საქმე #ბს-882(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 14 სექტემბერს ვ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მ. ც-ის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ #...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 22 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისთვის ახალი ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ვ. ნ-ის სახელზე უძრავი ქონების (ს/კ ...) პირველადი რეგისტრაციის განხორციელების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 15 მაისს შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, განცხადება წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რათა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მომხდარიყო მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია 5000 კვ.მ ფართის მქონე უძრავ ნივთზე, მდებარე: მცხეთა, სოფელი ...ი. აღნიშნული განცხადების წარმოების პროცესში აღმოჩნდა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, მოთხოვნილი უძრავი ნივთის მონაცემები ზედდებაში იყო მ. ც-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. მხარეთა შორის დავის მოგვარების მიზნით, მოსარჩელემ მოითხოვა მედიაციის პროცესის გამართვა, თუმცა მ. ც-ი პროცესზე არ გამოცხადდა. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან მ. ც-ი მისი ნათესავია, სურდა მასთან პირადად გაერკვია საკითხი, თუ რატომ დაირეგისტრირა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც თავადაც იცოდა, რომ მოსარჩელის ოჯახის საკუთრება იყო. მოსარჩელის მითითებით, პირად საუბრებში მ. ც-მა განაცხადა, რომ იცოდა აღნიშნულის შესახებ, თუმცა თავის სახელზე არასწორად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გაუქმებას არ აპირებდა.
მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრმა არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ მ. ც-მა ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად ორი რადიკალურად განსხვავებული ნახაზი წარადგინა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ც-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მ. ც-ის სახელზე რიცხული უძრავ ნივთზე (ს/კ #...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 22 ივნისის #... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით. ამასთან, ვ. ნ-ს არ გააჩნია სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძელი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ც-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მესამე პირის მ. ც-ის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ #...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 22 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემით მოსარჩელის ვ. ნ-ის სახელზე უძრავი ქონების (ს/კ ...) პირველადი რეგისტრაციის განხორციელების დავალება.
აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის #162 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა მ. ც-ის საკუთრების უფლება. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო უძრავი ნივთი (ს/კ ...) 2000 წლის 30 აგვისტოს #... საკადასტრო კოდით (დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით) რეგისტრირებული იყო მ. ც-ის სახელზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განხორციელდა არა პირველადი რეგისტრაცია, არამედ რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტება და სადავო უძრავი ნივთი დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით და ახალი საკადასტრო კოდით #... აღირიცხა 2000 წლის 30 აგვისტოს რეგისტრირებულ მესაკუთრეზე, მ. ც-ზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ მ. ც-მა 2012 წლის 26 აპრილს საჯარო რეესტრში წარადგინა სარეგისტრაციო მოწმობა, აზომვით ნახაზი (შესრულებული ვ. რ-ის მიერ) და მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) #162 მიღება–ჩაბარების აქტი. სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების გამო სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდგომ, შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო - შეწყდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დასახელებული აზომვითი ნახაზი შეესაბამება ზუსტად იმ კოორდინატებს, რაც არის დაფიქსირებული საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ სიტუაციურ ნახაზზე. 2012 წლის 18 ივნისს კი, მ. ც-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა იგივე დოკუმენტაცია იმ განსხვავებით, რომ შეიცვალა აზომვითი ნახაზი. მ. ც-ის მიერ მიტანილ იქნა #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნახაზი (ნახაზი შესრულებულია გ. ს-ის ფირმის მიერ) და მიწის ნაკვეთის #162 მიღება-ჩაბარების აქტი, შეცვლილი მონაცემებით. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ორივე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის #162 და დათარიღებულია 1996 წლის 18 აგვისტოთი, თუმცა პირველად წარდგენილ #162 მიღება-ჩაბარების აქტში ...ის თემის გამგებლად მოხსენიებულია ნ. ხ-ი და მისი ხელმოწერაა ასახული, ხოლო მეორე მიღება-ჩაბარების აქტზე გამგებლად მითითებულია თავად მ. ც-ი და ასახულია მისი ხელმოწერა. ამდენად, აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტებში შეტანილია სხვადასხვა მონაცემი, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მ. ც-ის მიერ წარდგენილ მიღება–ჩაბარების აქტებსა და აზომვით ნახაზებში მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - შ. ნ-ი, ხოლო მ. ც-ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებში შ. ნ-ი არ ფიქსირდება. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეს წარმოადგენს - ნ. ნ-ი, რომელიც სიტუაციური ნახაზის მიხედვით, წარმოადგენდა ვ. ნ-ის ნაკვეთის მოსაზღვრეს ჩრდილოეთიდან. აღსანიშნავია, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაცემული და მარეგისტრირებელი ორგანო ვერ ასაბუთებს, ასეთ პირობებში, რატომ დარეგისტრირდა სადავო მიწის ნაკვეთი მ. ც-ის საკუთრებად.
სადავო მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ვ. ნ-ის ოჯახის საკუთრება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და სარჩელზე თანდართული რიგი მტკიცებულებებით, კერძოდ, მცხეთის გამგეობის წერილით, შემოსავლების სამსახურის წერილით, საქართველოს ეროვნული არქივის წერილით, რომლის თანახმადაც ე. მ-ი (მოსარჩელის ბებია) საკომლო წიგნში აღრიცხული იყო ცალკე კომლად და შესაბამისად, ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი 0,50 ჰა ოდენობით, საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული სიტუაციური ნახაზით, რომელშიც #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე დაფიქსირებულია მოსარჩელის მამის - შ. ნ-ის სახელი. საგულისხმოა, რომ ამავე სიტუაციურ ნახაზზე მ. ც-ის სახელი დაფიქსირებულია #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს მოსარჩელის ნაკვეთის ქვემოთ. გარდა აღნიშნულისა, საქმეში დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2018 წლის 3 ივლისს, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფერადი სიტუაციური ნახაზი, რომლის ე.წ „ყვითელი ფენაში“ #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია შ. ნ-ი.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია როგორც მ. ც-ის, ისე ვ. ნ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დადგინდეს სადავო მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა და მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ც-ის საკასაციო საჩივარზე 27.10.2020წ. საგადასახადო დავალებით ა. გ-ას მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ც-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. მ. ც-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. გ-ას მიერ 27.10.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე