Facebook Twitter

საქმე #ბს-1032(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 17 დეკემბერს თ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს და აფხაზეთის ომის შემდგომ ცხოვრობს თბილისში სხვადასხვა მისამართზე. მოსარჩელე 2009 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2013 წლის 16 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ასევე აფხაზეთიდან დევნილ მერაბ გვალიასთან, რომელთანაც 2010 წლის 4 იანვარს შეეძინა შვილი - მ. გ-ა, რომელიც ასევე რეგისტრირებულ იქნა დევნილად. მოსარჩელის სამსულიანი ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაბალი სარეიტინგო ქულით. თ. ლ-ემ მიუთითა, რომ 2013 წელს განხორციელებული დევნილთა რეგისტრაციის დროს მის ოჯახს არ მიანიჭეს ცალკე კოდი, არამედ მოსარჩელე მიაწერეს დედამისის სამსულიან ოჯახს, მისი მეუღლე და შვილი კი მეუღლის დის ოჯახს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბინის ქირის გადახდის შეუძლებლობის გამო, 2012 წელს ოჯახთან ერთად შევიდა თემქაზე, მე-... მ/რ0ის მე-... ...ში მდებარე ...-ე ... .... სკოლაში, სადაც იცხოვრეს დაახლოებით 6 თვე. მოსარჩელის განმარტებით, ამავე შენობაში შევიდნენ საცხოვრებლად მისი ძმა, თ. ლ-ე თავისი სამსულიანი ოჯახით, მოსარჩელის დედა - ც. ლ-ე, მოსარჩელის და - ნ. ლ-ე და დისშვილი - ლ. ლ-ე. შეთანხმების მიხედვით, აღნიშნულმა ოჯახებმა დაიკავეს ცალ-ცალე ფართები.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 11 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და დევნილ ოჯახს - თ. ლ-ეს, ლ. ლ-ეს, თ. ლ-ეს, ნ. ლ-ეს, რ. ლ-ესა და ც. ლ-ეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ ოჯახებს კორპუსის დაცლის და შემდგომი გარემონტების შემდეგ, ამავე შენობაში მიეცემოდათ ბინები, მანამდე კი სამინისტრო გადაიხდიდა მათი ბინის ქირას. კორპუსის რეაბილიტაციის შემდეგ ბინა მიიღო მხოლოდ თ. ლ-ის ძმამ, თ. ლ-ემ. მოსარჩელის მითითებით, მან შეავსო აპლიკაცია ბინის მიღების თაობაზე. თავიდან მიანიჭეს 10.5 ქულა, ხოლო 2019 წელს აღნიშნული ქულა შეუმცირეს 8.5 ქულამდე. მოსარჩელე 2019 წლის ოქტომბრის თვეში ვერ მოხვდა ბინის განაწილების სიაში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის #04-2022/ო ბრძანებით უარი ეთქვა ბინით უზრუნველყოფაზე იმ მიზეზით, რომ ოჯახების გაყოფა მოხდა ხელოვნურად.

ამდენად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 19 ნოემბრის #04-2022/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელე თ. ლ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 19 ნოემბრის #04-2022/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე თ. ლ-ის ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2013 წლის 11 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და დევნილ ოჯახს - თ. ლ-ეს, ლ. ლ-ეს, თ. ლ-ეს, ნ. ლ-ეს, რ. ლ-ესა და ც. ლ-ეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის #1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, თ. ლ-ის, ლ. ლ-ის, თ. ლ-ის, ნ. ლ-ის, რ. ლ-ისა და ც. ლ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის, ქ. თბილისში, ...ზე, მე-... მ/რ, მე-.... კვარტალში (ყოფილი ...-ე ...) მდებარე შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე განხილვის თაობაზე, ხოლო 2013 წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელე თ. ლ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა თავისი სახელი და გვარი, მისი მეუღლე - მერაბ გვალია და შვილი მ. გ-ა, ხოლო ოჯახის სხვა წევრებად მიუთითა დედა - ც. ლ-ე, და - ხ. ლ-ე და ნ. ლ-ე და ძმა - თ. ლ-ე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულების საფუძველზე, 2019 წლის 10 ოქტომბერს იქნა განხილული მოსარჩელე თ. ლ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი და მიჩნეული იქნა, რომ ვინაიდან ოჯახი ხელოვნურად იყო გაყოფილი დედასთან, ამასთან საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმში დააკლდა 2 ქულა, იგი არ უნდა უზრუნველყოფილიყო გრძელვადიანი საცხოვრებლით. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 ოქმის საფუძველზე „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით, მოსარჩელე თ. ლ-ეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყო მხოლოდ მოსარჩელე თ. ლ-ის ძმა - თ. ლ-ე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელე თ. ლ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველად მითითებული ჰქონდა ოჯახის ხელოვნური დაყოფა, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო განმარტებული და დასაბუთებული, რამ განაპიროება ოჯახის მხოლოდ ერთი წევრის ცალკე საცხოვრისით დაკმაყოფილება, იმ ვითარებაში, როცა ადმინისტრაციული ორგანო ზემოთაღნიშნულ პირებს ერთ ოჯახად განიხილავდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი იყო, თუ რის გამო არ იქნა შესწავლილი მოსარჩელის ოჯახის წევრთა რაოდენობა შესაბამისი მოცულობის ფართის საცხოვრებლით ოჯახის უზრუნველყოფის კონტექსტში, იმ პირობებში, როდესაც, ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავდა საცხოვრებელი ფართის მოცულობას და იგი არ წარმოადგენდა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელე თ. ლ-ის ოჯახის წევრთა რაოდენობა და მის შესაბამისად, ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სამინისტროსა და ოჯახის წევრებს შორის არსებული შეთანხმება მოიაზრებდა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვას და არა აღნიშნული მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების დაპირებას. კასატორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ შეთანხმებაში არსებული პირები ერთი ოჯახის წევრები არიან, ავტომატურად არ ნიშნავს მათ მიმართ ერთგვაროვანი გადაწყვეტილების მიღებას. თამარ და თ. ლ-ეების სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომერზე ყოფნიდან გამომდინარე, მათი საკითხის განხილვა მოხდა ცალ-ცალკე. კასატორის მითითებით, თ. ლ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყო სწორი და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გამოვლინდა მისი დაკმაყოფილების აუცილებლობა, შესაბამისად, სააგენტომ მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. თ. ლ-ის საკითხი კი სააგენტომ განიხილა მისი ძმისგან დამოუკიდებლად. სააგენტომ შეისწავლა საკუთარ ბაზაში არსებული ინფორმაცია, ასევე მოიძია ცნობები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და მტკიცებულებათა ერთობლიობით დაადგინა, რომ თ. ლ-ე მეუღლესა და შვილთან ერთად არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ ოჯახს. კასატორის განმარტებით, თ. ლ-ე განაცხადში მითითებული პირების გარდა ერთ ოჯახად ცხოვრობს დედასთან, დასა და დისშვილთან ერთად. შესაბამისად, კასატორის მითითებით, აშკარა გახდა ორი სხვადასხვა ბინის მიღების მიზნით, ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტი.

გაზრდილი სულადობის მიხედვით განსახლების საკითხის განხილვასა და უფრო დიდი მოცულობის ბინის გაცემასთან დაკავშირებით, კასატორი ხაზს უსვამს ნებაყოფლობითობის პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა დევნილის განსახლების საკითხი და განმარტავს, რომ ადმისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი დევნილს განაცხადის ტრანსფორმირებაში დაეხმაროს.

კასატორი აგრეთვე მიუთითებს, რომ იგი გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს - მოსარჩელემ შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 10,5 ქულა: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში - 3 ქულა; საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ქირით - 1.5 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 1 ქულა; ომში დაღუპული წევრი - 3 ქულა; მისი საცხოვრებელი არ არის ნგრევადი ობიექტი, ასევე არც სახელმწიფო მნიშვნელობის. 2013 წლის 9 აგვისტოს 320-ე ბრძანების შესაბამისად მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა, მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით გამოიკვეთა, რომ მოსარჩელე აღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრობს 2011 წლიდან დღემდე, ასევე დადგინდა, რომ საცხოვრებელი პირობები არ არის განსაკუთრებით მძიმე, რაშიც დააკლდა 2 ქულა და მას მიენიჭა 8.5 ქულა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2013 წლის დევნილთა რეგისტრაციის დროს მას არ მიენიჭა ცალკე ოჯახის კოდი, იგი დაარეგისტრირეს დედის ოჯახთან ერთად, ხოლო - მეუღლე - მისი დის ოჯახთან ერთად. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალიდან მოძიებული ინფორმაციით, მოსარჩელე, ქმარ-შვილთან, ასევე, დედასა და დებთან ერთად ერთ ოჯახად იყო რეგისტრირებული 2015, 2017, 2018, 2019 წლების მდგომარეობით. შესაბამისად, მოკვლეული მასალებით გამოიკვეთა, რომ მოსარჩელე, დედასა და დებთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდა წლების მანძილზე. ამის მიუხედავად, იგი მიუთითებდა, რომ მისი ოჯახი გამოყოფილი იყო დედასა და დებს. კასატორი მიუთითებს 2013 წლის 9 აგვისტოს 320-ე ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. კასატორის მითითებით, არასწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი საქმის გარემოებებით დგინდებოდა.

შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მან სათანადოდ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონთან შესაბამისობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 19 ნოემბრის #04-2022/ო ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2-მე-3 ნაწილების თანახმად კი, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი #6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი #7 და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – #8 დანართის შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მითითებული ბრძანებით დამტკიცებული #8 დანართის შესაბამისად, 7-8 წევრიანი დევნილი ოჯახისათვის, მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 85-100 მ2-ს (ოთხდევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის ოთახიანი). აღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელე თ. ლ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველად მითითებული ჰქონდა ოჯახის ხელოვნურ დაყოფაზე, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის განმარტებული და დასაბუთებული, რამ განაპიროება ოჯახის მხოლოდ ერთი წევრის ცალკე საცხოვრისით დაკმაყოფილება, იმ ვითარებაში როცა ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნულ პირებს ერთ ოჯახად განიხილავდა. ასევე, დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია, რის გამო არ გამოიკვლია მოსარჩელის ოჯახის წევრთა რაოდენობა შესაბამისი მოცულობის ფართის საცხოვრებლით ოჯახის უზრუნველყოფის კონტექსტში, იმ პირობებში, როდესაც, ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს საცხოვრებელი ფართის მოცულობას და იგი არ წარმოადგენს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-97-ე მუხლების მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელე თ. ლ-ის ოჯახის წევრთა რაოდენობა და მის შესაბამისად, ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე