Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 276-დად 15 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

დ. სულაქველიძე

განიხილა ადვოკატ თ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც უარყოფილ იქნა სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრის _ თ. ს-სა და ქ. ფოთის შპს “---ს” დირექტორ რ. დ-ის 2003წ. 14 დეკემბრის ფსიქიატრიული შემოწმების ¹-- დასკვნა დ. ა-ის მიმართ იძულებითი მკურნალობის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის განაჩენით მიჩნეულია, რომ დ. ა-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 334-ე და 273-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1960 სსკ-ის 17, 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტითა და 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შეეფარდა იძულებითი მკურნალობა ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში.

2003წ. 14 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დ. ა-ის მიმართ იძულებითი მკურნალობის რეჟიმის შეცვლის თაობაზე.

ამ დასკვნის მიხედვით, დ. ა-ლი დაავადებულია ქრონიკული ბოდვითი აშლილობით, ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით საზოგადოებისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შემდგომ მკურნალობას არ საჭიროებს _ ექვემდებარება იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას ჩვეულებრივი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

აღნიშნული დასკვნის განხილვისას სასამართლო კოლეგიის სხდომაზე პროკურორმა ს. წ-მა იშუამდგომლა განმეორებითი სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება და დ. ა-ისHმიმართ იძულებითი მკურნალობის ღონისძიების შეცვლის საკითხის მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტა.

სასამართლო კოლეგიამ 2004წ. 13 აპრილის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ექსპერტიზის ჩატარება დაავალა მ. ა-ის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას.

ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2004წ. 27 აპრილის დასკვნით ირკვევა, რომ დ. ა-ლი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით _ ორგანული ბოდვითი აშლილობით, აღენიშნება გუნება-განწყობის მკვეთრი დაქვეითება, ასევე _ მეხსიერების დაქვეითება, დევნის, ფიზიკური განადგურების ბოდვითი აზრების არსებობა, სმენითი ეპიზოდური ჰალუცინატორული განცდები, კრიტიკის უნარის მკვეთრი დაქვეითება; ამავე დროს აღენიშნება იძულებითი მკურნალობის პერიოდში გაქცევის მიმართ ტენდენციების უქონლობა, პოზიტიური განწყობა, ჩატარებული მკურნალობის მიმართ რეჟიმის სრული დაქვემდებარება. დ. აბრამიშვილი ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შემდგომ მკურნალობას არ საჭიროებს და ექვემდებარება იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას ჩვეულებრივი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, უარყო ასევე სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრის _ თ. ს-სა და ქ. ფოთის შპს “---ს” დირექტორ რ. დ-ის 2003წ. 14 დეკემბრის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დ. ა-ის მიმართ იძულებითი მკურნალობის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი თ. მ-ლი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 ივლისის განჩინების გაუქმებასა და დ. ა-ის მიმართ შეფარდებული იძულებითი მკურნალობის რეჟიმის შეცვლას, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2003წ. 14 დეკემბრისა და 2004წ. 27 აპრილის დასკვნებზე დაყრდნობით.

პროკურორი რ. ზ-ია მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს დ. ა-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 2 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილევლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

არ გაიზიარა რა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრის _ თ. ს-ა და ქ. ფოთის შპს “---ს” დირექტორ რ. დ-ის 2003წ. 14 დეკემბრის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2004წ. 27 აპრილის დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, გამომდინარეობს მიზანშეწონილობიდან და არ არის კატეგორიული.

პალატა არ იზიარებს სასამართლო კოლეგიის ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ განჩინების ამგვარი დასაბუთება ეწინააღმდეგება თავად ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კოლეგიამ ეჭვი შეიტანა დასკვნის სისწორეში.

საქართველოს სსსკ-ის 678-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, თუ საექიმო კომისიის დასკვნა სასამართლოს ეჭვს იწვევს, სასამართლოს შეუძლია, დანიშნოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ზემოთ მითითებული ვითარების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიას დ. ა-ის მიმართ უნდა დაენიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა სტაციონარული წესით და მხოლდ ამის შემდეგ გადაეწყვიტა მის მიმართ იძულებითი მკურნალობის ღონისძიების შეცვლის საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა ჩაატაროს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა სტაციონარული წესით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს იძულებითი მკურნალობის ღონისძიების შეცვლის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 ივლისის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.