საქმე #ბს-1094(2კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 28 ივნისს ა. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 დეკემბრის #001908 დადგენილებისა და ა. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 3 ოქტომბრის #1-2136 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მას 2007 წლამდე უნებართვოდ დაწყებული ჰქონდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. საბუთების მოუწესრიგებლობის გამო, 2010 წელს ზედამხედვლობის სამსახურის მიერ მოსარჩელის მიმართ დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელე თანამშრომლობდა არქიტექტურის სამსახურთან, რის შედეგადაც, მოსარჩელის მიერ მოწესრიგებულ იქნა დოკუმენტაცია, შესრულებულ იქნა სამსახურის ყველა მითითება და საბოლოოდ, არქტიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლეგალიზების დეპარტამენტის განყოფილების უფროსის 2011 წლის 1 სექტემბრის #525 ბრძანებით ლეგალიზებულ იქნა (შესაბამისად, ექსპლუატაციაში იქნა მიღებული) ქ. თბილისში, ...ის ჩიხი, #12-ში (ს/კ ...) მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის მითითებით, მოცემული საფუძვლით ზედამხედველობის სამსახურმა შეწყვიტა დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ხოლო 2017 წელს კვლავ განაახლა იმ საფუძლით, თითქოს ნაგებობა არ შეესაბამებოდა ლეგალიზებული შენობა-ნაგებობის პროექტს. მოსარჩელის განმარტებით, რეალურად, ლეგალიზაციის შემდეგ, საცხოვრებელ შენობა-ნაგებობასა და ფასადზე მის მიერ არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, გარდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისა. შესაბამისად, მოსარჩელე არ ეთანხმება გასაჩვრებულ დადგენილებას და ითხოვს მის ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 3 ოქტომბრის 1-2136 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 დეკემბრის #001908 დადგენილება და მასვე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათების 2011 წლის 1 სექტემბრის #525 ბრძანებით შეთანხმებულ ლეგალიზების პროექტთან შედარების შედეგად, დადგენილად მიიჩნევს შენობაზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტის არსებობას. ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ მოცემულ სამუშაოებს ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა/წერილობითი დასტური. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული მოცემული სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელ შესაბამისი დოკუმენტაცია, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მიუთითებს ნაწარმოები მშენებლობის უნებართვო ხასიათზე.
კასატორისთვის გაუგებარია, როგორ უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის არსებობა-არარსებობის ფაქტი და ახალი აქტის გამოცემის პირობებში, რა მეთოდიკით უნდა გამოიკვლიოს 2011 წლის მდგომარეობით ექსპლუატაციაში მიღებულ შენობაზე განხორციელებული მშენებლობის კანონიერების საკითხი, თუ ფოტომასალაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება არ არის სარწმუნო.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა/წერილობითი დასტური. მოსარჩელის მიერ კი, ვერ იქნა წარდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული მოცემული სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელ შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მიუთითებს ნაწარმოები მშენებლობის უნებართვო ხასიათზე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ცალსახაა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ობიექტის ცვლილებების ფაქტი მისი ლეგალიზების შემდეგ.
ამასთან, კასატორი არამართებულად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას გაბარიტების ცვლილებასა და ობიექტის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე გადაცდომასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო ეყრდნობა მხარის ახსნა-განმარტებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს მიღებულ იქნა #001908 დადგენილება, რომლითაც ა. ჯ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ... ჩიხი, #12-ში (ს/კ #...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (გაზრდილია შენობის გაბარიტი, ფასადზე კარ-ფანჯრებს ნაწილობრივ მონაცვლებული აქვთ ადგილმდებარეობა და შეცვლილია მათი ვიზუალი; დამატებულია წყალშემკრები და საჰაერო მილები; ზოგიერთ ფანჯარაზე მოწყობილია ლითონის ცხაურები; შეცვლილია სახურავის კონფიგურაცია და აგრეთვე მასზე დამატებულია ფანჯარა; ე-ე ღერძზე შეცვლილია კედლის ფორმა; 2-2 და ა-ა ღერძების კვეთასთან აივნებს შეცვლილი აქვს ფორმა; მე-2 სართულზე ბ-ბ ღერძთან, 2-3 მონაკვეთში მოწყობილია საფეხური; შენობა ნაწილობრივ ცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის, როგორც სახელმწიფო ტერიტორიაზე, ასევე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე). ამავე დადგენილებით მასვე დაევალა შენობის ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 სექტემბრის #525 ბრძანებით შეთანხმებულ ლეგალიზების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 3 ოქტომბრის #1-2136 ბრძანებით ა. ჯ-ის 2017 წლის 6 იანვრის #19/0117006748-10 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 დეკემბრის #001908 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა - 10 000 ლარი შემცირდა 8 000 ლარამდე; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 დეკემბრის #001908 დადგენილების მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ... ჩიხი, #12-ში არსებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა შენობის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 სექტემბრის #525 ბრძანებით შეთანხმებულ ლეგალიზების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა სახელმწიფო ტერიტორიასა და #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მისი 18 სმ-ითა და 27 სმ-ით გადასვლის გამო, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 დეკემბრის #001908 დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 სექტემბრის #525 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა. ჯ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ჩიხი, #12-ში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი. ამავე ბრძანებით განმცხადებელს განემარტა, რომ ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავდა ობიექტის ან მისი ნაწილის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ა. ჯ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ლეგალიზებულ იქნა და მისი ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა სწორედ იმ სახით, რა სახითაც იგი იმ მომენტისთვის არსებობდა, რადგან ივარაუდება, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემისას სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ აქტის გამოცემა განხორციელდა „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის #660 ბრძანებულების შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე, ვინაიდან მოცემული წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მოთხოვნებისა). შესაბამისი ორგანო ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ობიექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობას. ის ობიექტი, რომელიც არ შეესაბამება განაშენიანების ნებადართულ სახეობებს, აგრეთვე ქალაქთმშენებლობით და მოცულობითსივრცით მოთხოვნებს, იძენს შეუსაბამო უძრავი ობიექტების სტატუსს და მის მიმართ მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვები.
შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, მნიშვნელოვანია დადგინდეს, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 სექტემბრის #525 ბრძანებით შენობის ლეგალიზებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, განხორციელდა თუ არა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვარზე 50 სმ-ით შენობის გადასვლა, ადგილი ჰქონდა თუ არა ისეთი სამუშაოების განხორციელებას, რამაც გამოიწვია შენობის გაბარიტების გაზრდა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა 2011 წლის 25 აგვისტოს შემდეგ განხორციელებული სამშენებლო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად (სახურავის კონფიგურაციის ცვლილება, კედლის და აივნის ფორმის ცვლილება) შენობის გაბარიტების ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით დასტურდება (2010 წლის აეროგადაღება), რომ ა. ჯ-ის სახლის სახურავი სწორედ იგივე კონფიგურაციით არსებობდა ლეგალიზების დროს და ლეგალიზების აქტის გამოცემის შემდეგ მისი ცვლილება არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის დაჯარიმება მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) შენობის 50 სმ-ით გადასვლის გამო, ვინაიდან 2011 წლის 1 სექტემბრის #525 ბრძანების გამოცემისას სსიპ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი იყო #... და #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სიტუაციური ნახაზები, საკადასტრო გეგმები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და ისე განხორციელდა შენობის ლეგალიზაცია. შესაბამისად, ის გარემოება, რომ 2010-2011 წლებში სხვა აპარატურით ხორციელდებოდა აზომვა და 2016-2017 წლებში აზომვა მოხდა ახალი აპარატურის მეშვეობით, რამაც გამოიწვია მითითებული დარღვევის გამოვლენა არ უნდა იწვევდეს მესაკუთრის სამართალდამრღვევად ცნობას და ამ პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან, საყურადღებოა სსიპ არქიტექტურის სამსახურიდან მოწვეული სპეციალისტის განმარტება, რომლის თანახმად, ლეგალიზების დროისთვის შენობა საკადასტრო საზღვრებში იყო მოქცეული.
რაც შეეხება კედლის ფორმისა და აივნების ცვლილებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა ადმინისტრაციული ორგანოს ის განმარტება, რომლის მიხედვითაც, შენობის გაბარიტების ცვლილება დადგენილ იქნა მითითების შედგენის დროს არსებული მდგომარეობისა და სალეგალიზაციოდ წარდგენილი პროექტის ურთიერთშედარების საფუძველზე (ისე, რომ არ მომხდარა ადგილზე გასვლა და შესაბამისი დასკვნის შედგენა). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ არქიტექტურის სამსახურმა 2011 წლის 1 სექტემბრის #525 ბრძანების გამოცემისას პროექტთან ერთად იხელმძღვანელა ობიექტის ფოტოსურათებით (პანორამული ხედებით, ყველა ფასადის ჩვენებით, შორი და ახლა მანძილებიდან გადაღებული ფოტო, ქაღალდზე დაბეჭდილი), ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ფოტოსურათებზე არსებული მდგომარეობა და ისე ემსჯელა ცვლილებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე