Facebook Twitter

საქმე #ბს-510(კ-19) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ს-ის (ბ. ს-ის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 19 აპრილს ბ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის ... წლის ... ...ის დადგენილებით, მას მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი. ... წლის ... ...ს იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც მან მოიხადა სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 7 თვით. სასჯელის მოხდის პერიოდში, ანუ ... წლის ... ...იდან ... წლის ... ...ამდე პერიოდში, მას შეუწყდა სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, მან აღნიშნულის თაობაზე ... წლის ... ...ს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა მას მიმართვაზე პასუხი არ მიუღია.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუწია მკურნალობა უკრაინაში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2015 წელს მან მიუღებელი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით განმეორებით მიმართა სააგენტოს. 2018 წლის 22 მარტს მას უარი ეთქვა როგორც პატიმრობის პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების გაცემაზე, ასევე, შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის აღდგენაზე.

ამდენად, მოსარჩელემ ბ. ს-ისათვის პატიმრობის პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე და საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატში საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის #04/16683 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელე ბ. ს-ისათვის 2018 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 530 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და 2008 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 1 ივლისამდე საერთო ჯამში 23 514.43 ლარის ოდენობით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით ბ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ს-ეს სახელმწიფო კომპენსაციის მიღება შეუწყდა ... წლის ... ...დან, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის გამო, ხოლო სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა განახლდა ... წლის ... ...დან - სასჯელის ვადის დასრულებისა და შესაბამისი განაცხადის წარდგენის დღიდან. ამასთან, მოსარჩელე ბ. ს-ეს საქართველოს პარლამენტის ... წლის ... ...ის დადგენილებით მიენიჭა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის სტატუსი, თუმცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ბ. ს-ეს შეეფარდა სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, არ გაუქმებულა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილება ვერ ჩაითვლებოდა მოსარჩელე ბ. ს-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, მისთვის თავისუფლების აღკვეთის უკანონოდ მიჩნევისა და ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მოსარჩელე ბ. ს-ეს სასჯელი სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, არ გაუქმებულა.

სააპელაციო პალატამ, ასევე, საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ბ. ს-ე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ... წლის ... ...დან მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატში. საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატში მუშაობის გამო, მოსარჩელე ბ. ს-ეს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღება იმ საფუძვლით, რომ იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი, დაფინანსების წყაროდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულებას. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისათვის, საჯარო საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი შრომითი-ანაზღაურებადი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, იგი ჩაითვლება, თუ არა საჯარო სამსახურად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებიდან აშკარად გამოყოფილია ის საქმიანობა, რაც არ ითვლება საჯარო საქმიანობად, ასეთია, მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობა. კასატორის განმარტებით, იგი მიწვეული იქნა საქართველოს პარლამენტის ...ის „...ის“ აპარატში პოლიტიკური საქმიანობის მიზნით.

კასატორის მითითებით, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობით დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებისა და მიზნების ხელშეწყობას. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ბ. ს-ე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ...ა „...ში“ მათივე მოწვევით პოლიტიკური საქმიანობით, კასატორის მოსაზრებით, მისი საქმიანობა არ უნდა ჩაითვალოს საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ უნდა შეუწყდეს უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე #ბს-510(კ-19) კასატორის (მოსარჩელის) ბ. ს-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით განახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე ბ. ს-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება; ბ. ს-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩართულ იქნა ლ. ს-ე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის (ბ. ს-ის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ბ. ს-ისათვის პატიმრობის პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე და საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატში საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის #04/16683 წერილობითი მიმართვის კანონიერება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელე ბ. ს-ისათვის ... წლის ... ...დან ყოველთვიურად 530 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ... წლის ... ...დან ... წლის ... ...მდე საერთო ჯამში 23 514.43 ლარის ოდენობით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, კომპენსაციის შეჩერების დღიდან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ს-ეს სახელმწიფო კომპენსაციის მიღება შეუწყდა ... წლის ... ...დან, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის გამო, ხოლო სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა განახლდა ... წლის ... ...დან - სასჯელის ვადის დასრულებისა და შესაბამისი განაცხადის წარდგენის დღიდან.

ამასთან, მოსარჩელე ბ. ს-ეს, საქართველოს პარლამენტის ... წლის ... ...ის დადგენილებით მიენიჭა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის სტატუსი, თუმცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე ბ. ს-ეს შეეფარდა სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, სრულად არ გაუქმებულა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილება ვერ ჩაითვლება მოსარჩელე ბ. ს-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, მისთვის თავისუფლების აღკვეთის უკანონოდ მიჩნევისა და ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მოსარჩელე ბ. ს-ეს სასჯელი სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, სრულად არ გაუქმებულა.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ. ს-ე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ... წლის ... ...დან მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატში. საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატში მუშაობის გამო, მოსარჩელე ბ. ს-ეს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღება იმ საფუძვლით, რომ იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს პარლამენტი, დაფინანსების წყაროდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისათვის, საჯარო საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი შრომითი-ანაზღაურებადი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, იგი ჩაითვლება, თუ არა საჯარო სამსახურად. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ ბ. ს-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტა გამომდინარეობდა კანონიდან.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორმა - ლ. ს-ემ (ბ. ს-ის უფლებამონაცვლემ) წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი (საქმე #1აგ-288-18), რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. ს-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ბ. ს-ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დანარჩენი 3 ეპიზოდისათვის წარდგენილი ბრალდების ნაწილში ზემოხსენებული განაჩენი და განჩინება დარჩა უცვლელად. შესაბამისად, წარმოდგენილი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მიუხედავად საქართველოს პარლამენტის ... წლის ... ...ის დადგენილებით ბ. ს-ისათვის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის სტატუსის მინიჭებისა, მის მიმართ არსებული განაჩენი გადასინჯვის შედეგადაც სრულად არ გაუქმებულა, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს გასაჩივრებული განჩინებით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დავალების მოთხოვნასთან დაკავშირებით დამდგარ შედეგს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს-ის (ბ. ს-ის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე