Facebook Twitter

#ბს-962(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 14 ივლისს ვ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ 2003 წლის 10 მარტს უძრავ ნივთზე (ს/კ ...) კ. კ-ის საკუთრების უფლების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ვ. გ-ის თანამესაკუთრედ რეგისტრაციის დავალება, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ივლისის #..., 2014 წლის 13 ოქტომბრის #... და 2014 წლის 5 ნოემბრის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ქონება იყო პაპის - გურბან გურბანოვის კომლის საკუთრება, რომლის წევრსაც წარმოადგენდა მოსარჩელე. პაპის გარდაცვალების შემდეგ, მთლიანი ქონება დარეგისტრირდა ჯერ გ. ა-ას, ხოლო შემდეგ - ვ. გ-ის სახელზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვ. გ-მა, ისე, რომ არ ჰქონია კომლის სხვა წევრების თანხმობა, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ქონება დატვირთა იპოთეკით სს „ვ...ში“, თავად გაემგზავრა ...ის ფედერაციაში, სესხი კი, არ დაფარა. თანხის გადაუხდელობის გამო სს „ვ...მ“ მოცემული ქონება მიზერულ ფასად გაასხვისა აუქციონის წესით, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რომ კომლის სხვა წევრები დარჩნენ საცხოვრებლის გარეშე.

მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ იქნა გათვალიწინებული კომლის სხვა წევრების თანასაკუთრების უფლება, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ამ ქონებაზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „ვ...ა“.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ. გ-ი და გ. ა-ა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მამამისმა, რომელიც დიდი ხანია გაშორებულია მეუღლეს და შვილებს არ აქცევს ყურადღებას, სადავო საცხოვრებელი ბინა იპოთეკით დატვირთა, აიღო თანხა და გაიქცა ...ში, სადაც დღემდე იმყოფება. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა უფლება, სადავო უძრავი ქონება დაერეგისტრირებინა მხოლოდ ვ. გ-ის სახელზე, ვინაიდან თავადაც იყო ამ ქონების თანამესაკუთრე და მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლებოდა ქონების იპოთეკით დატვირთვა. ის გარემოება კი, რომ კ. კ-მა სადავო ქონება დაირეგისტრირა საგადასახადო სიით, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ის არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასა და მოცემულ ქონებაზე თანამესაკუთრედ დარეგისტრირებას მოითხოვს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2003 წლის 10 მარტს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ ... განხორციელდა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და #645 საგადასახადო სიის საფუძველზე, მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,102 ჰა მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა კ. კ-ის საკუთრების უფლება. დადგენილია, რომ სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ფართობი შეადგენს 0,102 ჰა-ს. მიწის ნაკვეთის ერთადერთ მესაკუთრედ მითითებულია კურბანოვ კურბანი, ამ ქონებაზე თანასაკუთრეების უფლება და თანამესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია არ არის რეგისტრირებული.

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ივლისის #... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე (ს.კ ...) შესწორდა ხარვეზი და მესაკუთრედ კუბრან კურბანოვის ნაცვლად მითითებული იქნა ყ. კ-ი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) დაზუსტდა საკადასტრო მონაცემები. მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ..., შედგა საკადასტრო გეგმა და მესაკუთრედ, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დარეგისტრირდა გიულსარ ასკეროვა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 5 ნოემბერს მიიღო #... გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე (ს/კ ...), ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ვ. გ-ის საკუთრების უფლება (მიწის საერთო ფართი 1020 კვ.მ, შენობა #1 - საერთო ფართი 227,18 კვ.მ და შენობა #2).

დადგენილია, რომ 2015 წლის 19 თებერვალს საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა სს „ვ...ას“ წარმომადგენელმა და უძრავ ნივთზე (ს/კ ...) იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის 2015 წლის 23 თებერვლის #... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე (ს/კ ...) იპოთეკარად დარეგისტრირდა სს „ვ...ა“. დადგენილია, რომ ვაგუფ გურბანოვის საკუთრებაში რეგისტრირებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი (ს/კ ...) გატანილი იქნა აუქციონზე სარეალიზაციოდ და მეორე ელექტრონული აუქციონის შედეგად მესაკუთრედ გამოცხადდა სს „ვ...ა“. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სს „ვ...ას“ წარმომადგენელმა და უძრავ ნივთზე (ს/კ ...) აუქციონზე შეძენილ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ 2016 წლის 11 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 15 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე (ს/კ ...) მესაკუთრედ დარეგისტრირდა სს „ვ...ა“.

საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი სადავოდ ხდის უძრავ ქონებაზე განხორციელებულ რეგისტრაციებს იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული რეგისტრაციების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები წარმოადგენს ძალაში მყოფ, მოქმედ დოკუმენტებს, რომელთა კანონიერებაც სადავოდ არ ქცეულა, რაც ასევე გამორიცხავს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 26.10.2020წ. საგადახდო დავალებით რუხინ გურბანოვს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. ვ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.10.2020წ. საგადახდო დავალებით რუხინ გურბანოვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე