საქმე #ბს-875(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 18 დეკემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 26 ოქტომბერს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის #SP181020646/508937 ბრძანებით მოსარჩელეს დაეკისრა 3272 ლარის გადახდა შპს „ე...ს“ სასარგებლოდ. შეტყობინება გაიგზავნა შპს „...ის“ იურიდიულ მისამართზე, თუმცა შეცდომით ჩაბარდა იმავე მისამართზე მდებარე სხვა იურიდიული პირის (შპს „...“ (ს/ნ ...)) თანამშრომელს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გადახდის ბრძანება ოფიციალურად არ ჩაბარებია.
ამდენად, მოსარჩელემ „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის #SP181020646/508937 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ე...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული შპს „...ის“ წინააღმდეგ 2018 წლის 14 ნოემბრის #SP181020646/508937 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე მიმდინარე #A18175047 სააღსრულებო წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის #SP181020646/508937 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2018 წლის 18 ოქტომბერს შპს „ე...მ“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარუდგინა საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, დამატებითი დოკუმენტაცია და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - შპს „...ის“ მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - შპს „ე...ს“ მოთხოვნა რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 3272 ლარს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურმა 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ შპს „...ს“ განესაზღვრა 10 კალენდარული დღე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის. მითითებული შეტყობინება რესპონდენტს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, დ. ...ის ქ.N..., თუმცა შეტყობინება ადრესატს ვერ ჩაბარდა. აღნიშნული შეტყობინება შპს „...ს“ ასევე გაეგზავნა მისამართზე: თბილისი, ...ოს რაიონი, ...ი #16. საქმეში წარმოდგენილი შპს „ს...ის“ დასტურის თანახმად, გზავნილი 2018 წლის 29 ოქტომბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, მენეჯერს - ნ. შ-ას. კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 14 ნოემბერს გამოსცა #SP181020646/508937 ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ შპს „...ს“ დაეკისრა დავალიანების გადახდა 3272 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებში არსებულ ამონაწერებზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ შპს „...ი“ (ს/კ ..., დირექტორი: ო. ქ-ე) და შპს „...“ (ს/კ ..., გენერალური დირექტორი: დ. გ-ა) წარმოადგენენ ერთი და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებულ, სხვადასხვა იურიდიულ პირებს. ამასთან, ნ. შ-ამ განმარტა, რომ იგი მუშაობს ოფის მენეჯერად, შპს „ვ...აში“, რომლის დირექტორია დ. გ-ა. ნ. შ-ას მითითებით, მის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა ს. ე-ას მითითებით, რომელიც შპს „ვ...ის“ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა ნ. შ-ას დანიშვნამდე. ნ. შ-ას განმარტებით, მან ჩაბარებული გზავნილი გადასცა ს. ე-ას, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნულ გზავნილს გადასცემდა ადრესატ ორგანიზაციას, თუმცა აღნიშნული გადაცემის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი დოკუმენტი მოწმეს არ გააჩნია. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 28 ივნისის #21-11/70572 წერილის თანახმად, ნ. შ-ას (პ/ნ ...) 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შპს „...იდან“ (ს/ნ ...) მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინება შპს „...ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს არ ჩაბარებია და ობიექტურად ადრესატისათვის უცნობი იყო მის მიმართ აღსრულების ბიუროში წარმოებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენდა გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ადრესატის სათანადო წესით ინფორმირების მცდელობის ფაქტი, რაც პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა არასათანადო ადრესატისათვის ამ შეტყობინების ჩაბარების გამო. შესაბამისად, საამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრესტისათვის კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ობიექტურად არ ან ვერ ჩაბარება არ შეიძლებოდა გამხდარიყო შპს „...ის“ კანონიერი ინტერესის ან/და უფლების არამართლზომიერი შეზღუდვის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ...ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ...ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
კასატორის მითითებით, შეტყობინება „გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ“ შეიცავს ყველა იმ უფლება-მოვალეობათა დეტალურ განმარტებას, რაც აქვს რესპონდენტს გამარტივებული წარმოების ფარგლებში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რესპონდენტს უფლება აქვს განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას. გამარტივებული წარმოების პროცედურა მოითხოვს კანონით გათვალისწინებული ეტაპების გავლას, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რესპოდენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის დავალიანების არსებობის თაობაზე პროტესტის წარდგენას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს გადახდის ბრძანების გამოცემას და იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარებას.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ერთადერთი ვალდებულება, რომელიც კანონმდებელმა რესპონდენტს დაუწესა, არის ის, რომ რესპონდენტი ვალდებულია, მის მიმართ დაწყებულ გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით პოზიცია წარმოადგინოს წერილობითი ფორმით, კანონით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში.
კასატორი მიიჩნევს, რომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში რესპოდენტისთვის შეტყობინების გაგზავნისას გამოყენებულ იქნა სწორი საკომუნიკაციო მისამართი - რეგისტრაციის მისამართი. მისამართზე მისულ ფოსტის მუშაკს დამხვედრმა პირმა განუცხადა საკუთარი ვინაობა, დაკავებული თანამდებობა და ჩაიბარა შპს „...ისთვის“ განკუთვნილი კორესპონდენცია. კასატორი აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის მიერ საკუთარი რეგისტრაციის მისამართის განსაზღვრა იმავდროულად გულისხმობს მის პასუხისმგებლობას და რისკს, რომ მისი საქმიანობის სივრცეში დამხვედრი პირები, წარმოადგენენ მასთან კავშირში მყოფ პირებს.
კასატორის მითითებით, წინა ინსტანციების სასამართლოს მიერ განვითარებული სამართლებრივი ლოგიკის გაზიარებისას, შეიქმნება რეალობა, როდესაც ორგანიზაციისათვის განკუთვნილი კორესპონდენციის თანამშრომლის მიერ ჩაბარების შემთხვევაში, ნორმის გამომყენებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ადრესატსა და ჩამბარებელ პირს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დასადასტურებლად. ეს კი კასატორის მოსაზრებით, იგივეა, დაწესდეს ვალდებულება, რომ ადრესატის ნაცვლად მის ოჯახის წევრზე ჩაბარების შემთხვევაში ნათესაური კავშირის დადგენის მიზნით განხორციელდეს მოკვლევა, მიუხედავად იმისა, რომ მისამართზე დამხვედრი პირი ადასტურებს ადრესატთან ცხოვრების ფაქტსა და ნათესაურ კავშირს, რის გამოც თანხმობას აცხადებს კანონისმიერი ვალდებულ შესარულებაზე - კორესპონდენცია გადასცეს ადრესატს. შესაბამისად, სასამართლომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დააკისრა იმაზე მეტი ვალდებულება, რაც კანონით არის დადგენილი.
კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტზე, 919 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, დგინდება, რომ გამარტივებული წარმოება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სადავოდ ქცეული ბრძანების გაუქმების, კანონით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის #SP181020646/508937 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს რესპონდენტის ვალდებულებას შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება, განაცხადოს წერილობითი პროტესტი ან განახორციელოს ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტი დამატებით განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ერთი და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული ორი იურიდიული პირი, რომელთა სრული სახელწოდებები მსგავსების მიუხედავად, განსხვავებულია ერთმანეთისგან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადრესატსა და ჩამბარებელ პირს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დასადასტურებელი ყოველგვარი დოკუმენტის თუ ინფორმაციის გარეშე, სათანადოდ დაკვირვების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო დოკუმენტის ადრესატთან (მის წარმომადგენელთან) ჩაბარება. რაც შეეხება ნ. შ-ას მიერ, ს. ე-ას დავალების შესაბამისად, ადრესატისთვის შემდგომი გადაცემის მიზნით დოკუმენტის გადაცემას, ვინაიდან სახეზეა ორი სხვადასხვა იურიდიული პირი, შპს „ვ...აში“ დასაქმებული პირი არ იყო უფლებამოსილი ჩაებარებინა შპს „...ისთვის“ განკუთვნილი კორესპონდენცია. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ იკვეთება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინების შპს „...ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელისთვის ჩაბარების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შპს „...ისთვის“ უცნობი იყო აღსრულების ბიუროში მის მიმართ წარმოებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული კი, წარმოადგენს გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ადრესატის სათანადო წესით ინფორმირების მცდელობის ფაქტი, რაც პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა არასათანადო ადრესატისათვის ამ შეტყობინების ჩაბარების გამო. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრესტისათვის კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ობიექტურად არ ან ვერ ჩაბარება არ შეიძლება გახდეს შპს „...ის“ კანონიერი ინტერესის ან/და უფლების არამართლზომიერი შეზღუდვის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს „...ის“ მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურულ დარღვევას და ამ დარღვევის გათვალისწინებით, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 26.03.2020წ. #04384 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.03.2020წ. #04384 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე