Facebook Twitter

საქმე #ბს-778(2კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ისა“ და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 6 ივნისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის #18 შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის 2017 წლის 27 აპრილს მიღებული ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) და 2017 წლის 27 აპრილის #2017/9 საოქმო გადაწყვეტილების (შპს „...ის“ 2017 წლის 26 იანვრის #17-003-73(8552) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინებით მოსარჩელე შპს „...ის“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

საბოლოოდ, მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების თანახმად, თეთრიწყაროში, ...ის ქუჩაზე არსებულ შპს „...ის“ კლინიკაში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის #18 აქტის იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელიც ძალაში დარჩა და სრულად გაბათილებული არ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის 2017 წლის 27 აპრილს მიღებული ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ #2017/9 საოქმო გადაწყვეტილებით. ამასთან, მოსარჩელემ შპს „...ის“ 2017 წლის 26 იანვრის #17-003-73 (8552) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 აპრილს მიღებული #2017/9 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 8 მაისის #04/29217 წერილის იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელემ ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების თანახმად, თეთრიწყარო, ...ის ქუჩა, შპს „...ის“ კლინიკაში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების 2016 წლის 19 დეკემბრის #18 აქტი და 2017 წლის 8 მაისის #04/29217 საოქმო გადაწყვეტილება 2016 წლის 19 დეკემბრის #18 აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 70-ე, 162-ე, 180-ე და 182-ე შემთხვევების ნაწილში; შპს „...ის“ სარჩელი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების თანახმად თეთრიწყარო, ...ის ქუჩა, შპს „...ის“ კლინიკაში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების 2016 წლის 19 დეკემბრის #18 აქტის მე-5 პუნქტის მე-5 ნაწილის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების თანახმად, თეთრიწყარო ...ის ქუჩა შპს „...ის“ კლინიკაში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების 2016 წლის 19 დეკემბრის #18 აქტი, საჩივრის განმხილველი კომისიის 2017 წლის 27 აპრილს მიღებული ადმინისტრაციული ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ #2017/9 საოქმო გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 8 მაისის #04/29217 წერილი; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმინობის რეგულირების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს „...ისა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - შპს „...ი“ მიუთითებს თითოეულ სადავო სამედიცინო შემთხვევაზე და განმარტავს, სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობები საკმარისი იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობისათვის, რომელ ნაწილშიც სასამართლომ დამატებითი კვლევებისათვის აქტის გამომცემ ორგანოს საკითხის ხელახლა განხილვა დაავალა.

კასატორის განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას. მეტიც, მოსარჩელეს წარდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას.

კასატორი ასევე ყურადღება ამახვილებს სადავო შემოწმების აქტის სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტზე და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს „სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის #83 დადგენილების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით, კერძოდ, სსიპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წერილით დგინდება, რომ პაციენტის დასხივების დოზის განსაზღვრის უზრუნველყოფაზე კონტროლი არის აღნიშნული უწყების კომპეტენცია. ამდენად, კასატორი საჯარიმო სანქციას უსაფუძვლოდ მიჩნევს.

კასატორის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) განმარტებით, შერჩევითი შემოწმების შედეგად დადგინდა, შემთხვევები, სადაც:

ა) მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელთან წარმოდგენილი, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციით „კალკულაციით“ მოთხოვნილი - რენტგენოლოგიური დასკვნის, ულტრაბგერიტი გამოკვლევის, სისხლის და შარდის საერთო ანალიზების ჩატარების თარიღები არ შეესაბამება პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პერიოდებს ან არ არის სამედიცინო ისტორიებში, აგრეთვე, კვლევები გაფორმებულია არასათანადოდ, თარიღის, ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე და არ არის აღრიცხვული შესაბამის ჟურნალში.

ბ) სამედიცინო შემთხვევები წარმოდგენილია 2 (ორი) ამბოლატორიული კოდის კომბინაციით, რაც შემმოწმებლის აზრით, კლინიკას უნდა წარმოედგინა მხოლოდ 1 (ერთი) ნოზოლოგიური კოდით („ტკივილი გულმკერდის არეში წარმოადგენს ჰიპერტონული კრიზის შემადგენელ ნაწილს“).

კასატორის განმარტებით, პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ანალიზით, ცალსახაა, რომ „სინამდვილეში“, რასაც უნდა ასახავდეს შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია, მოიაზრება არა მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ, ზოგადად სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები და ფაქტობრივად არსებული მდგომარეობა. თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გადმოცემული ერთ-ერთი ნოზოლოგიური კოდი თავის თავში მოიცავს ამავე პაციენტზე გადმოცემული მეორე ნოზოლოგიური კოდის მდგომარეობებს (მაგ.: ტკივილი გულმკერდში უკავშირდება ორგანოთა სისტემების მხრივ ჰიპერტენზიის სპეციფიკურ გართულებებს), ფაქტია, რომ შემთხვევის შესახებ გადმოცემული ინფორმაცია არ ასახავს სინამდვილეს, კერძოდ, ადგილი არ აქვს ცალკე კოდით განსაზღვრულ მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას, რამდენადაც ერთ-ერთი კოდი უკვე მოიცავს ასეთ მდგომარეობას, მასთან დაკავშირებულ აუცილებელ მომსახურებებს და შესაბამის ღირებულებას.

კასატორი ასევე განმარტავს, რომ პროგრამის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარდგენილი ტარიფი ითვალისწინებს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. კასატორის მითითებით, პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკვე ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია, თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.

გ) კასატორის მითითებით, სადავო აქტის 70-ე მუხლში მოყვანილია ელექტრონულად და სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტის კლინიკაში შესვლა-გაწერის პერიოდის ცდომილების შემთხვევა, სადაც ასევე შეუსაბამობაშია ინფორმაცია შემთხვევის გამოსავლის შესახებ, კერძოდ, ელექტრონულად გადმოცემულია პაციენტის რეფერალი სხვა კლინიკაში, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციით ფიქსირდება, რომ ვერ მოხერხდა რეფერალი და პაციენტი კლინიკიდან გაეწერა გაუმჯობესებულ მდგომარეობაში. გაწერის დღესვე, იგივე პაციენტი თვითდინებით შესულია სხვა კლინიკაში.

კასატორის განმარტებით, სადავო აქტის 72-ე მუხლით წარმოდგენილია შემთხვევა, სადაც გარდა იმისა, რომ სამედიცინო ისტორიაში არ არის რენტგენოლოგიური დასკვნა და მე-2 დონის ტრავმატოლოგიური დახმარების შემთხვევა დახურულია გამოჯანმრთელებით, მეორე დღესვე, პაციენტი იმავე დიაგნოზით შესულია სხვა კლინიკაში. შემმოწმებელს შემთხვევის კვალიფიცირებისას გამოყენებული აქვს პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ (თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით), „ბ“ (თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსანურება), „ზ“ (თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს) ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით).

კასატორის განმარტებით, მოცემულ და სხვა მსგავს შემთხვევებში შეუძლებელია, გამოირიცხოს შემთხვევის შესახებ მონაცემების ან/და დოკუმენტაციის სინამდვილესთან შეუსაბამობა, მათ შორის, თუნდაც შემთხვევის გამოსავლის (გამოჯანმრთელება) ჩვენების გამო.

დ) სადავო აქტის 180-ე შეთხვევაში საუბარია ელექტრონულად გადმოცემული ინფორმაციის სამედიცინო ისტორიაში მითითებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაზე, კერძოდ, გადმოცემულია მე-4 დონის ქირურგიული მომსახურეობა, ხოლო ისტორიის თანახმად, დაიგნოზია - მარცხნივ, სახის არეში კანქვეშ შემავალი ჭრილობა. კასატორის განმარტებით, პროგრამის დანართი #1.2 (გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები), პირველი პუნქტის, 1.8 ქვეპუნქტის თანახმად, მე-4 დონის ქირურგიული დახმარება არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე), ხოლო განსხილველ შემთხვევაში ადგილი აქვს ერთ ჭრილობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ისა“ და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების თანახმად, თეთრიწყარო, ...ის ქუჩა, შპს „...ის“ კლინიკაში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის #18 აქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც ძალაში დარჩა და სრულად გაბათილებული არ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის 2017 წლის 27 აპრილს მიღებული ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ #2017/9 საოქმო გადაწყვეტილებით. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს შპს „...ის“ 2017 წლის 26 იანვრის #17-003-73 (8552) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 აპრილს მიღებული #2017/9 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 8 მაისის #04/29217 წერილის ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა შპს „...ის“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევითი შერჩევითი შემოწმების #18 აქტი. შემოწმება ჩატარებულია 2014 წლის 1 ივლისიდან დაფიქსირებულ შემთხვევებზე.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას წარმოადგენს შპს „...ის“ თეთრიწყაროს სამედიცინო ცენტრის მხრიდან გაწეული სადავო სამედიცინო მომსახურების, #36 დადგენილების დანართი #1-ის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით წარმოება. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების „1“ დანართის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, ანაზღაურებული თანხა ექვემდებარება სრულად უკან დაბრუნებას, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით.

#70 შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, შემთხვევის პერიოდად მითითებულია 17.12.2014, 01:06 - 17.12.2014, 12:45 საათები და იგი ემთხვევა ელექტრონულ მოდულში გადაცემულ ინფორმაციას. მაკონტორლებელი ორგანოს მიერ კი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რატომ, რა მიზეზით მოხვდა აღნიშნული პაციენტი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში და ეს გამოწვეული იყო თუ არა მოსარჩელე მხარის ბრალეულობით.

#162 შემთხვევაში კალკულაციით მოთხოვნილი იყო ეკგ. თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ეკგ ჩაკრულია ისტორიაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის გამოყენების საფუძველი.

#180 შემთხვევასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის მიერ განმარტებულ იქნა, რომ იმისათვის, რომ ჭრილობა იყოს მე-4 დონის ქირურგიული დახმარების შესაბამისი, სახეზე უნდა იყოს ჭრილობები და არა მხოლოდ ერთი ჭრილობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული ზემოხსენებული მოსაზრება, რადგან თავად სადავო აქტშია მითითებული, რომ დიაგნოზია - მარცხნივ სახის არეში კანქვეშ შემავალი ჭრილობა. #36 დადგენილების დანართი #1.2-ის 1.8 პუნქტის თანახმად, IV დონის ქირურგიული დახმარება არის სახის არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე). აღნიშნული დიაგნოზი სპეციალურია სახის არეში არსებულ ჭრილობასთან მიმართებით, რაც წარმოადგენდა ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

#182 შემთხვევასთან მიმართებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ პაციენტი კლინიკაში მიყვანილ იქნა სასაწაფო სამედიცონო დახმარებისა და პოლიციის თანხლებით. აღნიშნულ პაციენტს აღმოუჩნდა მხოლოდ გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება, (ი/ვ დიმედროლი, რელანიუმი) და სანებართვო პირობების გათვალისწინებით, კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილ იქნა სპეციალიზირებულ კლინიკაში, რომელიც ახორციელებს ფსიქიატრიულ დაავადებათა სტაციონარულ პროგრამას, ხოლო შეტყობინების რეგისტრაციის მოდულში გადაცემული რეფერალი მოხდა ხელოვნული კოდით. რაც შეეხება დიაგნოზს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ის დასმული არ ყოფილა სამედიცინო დაწესებულების მიერ, უბრალოდ მოხდა ინფორმაციის მითითება პაციენტის მშობლის განმარტებით. სამედიცინო დაწესებულების მიერ არ მომხდარა რაიმე სახის დარღვევა, რადგან ხელოვნული კოდის მითითების გარეშე პაციენტს ვერ გადაიყვანდნენ შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. დადგენილია, რომ რეფერალი მხოლოდ იმ კოდით ხდება, რომლითაც განახორციელა მოსარჩელემ, ვინაიდან თავად ვერ გაუწევდნენ საჭირო სამედიცინო დახმარებას შესაბამისი სერვისის არქონის გამო, რაც რეფერალის აუცილებლობაზე მიუთითებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ აქტის 70-ე, 162-ე, 180-ე და 182-ე შემთხვევებზე სახდელის დადება განხორციელდა კანონის მოთხოვნების დარღვევით, რაც წარმოადგენდა გასაჩივრებული აქტის ამ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტში 1-37-ე, 78-ე, 82-ე, 84-94-ე, 96-ე, მე-100, 103-ე, 105-ე-108-ე, 110-ე, 111-ე, 116-ე-128-ე, 130-ე-156-ე, 159-ე-163-ე, 166-ე-170-ე, 180-ე-182-ე, 186-ე-190-ე შემთხვევებთან მიმართებით, აღნიშნულია, რომ #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, ანაზღაურებული თანხა ექვემდებარება სრულად უკან დაბრუნებას, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით.

ამავე აქტის 38-ე-62-ე, 70-ე, 74-ე შემთხვევებში, მითითებულია, რომ #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა ექვემდებარება სრულად უკან დაბრუნებას, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10 %-ის ოდენობით.

ამასთან, სადავო აქტის 72-ე-77-ე, 79-ე-81-ე, 83-ე, 95-ე, 97-ე-99-ე, 101-ე, 102-ე, 104-ე, 109-ე, 112- ე-115-ე, 129-ე, 157-ე, 158-ე, 164-ე შემთხვევებში, განმარტებულია, რომ #36 დადგენილება აღნიშნული ტიპის მომსახურებაზე გულისხმობს რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებას, რისი ჩატარებაც პაციენტის სამედიცინო ისტორიით არ დასტურდება, შესაბამისად, ამავე დადგენილებაშის #1 დანართის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, ანაზღაურებული თანხა ექვემდებარება სრულად უკან დაბრუნებას, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობით.

ზემოხსენებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დარღვევების პრობლემატიკა გამოიხატება იმაში, რომ რიგ შემთხვევებში, ჩატარებული კვლევის (Ro, სსა, ეკგ, შსა და ა.შ.) თარიღი სამედიცინო ისტორიაში არ შეესაბამება შემთხვევის პერიოდს, სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებულ კვლევას, ან შესაბამისი დასკვნები ისტორიაში არ დევს, ან ანაზღაურება მოთხოვნილია დიაგნოზის ორი კოდის კომბინაციით, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო ანაზღაურება მხოლოდ ერთი კოდის ფარგლებში, დიაგნოზის კოდი არასწორადაა გადაცემული, სამედიცინო დაწესებულების მიერ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მაკონტროლებლის მიერ სხვადასხვა შემთხვევებში გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სახდელები, მაგრამ შესაბამისი გამოკვლევის და შეფასების გარეშე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ სადავო შემთხვევებში მოქალაქეებს ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები, რის შესახებაც მითითებულია თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიაში და ექიმის მიერ გაცემულია შესაბამისი დანიშნულება. ასევე, სადავო არ გამხდარა სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის საკითხი. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ შემთხვევის შესახებ მონაცემები და დოკუმენტაცია ასახავს სინამდვილეს, რაც არ წარმოადგენს #36 დადგენილების დანართი #1-ის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დარღვევას.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სადავოა ორი კოდის ანაზღაურების მოთხოვნა, მაკონტროლებლის მიერ გამოკვლეული და მითითებული არ არის რომელი კოდი უნდა ყოფილიყო მითითებული, რომელი დაავადებაა ძირითადი და რომელი რომელს მოიცავს. მის მიერ უპირობოდ არის მოთხოვნილი ანაზღაურებული თანხის სრულად დაბრუნება, შესაბამისი სახდელის დაკისრებით, მაშინ, როდესაც სათანადო გამოკვლევის პირობებში უნდა მომხდარიყო იმ დამატებით მოთხოვნილი მომსახურების ღირებულების დაბრუნება და არა ჩატარებული მომსახურების სრული თანხის დაბრუნება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ასევე სათანადოდ არ არის გამოკვლეული ის შემთხვევები, როდესაც პაციენტებმა განმეორებით მიმართეს სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. მათ მიერ შეფასებული არ არის კონკრეტული ფაქტობრივი მდგომარეობები, პაციენტის სხვა დაწესებულებაში მისვლა გამოწვეული იყო თუ არა თეთრიწყაროს სამედიცინო დაწესებულების ბრალეული ქმედებით. ამასთან, სრულად არ არის გამოკვლეული და სწორი სამართლებრივი შეფასება არ აქვს მიცემული შემთხვევებს, როდესაც სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული დროები არ შეესაბემება შემთხვევის პერიოდებს.

საკასაციო პალატა ასევე „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის #108/ნ ბრძანების დანაწესების მხედველობაში მიღებით იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით გამოყენებულია პროგრამის განმახორციელებლის მიერ გადახდილი თანხების უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმა. თითოეულ სადავო შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა #IV-100/ა, სადაც ყველგან არის მითითებული, რომ პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, აღნიშნული სამედიცინო ცნობები გადაეცათ პაციენტებს. საქმის მასალებიდან ვერ დგინდება რაიმე სახის პრეტენზია, რომ რომელიმე პაციენტს არ ჩაუტარდა დოკუმენტაციაში მითითებული კვლევა, რაც დაადასტურებდა, რომ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან იმ გარემოების დადასტურდებულად მიჩნევას, რომ თითოეულ პაციენტს ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება, ხოლო სამედიცინო ისტორიებში არსებული გარემოება, რომ ავადმყოფობის ისტორიას არ ერთვის შესაბამისი დასკვნა, დოკუმენტაციაში არსებული დრო არ შეესაბამება შემთხვევის პერიოდს, მიუთითებს არა იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, არამედ მხოლოდ იმაზე, რომ ადგილი აქვს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის შემოწმების აქტის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია #41/ნ ბრძანების მე-10 თავის (მოსახლეობისა და პაციენტების რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჰიგიენური მოთხოვნები) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, ექიმი-რენტგენოლოგი (ან რენტგენოლაბორანტი) ვალდებულია, რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ მოახდინოს პაციენტის ინდივიდუალური ეფექტური დოზის მნიშვნელობის რეგისტრაცია დოზური დატვირთვის აღრიცხვის ფურცელში (ფურცელი უნდა იყოს დაწებებული ამბულატორიული ავადმყოფის შესაბამისი ფორმის ინდივიდუალურ ბარათში), ან ბავშვის განვითარების ისტორიაში და რენტგენოლოგიური გამოკვლევების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალში. ავადმყოფის სტაციონარიდან გამოწერის შემთხვევაში ან სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დოზური დატვირთვის მნიშვნელობები შეაქვთ ამონაწერში. შემდეგში დოზები გადააქვთ ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო რუკის (ბავშვის განვითარების ისტორიის), დოზური დატვირთვის ფურცელში. დოზური დატვირთვის განსაზღვრა ხდება დამტკიცებული მეთოდების, გაზომვების შესრულების მეთოდიკებისა და გამზომი საშუალებების ტიპების გამოყენებით და ტექნიკური რეგლამენტის - „სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის #83 დადგენილების მე-10 თავის (მოსახლეობისა და პაციენტების რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის მიხედვით, ექიმი-რენტგენოლოგი (ან რენტგენოლაბორანტი) ვალდებულია რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ მოახდინოს პაციენტის ინდივიდუალური ეფექტური დოზის მნიშვნელობის რეგისტრაცია დოზური დატვირთვის აღრიცხვის ფურცელში (ფურცელი უნდა იყოს დაწებებული ამბულატორიული ავადმყოფის შესაბამისი ფორმის ინდივიდუალურ ბარათში), ან ბავშვის განვითარების ისტორიაში და რენტგენოლოგიური გამოკვლევების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალში. ავადმყოფის სტაციონარიდან გამოწერის შემთხვევაში ან სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, დოზური დატვირთვის მნიშვნელობები შეაქვთ ამონაწერში. შემდეგში დოზები გადააქვთ ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო რუკის (ბავშვის განვითარების ისტორიის), დოზური დატვირთვის ფურცელში. დოზური დატვირთვის განსაზღვრა ხდება დამტკიცებული მეთოდების, გაზომვების შესრულების მეთოდიკებისა და გამზომი საშუალებების ტიპების გამოყენებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დარღვევა გამოიკვეთა 39 შემთხვევაში, სადაც ხსენებული ქმედება განხორციელებული არ არის, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 2017 წლის 16 მაისის #859 წერილით დასტურდება, რომ სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის #237 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო სანებართვო პირობების დარღვევისა და არა ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება“, ხოლო სხვა რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობას, წარმოდგენილი არ არის. გარდა ამისა, ამ ნაწილში შემოწმების აქტი ემყარება #83 დადგენილებას, რომელიც მოქმედებდა 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემოწმებული შემთხვევები 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდს ეხება. ამიტომ მოსარჩელის მითითება ზემოხსენებული სამართლებრივი აქტის გამოყენებაზე დაუსაბუთებელია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ (ს/კ ...) 24.06.2020წ. #1592995473 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 30.10.2020წ. #1604052600 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟი - 1328.50 ლარის ოდენობით, ჯამში - 1628.50 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1139.95 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს) საკასაციო საჩივარზე 26.10.2020წ. #04420 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 09.12.2020წ. #08046 საგადახდო მოთხოვნით - 1328.50 ლარის ოდენობით, ჯამში - 1628.50 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1139.95 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ისა“ და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.06.2020წ. #1592995473 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 30.10.2020წ. #1604052600 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1328.50 ლარის, ჯამში - 1628.50 ლარის 70 პროცენტი - 1139.95 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.10.2020წ. #04420 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 09.12.2020წ. #08046 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1328.50 ლარის, ჯამში - 1628.50 ლარის 70 პროცენტი - 1139.95 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე