საქმე #ბს-1073(2კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 13 ივნისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ...ის ქუჩაზე გვირაბული მეთოდით ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ნაწილში სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის #QN1511365 გადაწყვეტილების #2 დანართის მე-8 პუნქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის #489 ბრძანების, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის მოწყობის ნაწილში სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის #QN1490993 გადაწყვეტილების #2 დანართის მე-10 პუნქტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის #491 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის #QN1511365 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის“ წერილობითი მოთხოვნა და გაიცა თანხმობა ქ. თბილისში, ...ას და ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრონული მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებისათვის, #1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, #2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით და #3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აღნიშნული #2 დანართის მე-8 პუნქტის თანახმად, დადგინდა პროექტით და სააგენტოს გადაწყვეტილების #1 დანართში განსაზღვრულ მონაკვეთში ქსელის მოწყობის განხორციელება გვირაბული მეთოდით. სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქუჩის გადაკვეთა შესაძლებელია მოხდეს გვირაბული მეთოდით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. მითითებული ნორმებიდან ცხადია, რომ კანონის თანახმად, გვირაბული მეთოდით ქსელის მოწყობა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ქუჩის გადაკვეთისას და არა მთლიან სამუშაო მონაკვეთზე. განსახილველ შემთხვევაში, საერთო სიგრძე შეადგენდა 336 მეტრს და ტექნიკურადაც შეუძლებელი იყო გვირაბული მეთოდით სამუშაოების ჩატარება, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულზე განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (გვირაბული მეთოდით ქსელის მოწყობა მთელ სიგრძეზე), კანონის თანახმად დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით, ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დასაბუთების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომლითაც არსებითაც შეილახა სს „...ის“ ინტერესი და ზიანი მიადგა მას. აღნიშნული იმაში გამოიხატა, რომ ხაზობრივი ნაგებობის მთელ სიგრძეზე გვირაბული მეთოდით განთავსებისას, გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ ხარჯს, რასაც გასწევდა კომპანია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოები შესრულდებოდა ხელით თხრილის გათხრით, როგორც ეს გათვალისწინებული იყო კანონით. სადავო აქტი გასაჩივრებულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის #489 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის #QN1490993 გადაწყვეტილების #2 დანართის მე-10 პუნქტი, ქ. თბილისში, ...ის ქ. #8-ის მიმდებარედ მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში. ბათილად ცნობილ ნაწილში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი ბათილად ცნობის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის #491 ბრძანება სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სს „...ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 29 მარტს სს „...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა თბილისში, ...ის ქ. #8-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.04.2017წ. #QN1490993 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის“ მოთხოვნა და მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქ. #8-ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, #1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, #2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, #3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ 4.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს ქუჩის გვირაბული მეთოდით გადაკვეთის პირობით, ხოლო 4.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხმობის გაცემისას შეზღუდვას/პირობას შეიძლება წარმოადგენდეს ტროტუარის აღდგენა თხრილის ფარგლებში და ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეემოწმებინა ქ. თბილისში, ...ის ქ. #8-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგებისათვის საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს „...ისათვის“ შესაბამისი თანხმობის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა გასაჩივრებული აქტი არ შეიცავდა დასაბუთებას, რამ გამოიწვია სს „...ისათვის“ კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #19-75 დადგენილების მე-3, მე-4 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის მიზნით, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც მან ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქონების მართვის სააგენტოს, კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებისას მან საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით განსაზღვრა ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონის შესაბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები, ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, მოცემულ შემთხვევაში, მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება იმგვარად, რომ ტროტუარი აღდგენილიყო არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ მთლიანად.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქონების მართვის სააგენტომ, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის პროექტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მითითებული საპროექტო ვარიანტის საფუძველზე შეზღუდვით/პირობით ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება მიზანშეწონილი იყო. ამავდროულად, კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცულია საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა, რამდენადაც ქონების მართვის სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული დანაწესი გამომდინარეობს არსებული ფაქტობრივი გარემოებით - საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს დაუზიანებელი ასფალტის საფარს და ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემდგომ მისი თხრილის ფარგლებში აღდგენა მიზანშეუწონელია.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხაზობრივი ნაგებობების განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, თანხმობის გაცემის შემთხვევაში, პირობებისა და შეზღუდვების განხილვა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია კანონმდებლობის მოთხოვნები, დაუსაბუთებლად არ შეუზღუდავს პირის კანონიერი ინტერესი, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-3-მე-5 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებელების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სააგენტომ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ისე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.
კასატორი მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას.
კასატორი ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად, ასევე საჯარო ინტერესის გათვალისწინება. კასატორი მიუთითებს, რომ #QN1490993 გადაწვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტრესები. კერძოდ - ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის ნაკლები ზიანის მიყენება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოქალაქეებისთვის გადაადგილების ნორმალური პირობების შექმნა. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა დამატებით სხვა პირობის დადგენა, რომლის მიღების მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარი იყო კარგ მდგომარეობაში და მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტოში ყოველდღიურად შედის სს „...ის“ და სხვა პირების განცხადებები, რომლებითაც ითხოვენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტრორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას და პირობად მოთხოვნილია ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში. სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას. რაც შეეხება ახალმოწყობილ და დაუზიანებელ ტერიტორიას, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მოითხოვა სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები. სხვა დანარჩენ შემთხევაში, სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ავრცელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ სტანდარტულ პირობას - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული 2017 წლის 3 აპრილის #QN1490993 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრისა და 28 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის #QN1490993 გადაწყვეტილების #2 დანართის მე-10 პუნქტის (ქ. თბილისში, ...ის ქ. #8-ის მიმდებარედ, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში) და სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის #491 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მარტს სს „...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა თბილისში, ...ის ქ. #8-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის #QN1490993 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის“ მოთხოვნა და მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქ. #8-ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, #1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, #2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, #3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ...ის განყოფილების ...ო ჯგუფის წამყვანი ინჟინერის - ნ. შ-ის 2017 წლის 1 ივნისის #0601/205 წერილის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის #QN1490993 გადაწყვეტილებისთვის, ...ის ქ. #8-ში მდებარე კომერციული ფართის ელ. მომარაგებისთვის 100.85 სიგრძეზე ტროტუარზე 55 კვ.მ ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას წარმოადგენდა 1738.02 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით 100.85 კვ.მ ტროტუარის მთლიან ფართზე 125.34 კვ.მ ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4383.87 ლარს დღგ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენდა 2645.85 ლარს. 2018 წლის 17 იანვარს სს „...ის“ წარმომადგენელმა #20/01180172842-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის #QN1490993 გადაწყვეტილების დანართი #2-ის მე-10 პუნქტის ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის #491 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხმობის გაცემისას შეზღუდვას/პირობას შეიძლება წარმოადგენდეს ტროტუარის აღდგენა თხრილის ფარგლებში და ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეემოწმებინა ქ. თბილისში, ...ის ქ. #8-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგებისათვის საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს „...ისათვის“ შესაბამისი თანხმობის მიცემის შესაძლებლობა. ამ პირობებში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, რამ გამოიწვია სს „...ისათვის“ კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა). სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს კანონისაგან განსხვავებული პირობა, რომ არ დაუსაბუთებია, რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება. ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია, გამოიწვევდა თუ არა პირობის დაწესება სს „...ის“ კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, მისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებას. სააგენტომ სს „...ს“ კანონისაგან განსხვავებული პირობა დაუწესა აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთების გარეშე. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება შესაბამისობაში არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მოთხოვნებთან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება მოხდა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, გამოიწვევდა თუ არა დადგენილი პირობა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარემ მიუთითა, რომ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობისათვის გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ ხარჯს, რაც გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომამარაგებისათვის საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის გაცემისას, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის #QN1490993 გადაწყვეტილების #2 დანართის მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ. თბილისში, ...ის ქ. #8-ის მიმდებარედ, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის მოწყობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის #QN1490993 გადაწყვეტილება, ასევე სახეზეა აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის #491 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.12.2020წ. #03370 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.12.2020წ. #03370 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე