Facebook Twitter

#ბს-1053(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 6 თებერვალს უ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის MIA 7 18 01319982 წერილობითი პასუხის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის უ. გ-ისთვის წელთა ნამსახურობის დადასტურების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, 1983 წლის 28 სექტემბრიდან 2004 წლის 25 ივნისამდე უ. გ-ი მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სპეციალური წოდებით - „...ი“. შესაბამისად, 2004 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, მისმა ნამსახურობის წლებმა შეადგინა 20 წელი, 2 თვე და 25 დღე, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის MIA7 18 01319982 წერილით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის განხილვაზე, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილებით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით უ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის MIA 7 18 01319982 აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში, ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2004 წლის 8 ივნისის დასკვნას, სადაც ცალსახად დასტურდება, რომ უ. გ-ი არაჯეროვნად და დაუდევრად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. კასატორის მითითებით, უ. გ-ი სწორედ აღნიშნული ფაქტის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. გარდა ამისა, მხარეს არ გაუსაჩივრებია და სადავოდ არ გაუხდია სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება. მოსარჩელეს სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგინების გადაგზავნაზე უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის 1.2 მუხლის საფუძველზე.

კასატორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ უ. გ-ი ხელმეორედ დასაქმდა სამოქალაქო შტატით სასაზღვრო პოლიციაში, არ ცვლის იმ გარემოებას, რომ იგი 2004 წელს სამსახურიდან დათხოვნილ იქნა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ამასთან, იგი იყო სამოქალაქო და არა სამხედრო პირი, შესაბამისად, ვერ ექცევა ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის MIA 7 18 01319982 წერილობითი პასუხის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის უ. გ-ისთვის წელთა ნამსახურობის დადასტურების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. ხოლო ამავე მუხლის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ...ი უ. გ-ი ნამდვილად მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში 1983 წლის 28 სექტემბრიდან 2004 წლის 25 ივნისამდე. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2004 წლის 1 ივლისის #503 პ/შ ბრძანებით დათხოვნილია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2004 წლის 25 ივნისიდან „...ის“ ჩინით და მისი წელთა ნამსახურობა ხელფასზე პროცენტული დანამატის მისაღებად 2004 წლის 25 ივნისისათვის შეადგენს 20 წელს, 2 თვესა და 25 დღეს. ამდენად, მოსარჩელე ნამსახურობის წლებთან მიმართებით, აკმაყოფილებს კანონის აუცილებელ მოთხოვნას. თუმცა, მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის მსჯელობაზე უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.2 მუხლისა (ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო) და იმის გათვალისწინებით, რომ უ. გ-ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან რიგით და ოფიცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე 2009 წლიდან კვლავ იქნა დასაქმებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსოს 2009 წლის 18 მაისის #935პ/შ ბრძანებით დაინიშნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის #6 სამმართველოს (ბარისახო) უზრუნველყოფის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. მოსარჩელის ნამსახურობის სიის შესაბამისად კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 13 მარტის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების განკარგულებაში. ამასთან, იგი დათხოვნილ იქნა პოლიციიდან 2015 წლის 23 აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2009 წლიდან უ. გ-ი კვლავ დასაქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ მას სასამართლო წესით სადავოდ არ გაუხდია 2004 წელს დათხოვნის კანონიერება, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოხდა მისი ერთგვარი რეაბილიტაცია და მან გამოხატა ნება, კვლავ აეყვანა სამსახურში მოსარჩელე, მიუხედავად წარსულში ჩადენილი ქმედებისა. ამასთან, საყურადღებოა, რომ საბოლოოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნა მოხდა 2015 წელს პირადი განცხადების საფუძველზე, რომლის შედეგადაც მოსარჩელე აყვანილ იქნა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კადრების განკარგულებაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი, ისე უთხრა უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გაუთვალისწინებია ზემოაღნიშნული ფაქტები, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია 2009-2015 წლებში შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსარჩელის დანიშვნისა და გათავისუფლების ბრძანებების შინაარსის გათვალისწინებით, რა ფუნქციებს ასრულებდა მოსარჩელე, რამდენად წარმოადგენდა მისი საქმიანობა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის აუცილებელ საქმიანობის სახეს, რასთან დაკავშირებითაც გასათვალისწინებელია, რომ პირადი საქმის მიხედვით, მოსარჩელე ხელახლა იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის #6 სამმართველოს (ბარისახო) უზრუნველყოფის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით 2015 წელს დათხოვნილია პოლიციიდან და გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე და აყვანილი სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმარღთველო) კადრების სამმართვვლოს განკარგულებაში. თავად მოსარჩელის განმარტებით, 2009-2015 წლებში იგი დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა სახელმწიფო საზღვარზე და სხვა თანამშრომლების მსგავსად, ჰქონდა წვდომა იარაღზე. მოსარჩელის ასეთი უფლება-მოვალეობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი, ნამსახურობის წლების გაანგარიშება ასევე უნდა შეეხოს აღნიშნულ პერიოდსაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე