Facebook Twitter

საქმე #ბს-581(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 30 ივლისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული აქტებით სამედიცინო ცენტრს ჯარიმის სახით დაეკისრა 220 500 ლარი. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მოპასუხე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-19 მუხლის 22-ე პუნქტზე. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ შპს „...მა“ დაარღვია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, არ ფიქსირდება მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია. დაკისრებულ საჯარიმო სანქციას მოსარჩელე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ აქტი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #04/24515 და 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და შპს „...ის“ 2018 წლის 15 მაისის #1109/1 და 2018 წლის 5 ივლისის #1582/1 ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის #04/41169 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #04/24515, 2018 წლის 20 ივნისის #4/35794 და 2018 წლის 18 ივლისის #04/41169 გადაწყვეტილებების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #04/24515 და 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ 2018 წლის 15 მაისის #1109/1 და 2018 წლის 5 ივლისის #1582/1 ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის #04/41169 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე საქმეში თანამოპასუხედ განისაზღვრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #04/24515 და 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #04/24515 და 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარღვეული იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მატერიალური საფუძვლები, კერძოდ, აქტები გამოცემული იყო არასწორი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შესაბამისად, სახეზე იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #04/24515 და 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები, რაც ქმნიდა შპს „...ის“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საჯარიმო სანქციის დაკისრებისაგან თავის არიდების მიზნით, მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის #180 დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, ამ დადგენილების პირველი მუხლით „პროგრამაში“ შეტანილი ზოგიერთი ცვლილების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

კასატორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის #180 დადგენილებაზე, რომლითაც „პროგრამაში“ შეტანილ იქნა ცვლილებები. კერძოდ, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, ახალი რედაქციის მქონე ნორმების მოქმედება გავრცელდა მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე. კასატორის განმარტებით, სხვა მიზანი ან/და დანიშნულება ამ ნორმების დროში მოქმედებას არ გააჩნია და შეუძლებელიც არის მისთვის რაიმე დამატებითი უკუძალის მინიჭება. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ახალი რედაქციის 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელებით, 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა არც გაუქმებულა და არც ძალადაკარგულად გამოცხადებულა.

ამასთან, კასატორის განმარტებით, მართალია, მხარეთა შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამის ველში არ არის დაფიქსირებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორციის პროცენტი, რისი განსაზღვრაც და ხელშეკრულებაში დაფიქსირებაც თავად მიმწოდებლის პრეროგატივა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მან იკისრა ვალდებულება საკეისრო კვეთების ზოგადად შემცირებაზე. ამასთან, ხელშეკრულების დანართ #2-ში მითითებულია საანგარიშო წლის (2017 წელი) წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარეთა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი, რაც შეადგენდა 58%-ს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კი „მიმწოდებელმა“ არა თუ შეამცირა მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით საკეისრო კვეთების რაოდენობა, არამედ გაზარდა და საბოლოო ჯამში, მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან საკეისრო კვეთებმა შეადგინა 62%. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ცალსახად მეტყველებს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში საკეისრო კვეთების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი მითითებული არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #04/24515 და 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 აქტებისა და შპს „...ის“ 2018 წლის 15 მაისის #1109/1 და 2018 წლის 5 ივლისის #1582/1 ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის #04/41169 გადაწყვეტილების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 თებერვალს ერთი მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მეორე მხრივ, შპს „...ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დადგენილების“ #1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“, #1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.დ“ და მეორე პუნქტის „გ.დ“, #1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1 პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2017 წლის პირველი მარტიდან. ამავე ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, ხოლო ხელშეკრულების 5.2 პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%- 35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ამავე ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად კი, პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილიდან და 51% ნაკლებ შემთხვევაში მაჩვენებელი არ დგინდება; 51% და მეტის შემთხვევაში კი აღნიშნული განისაზღვრებოდა სერვისის მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების 5.4.1 პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით და მის შესასრულებლად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიეღო ყველა პროგრამული და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, მათ შორის, რეფერალის შემთხვევა, ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, თუ იგი წარმოადგენს III დონის პერინატალური სერვისების მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების მე-11 პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველ მარტამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის #102 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დადგენილებით დამტკიცებული #1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი #1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2017 წლის 1 მარტი.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის #577 დადგენილებით ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული #1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი #1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2018 წლის 1 იანვარი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის #180 დადგენილებით კვლავ შევიდა ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული #1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში. მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის #180 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება ამ დანართის 191 მუხლის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა, რომ დადგენილება ამოქმედდებოდა გამოქვეყნებისთანავე (დადგენილება გამოქვეყნებულ იქნა 2018 წლის 17 აპრილს). ამასთან, მითითებული მუხლის თანახმად, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდა 2017 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილს მიღებული იქნა #04/24515 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს „...ს“ დაეკისრა საჯარიმო სანქცია 203 700 ლარის ოდენობით, ხოლო სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 გადაწყვეტილებით გასწორდა 2018 წლის 27 აპრილის #04/24515 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის ჯამური ოდენობა და განისაზღვრა 220 500 ლარით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 გადაწყვეტილებაში მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების საფუძვლად მიეთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი, შემდეგი ფორმულირებით: „პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით“.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ზემოაღნიშნული რედაქციით, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის #180 დადგენილებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 17 აპრილს. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ დაჯარიმების საფუძველი გახდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის, ამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააგენტომ შპს „...ის“ მიერ პროგრამისა და 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია კლინიკის მიერ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის მშობიარობათა საერთო რაოდენობაში შემცირების ტენდენციის არარსებობა. ამდენად, კლინიკაში მიღებული მშობიარობებისა და მათ შორის ჩატარებული საკეისრო კვეთების (როგორც ჩვენებით, ისე მოთხოვით) შესახებ სტატისტიკური მონაცემების დათვლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებული პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, რა დროსაც მოქმედებდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის განსხვავებული რედაქციები.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ დაჯარიმების საფუძველი გახდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ისეთი რედაქცია, რომელიც 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (01.03.2017-28.02.2018) არ მოქმედებდა. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის #04/35794 გადაწყვეტილება არსებითად დაეფუძნა სამართლებრივ საფუძველს - ნორმას, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის დროს არ იყო მოქმედი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმის 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედმა რედაქციამ ცალსახად დაადგინა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ის“ შემოწმება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი უნდა განეხორციელებინა მასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან (2017 წლის 1 მარტიდან) 6 თვის დასრულების და არა 1 წლის გასვლის შემდგომ. ამასთან, უდავოა, რომ შემოწმების პერიოდის მოცულობის ზუსტი დადგენა აუცილებელია როგორც დარღვევის გამოვლენის, ისე საჯარიმო სანქციის განსაზღვრისა და წინა შემოწმების შედეგებთან შედარების კუთხითაც, ვინაიდან თუნდაც ერთი დღით მეტი ან ნაკლები პერიოდის მონაცემების შეჯამებამ შესაძლოა განსხვავებული სურათი შექმნას, რაც საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს სააგენტოს გადაწყვეტილებაში და შესაძლოა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენოს მიმწოდებლის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემულ იქნა არასწორ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, რაც ქმნიდა მათი ბათილად ცნობისა და შესაბამისად, შპს „...ის“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 13.08.2020წ. #26726 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს კი 26.10.2020წ. #04422 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟი - 7700 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70 პროცენტი - 210 ლარი, ხოლო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (7700 ლარის) 70 პროცენტი - 5390 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.08.2020წ. #26726 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.10.2020წ. #04422 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7700 ლარის 70 პროცენტი - 5390 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე