საქმე #ბს-1079(2კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 17 მაისს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის #003034 დადგენილებისა და „მ. ბ-ის წარმომადგენლის ა. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის #446 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 1 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მის მიმართ გამოსცა #003034 მითითება, რომლის მიხედვითაც, დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მითითებაში განმარტებულია, რომ ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა #2-ში (ს/კ #...) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის კედელზე, რომელიც მდებარეობს ...-ის ქ. #4-ის მომიჯნავედ, განხორციელებულია უნებართვოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, მოწყობილია ფანჯრის ღიობები. დარღვევის გამოსწორების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა წარედგინა განხორციელებულ სამუშაოებზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა ფანჯრის ღიობების ამოშენება. 2018 წლის 27 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გამოსცა #003034 დადგენილება, რომლითაც ფასადზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ფანჯრის ღიობების მოწყობისთვის, მოსარჩელე დაჯარიმდა 4000 ლარით და დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა - ფანჯრის ღიობების ამოშენება მოსარჩელის მითითებით, მანამდე ობიექტზე არსებობდა ფანჯრის ღიობები, შესაბამისად, პირვანდელ მდგომარეობაში ფართის მოყვანა ფანჯრის ღიობების ამოშენებას არ გულისხმობს, რის გამოც გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხის სახელწოდება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ნაცვლად მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ. ბ-ისათვის ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა #2-ში (ს/კ #...) მდებარე ობიექტზე ფანჯრის ღიობების ამოშენების დავალების ნაწილში „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის #003034 დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა #2-ში (ს/კ #...) მდებარე ობიექტზე ფანჯრის ღიობების ამოშენების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის #003034 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მ. ბ-ის (წარმომადგენელი ა. ქ-ე) 2018 წლის 4 სექტემბრის #19/01182472804-01 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის #446 ბრძანება; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში (ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა #2-ში, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე (...-ის ქუჩა #4-ის მომიჯნავედ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფანჯრის ღიობების მოწყობისათვის 4 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის #003034 დადგენილებისა და აღნიშნულ ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის #446 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში) მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „მ. ბ-ის წარმომადგენლის ა. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის #446 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის #003034 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მ. ბ-ესთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შენობის გეგმაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ობიექტზე ადრე არსებობდა ერთი ფანჯრის ღიობი, შემდგომ კი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მოწყობილი იქნა ფანჯრის ღიობები (მოწყობილი იქნა ცალ-ცალკე ორი ფანჯრის ღიობი, იხ. შენობის გეგმა, ს.ფ. 54, ფოტოსურათი, ს.ფ. 193), ამასთან აპელანტი მ. ბ-ის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ უკვე არსებული ღიობის ფართის გაზრდა არ მომხდარა, მხოლოდ განხორციელდა უკვე არსებულ ღიობში ჩასმული ფანჯრის ამოღება და მის ადგილას ორი მცირე ზომის ფანჯრის ჩასმა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული რეალურად შეცვლილია თუ არა ობიექტზე არსებული ღიობის ზომები და მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლებამ რამდენად გამოიწვია შენობის ექსტერიერის შეცვლა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა შეაფასოს მ. ბ-ის მიერ განხორიციელებული სამუშაოები ხომ არ მიეკუთვნება სარემონტო სამუშაოებს, რაც არ საჭიროებს ნებართვის არსებობას.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოების შესახებ, რომ სადავო დადგენილებით მ. ბ-ეს დაევალა ფანჯრის ღიობების ამოშენება. არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით კი, პალატის მოსაზრებით, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა არ გულისხმობს ფანჯრის ღიობების ამოშენებას. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმე ეხება კერძო საკუთრებას, საცხოვრებელ სახლს, რომლისთვისაც არსებითი მნიშვნელობის მქონეა ფანჯრის ღიობის არსებობა, მით უფრო, რომ ობიექტზე ადრე არსებობდა ერთი ფანჯრის ღიობი და შესაფასებელია დღეს არსებული ღიობი შეესაბამება თუ არა ადრე არსებული ღიობის ზომებს, თუ ამ ნაწილში საჭიროებს ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ დადგენილ იქნება მ. ბ-ის მიერ უნებართვო სამუშაოების განხორციელების ფაქტი, ზუსტად უნდა განსაზღვროს თუ რა წარმოადგენს ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას და მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით გამოსცეს ახალი დადგენილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში, ესაჭიროებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული აქტი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე. საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით კი დგინდება, რომ ობიექტზე არსებობდა ერთი ფანჯრის ღიობი, შემდგომ კი, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მხარის მიერ განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მოწყობილ იქნა ფანჯრის ღიობები (მოეწყო ცალ-ცალკე ორი ფანჯრის ღიობი). აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემული სამუშაოები განხორციელებულია ისე, რომ არ არსებობდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. რაც შეეხება ღიობების ამოშენების საკითხს, კასატორის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ფანჯრის ღიობის ნაცვლად მოეწყო ორი ფანჯრის ღიობი, სამართალდამრღვევს დაევალა მათი ამოშენება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა იმ სახით, რა სახითაც არსებობდა სადავო ობიექტზე ფანჯრის ღიობი.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, არ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შესაბამისად, სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით მაშინ, როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრისა და 28 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
დადგენილია, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის #003034 დადგენილებით მ. ბ-ე დაჯარიმდა 4 000 ლარით, ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა #2-ში, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე (...-ის ქუჩა #4-ის მომიჯნავედ), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების, კერძოდ, ფანჯრის ღიობების მოწყობისთვის. ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა #2-ში, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (ფანჯრის ღიობების ამოშენება).
თავდაპირველად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შენობის გეგმაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ობიექტზე ადრე არსებობდა ერთი ფანჯრის ღიობი, შემდგომ კი, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილ იქნა ფანჯრის ღიობები (მოწყობილ იქნა ცალ-ცალკე ორი ფანჯრის ღიობი). შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა ის სამართლებრივი საფუძველი, რაც წარმოშობდა მ. ბ-ის ვალდებულებას, ემოქმედა მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე დებულების მე-4 მუხლის მიხედვით, მშენებლობის სახეობებს მიეკუთვნება: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
ამდენად, მოცემული საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით აუცილებელია, განისაზღვროს, მიეკუთვნება თუ არა მოცემული ფანჯრის ღიობის მოწყობა მშენებლობის შემდეგ სახეობას: ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); რეკონსტრუქცია; დემონტაჟი; ლანდშაფტური მშენებლობა; დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების შესაბამისი დანაწესების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ კედელზე ღიობის მოწყობა მიეკუთვნოს ახალ მშენებლობას ან დემონტაჟს, შესაბამისად, ჩნდება საჭიროება განისაზღვროს, მოხდა თუ არა ექსტერიერის ან/და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია. კერძოდ, ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს ან/და მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა („მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების 4.3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები).
ამასთან, საყურადღებოა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომლის მიხედვითაც, მ. ბ-ის მიერ უკვე არსებული ღიობის ფართის გაზრდა არ მომხდარა, მხოლოდ განხორციელდა უკვე არსებულ ღიობში ჩასმული ფანჯრის ამოღება და მის ადგილას ორი მცირე ზომის ფანჯრის ჩასმა. განსახილველ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული რეალურად შეცვლილია თუ არა ობიექტზე არსებული ღიობის ზომები და მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლებამ რამდენად გამოიწვია შენობის ექსტერიერის არსებითად შეცვლა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა შეაფასოს მ. ბ-ის მიერ განხორიციელებული სამუშაოები ხომ არ მიეკუთვნება სარემონტო სამუშაოებს, რაც არ საჭიროებს ნებართვის არსებობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე