Facebook Twitter

საქმე #ბს-1086(2კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ზ...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 8 მაისს ი. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ზ...ის“ მიმართ.

მოსარჩელემ შპს „ზ...ისა“ და სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრების მონაცემებთან ზედდების დაფიქსირების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მესაკუთრეებისთვის შესწორებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების წარდგენის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2001 წლის 1 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ც. ა-ასგან შეიძინა ქ. ზუგდიდში, ...ას ქ.N ...-ში მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 969 კვ.მ, საიდანაც არასასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული 729 კვ.მ ფართი დაურეგისტრირა მის შვილს - რუსუდან წულაიას, დარჩენილი დაუზუსტებელი 240 კვ.მ ფართი კი, დარჩა დაურეგისტრირებელი. 2015 წლის 10 ივლისის #1/1-2635 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #391 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 16.06.2015წ. #04-1941, გუბერნატორის ადმინისტრაციის 03.06.2015წ. #01/1295 წერილებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის 24.06.2015წ. #52613 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცა მარცხენა სანაპიროს ქ. #8-ში მდებარე 1693 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაშიც, მოსარჩელის მითითებით, მოექცა ი. ა-ას სახელზე არსებული მიწის 240 კვ.მ ნაკვეთი, რომელიც ზედდებაში მოდის შპს „ზ...ისა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.

რაც შეეხება ქ. ზუგდიდიში, ...ას ქ.N ...-ში მცხოვრებ ჯ. ჭ-ას მიწის ნაკვეთს, სარჩელის თანახმად, ის მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან ზედდებაში მოდის მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასწორი ნახაზის წარდგენის გამო, რის შესწორებასაც ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თუმცა ჯ. ჭ-ა არ ასრულებს მის მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს ევალებათ საზღვრების შესწორება, ხოლო ჯ. ჭ-ას - შესწორებული ნახაზის წარდგენა, რის შემდგომაც მოხდება ზედდების მოხსნა და მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით ი. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „ზ...მა“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, ი. ა-ას მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის მონაცემები დაუზუსტებელი იყო 21.09.2015 წლამდე. მონაცემების დაზუსტებამდე ან მისი დაზუსტების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, კერძო დავა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან ი. ა-ას არ უწარმოებია, შესაბამისად, დავის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად, მან დაკარგა მიწის ნაკვეთის დაზუსტების შედეგად დაფიქსირებულ და უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებულ ფართობთან დაფიქსირებულ სხვაობასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების მოთხოვნის უფლება.

კასატორის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, მერიისათვის ქონების გადაცემის მომენტისათვის, #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად, არ ფიქსირდებოდა ზედდება. ამასთან, მოცემულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით არავის წარუდგენია პრეტენზია. კასატორის მითითებით, მოსარჩელე სადავო ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლად მიუთითებს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას. უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ შეიძლება მდებარეობდეს სადავო მიწის ნაკვეთზე.

კასატორი - შპს „ზ...ი“ დამატებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ ჰქონდა დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა მისი ინტერესების საწინააღმდეგო რეგისტრაციის აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, უკანონოა სასამართლოს მითითება მოთხოვნის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ზ...ის“ საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ზ...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2001 წლის 1 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. ა-ამ ც. ა-ასაგან შეიძინა ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 131 კვ.მ (საცხოვრებელი ფართი - 100 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი - 31 კვ.მ) განლაგებული 969 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იმავე დღეს დაუზუსტებელი მონაცემებით ი. ა-ამ დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში.

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2015 წლის 21 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით ი. ა-ას 2015 წლის 1 სექტემბრის განცხადება დაკმაყოფილდა და მის მიერვე წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, ი. ა-ას საკუთრებაში დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა 729 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2015 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ აჩუქა თავის ქალიშვილს - რუსუდან წულაიას.

2018 წლის 20 აპრილს ი. ა-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების დროს კი, დადგინდა, რომ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო მონაცემებით არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან. შესაბამისად, აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 26 აპრილს მიიღო #... სადავო გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ა-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოსთხოვა 30 კალენდარული დღის ვადაში კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა.

საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 აპრილს #... გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მოსარჩელის რეალურ ინტერესს წარმოადგენს მის სახელზე საკუთრების უფლებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რომელიც, მისი თვალსაზრისით, შეადგენდა მის მიერ შეძენილი უძრავი ნივთის შემადგენელ ნაწილს და არასწორი რეგისტრაციით კანონსაწინააღმდეგოდ მოექცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და შპს „ზ...ის“ საკუთრებაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 21 ივლისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 ივლისის #1/1-2635 ბრძანების საფუძველზე, სსიპ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება (ს/კ #...), მდებარე: ქ. ზუგდიდი, ... ...ს ქ. N... ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 1693.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი - ...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - #1, განაშენიანების ფართი - 163.27 კვ.მ, #2 - 37.26 კვ.მ, #3 - 126.22 კვ.მ, #4 - 209.48 კვ.მ, #5 - 32.5 კვ.მ, #7 - 45.72 კვ.მ, #8 - 72.46 კვ.მ.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 თებერვალს #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრე სახელმწიფოსთან ერთად გახდა შპს „ზ...ი“. კერძოდ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ აღრიცხული დარჩა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ხოლო მოცემულ მიწის ნაკვეთზე განაშენებულ შენობა-ნაგებობათა მესაკუთრედ კი - შპს „ზ...ი“. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 ივლისის #2/2635 ბრძანება, ზუგდიდის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის შენობა-ნაგებობათა აღრიცხვა-დახასიათება #9/1, დამოწმების თარიღი: 08.12.1999წ., ზუგდიდის მერიის 1997 წლის 10 ივლისის #157 განკარგულება.

ი. ა-ას მითითებით, რადგან მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ზ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მისი უფლება მოპასუხის მიერ დაირღვა სწორედ მოცემულ რეგისტრაციათა განხორციელების დროს, არ იქნა რა გათვალისწინებული მისი უძრავი ნივთის საკადასტრო რუკის მონაცემები, რისი გათვალისწინებაც ააცილებდა პრობლემის შექმნას, ზედდების გამორიცხვის თვალსაზრისით.

ამდენად, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესია ზემოხსენებული რეგისტრაციების ნაწილობრივ, გადაფარვის კოორდინატების ფარგლებში, გაუქმება, რაც მოცემული სახით იქნა განმარტებული სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დავის განმხილველ სასამართლოს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილი დავების სპეციფიური ხასიათიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიის და დაჩქარების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის რეალური იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო დახმარება აღმოეჩინა მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაზუსტებაში. შესაბამისად, პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო მიზანი, საბოლოო ინტერესი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაუბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე მიიჩნია ი. ა-ას საკუთრების უფლების არარსებობა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, რომ არ გამოუკვლევია, ასეთთან მიმართებით, საქმეში წარმოდგენილი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები. აღნიშნულის საკმარის საფუძვლად არასწორად მიიჩნია მხოლოდ კორექტირებული ნახაზის წარდგენის გზით 729 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს მოსარჩელის სახელზე განხორციელებული პირველადი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა იდენტურობა, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და შპს „ზ...ის“ რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, რის შედეგადაც, მათ უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ზ...ის“ საკასაციო საჩივარზე გიორგი კანკიას 28.09.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ზ...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ზ...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება;

3. შპს „ზ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გიორგი კანკიას მიერ 28.09.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე