი კიდურებზე სიმეტრიულად. კლინიკური (ტაქიპნოე, ქოშინი, კრეპიტაცია), ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მონაცემები ადასტურებს პნევმონიის არსებობას. პარალელურად გამოხატულია ნეკროზული ვასკულოპათიის კლინიკა. აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს რთულ კლინიკურ შემთხვევას, 2 ნოზოლოგიის (პნევმონია, ვასკულოპათია) თანაარსებობას, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა ორივე მიმართულებით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ზემოაღნიშნული პაციენტების მართვა მიმდინარეობდა საერთაშორისო პროტოკოლების სრული დაცვით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით კი, ყველა სამედიცინო შემთხვევა ექვემდებარებოდა სრულად ანაზღაურებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 14.08.2020წ. #26732 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს კი 20.10.2020წ. #03449 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟი - 1369.50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70 პროცენტი - 210 ლარი, ხოლო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1369.50 ლარის) 70 პროცენტი - 958.65 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.08.2020წ. #26732 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.10.2020წ. #03449 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1369.50 ლარის 70 პროცენტი - 958.65 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე