საქმე #ბს-1102(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრისა და 2020 წლის 16 მარტის განჩინებების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 11 აპრილს ნ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2008 წლის აგვისტომდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ...ში. 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი. სახლს რამდენიმე ჭურვი მოხვდა და შეუძლებელი გახდა ცხოვრება. 2008 წლის სექტემბერში გორის მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის წარმომადგენლების მიერ მოხდა ზემო ...ში ომის შედეგად დაზიანებული ბინების შემოწმება და აღრიცხვა, მათ შორის მისი საცხოვრებელი სახლის, რის შემდეგაც მას შეპირდნენ, რომ მოხდებოდა რეაბილიტაცია.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა დახმარება, მაგარამ უშედეგოდ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აცნობა, რომ საკითხი ადგილზე იქნა შესწავლილი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ და მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეესაბამებოდა სინამდვილეს, მაგრამ ბიუჯეტში არ იყო ფინანსური სახსრები და მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდგომ 2008-2009 წლებში საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე არაერთხელ იქნა გამოყოფილი თანხები საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღსადგენად, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მოსარჩელეს არანაირი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წლის აგვისტოში მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარებისათვის. მისი განცხადება რეაგირებისათვის გადაგზავნილ იქნა გორის მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ მოხდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ბიუჯეტში აღნიშნული ვალდებულებების გათვალისწინება. მოსარჩელემ გორის თვითმმართველი ქალაქის და გორის მუნიციპალიტეტის ერთ თვითმმართველ ერთეულად გაერთიანების შემდეგ, 2018 წლის 17 იანვარს, განცხადებით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მისი დაზიანებული ბინის აღდგენა ან ერთჯერადი კომპენსაციის თანხით დაკმაყოფილება. გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის #10/1/3847 გადაწყვეტილებით ნ. ლ-ეს ეცნობა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ იყო შესაბამისი ფინანსური სახსრები ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად. 2018 წლის 17 იანვარს მოსარჩელემ ასევე მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც რეაგირებისთვის გადაგზავნილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
ამდენად, მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 მარტის #10/1/3847 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის (მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ...ი, ს/კ ...) აღსადგენად 24 893.05 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის #10/1/3847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ლ-ისათვის 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ...ში მდებარე (ს/კ ...) დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად 24 893 ლარის და 5 თეთრის ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის მერიას ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის #2/0089 ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის 300 ლარის გადახდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს გასწია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯი. შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებლად მხარეს საქმეზე წარმოდგენილი ჰქონდა ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და 300 ლარის გადახდის ქვითარი. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაკისრებოდა #2/0089 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის გადახდა, ნ. ლ-ის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად დამდგარი ზიანის ლიკვიდირების მიზნით გამოიყოფა ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერი, შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტს კანონით ევალებოდა, რომ სარეზერვო ფონდით დაეფინანსებინა მოსარჩელის სახლის რეაბილიტაცია, როგორც თავის დროზე შეუსრულებელი ვალდებულება, რადგან მას 2008 წლის ომისაგან დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერისას არ მიუმართავს მთავრობისათვის და სხვა მოქალაქეთა სახლებთან ერთად არ მოხდა ნ. ლ-ის სახლის აღდგენა.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ ნ. ლ-ეს არაერთხელ განემარტა, რომ ფინანსების მოძიების შემთხვევაში დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ იქნა დაპირება - ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რომელიც თავის მხრივ შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას ევალებოდა მოცემული საკითხის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, მან მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება, შეისწავლა და დაადგინა, რომ ნ. ლ-ე საცხოვრებელი სახლი საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა, მაგარამ არ იმსჯელა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესაძლებლობაზე და ასეთი შესაძლებლობის არ ქონის შემთხვევაში არ მიმართა საქართველოს მთავრობას სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მიზნით. ამასთან, თუ გორის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევდა, რომ მის კომპეტენციაში არ შედიოდა საკითხის გადაჭრა, მაშინ უნდა განემარტა ნ. ლ-ისათვის აღნიშნული საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ექსპერტიზის ხარჯების დაკისრების გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ საომარი მდგომარეობის შედეგად მოქალაქეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, შესაბამისად, იგი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას ევალებოდა სარეზერვო ფონდით დაეფინანსებინა მოსარჩელის სახლის რეაბილიტაცია, როგორც თავის დროზე შეუსრულებელი ვალდებულება.
კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია და აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად მოქალაქეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. კასატორი ასევე მიუთითებს „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საომარი მდგომარეობის მოქმედების დროს ან მისი თავიდან აცილებისათვის, ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას. ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
კასატორი მიუთითებს, რომ 2008 წლის 8 სექტემბერს საქართველოს მთავრობის #591 განკარგულებით შეიქნა რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისათვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი და დამდგენი სამთავრობო კომისია, რომელიც სწავლობდა ომის შედეგად მიყენებულ ზარალს, რათა შემდგომში საქართველოს მთავრობას გამოეყო თანხები დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. აქედან გამომდინარე, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტს კანონით ევალებოდა, რომ სარეზერვო ფონდით დაეფინანსებინა მოსარჩელის სახლის რეაბილიტაცია, როგორც თავის დროზე შეუსრულებელი ვალდებულება.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ იქნა ადმინისტრაციული დაპირება, ვინაიდან კასატორის მოსაზრებით ნ. ლ-ის განცხადებების საპასუხო წერილებს აქვთ საინფორმაციო ხასიათი და არ პასუხობენ ადმინისტრაციული დაპირების კანონით განსაზღვრულ პირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ექსპერტიზის ხარჯების დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენა-რეაბილიტაციის ან ერთჯერადი კომპენსაციის თანხის გაცემის თაობაზე ნ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 მარტის #10/1/3847 გადაწყვეტილების კანონიერება და გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად თანხის ანაზღაურების დავალება. კასატორი ასევე სადავოდ ხდის გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ექსპერტიზის ხარჯების დაკისრებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის განჩინებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 89-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი დამატებით აკონკრეტებს, რომ სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 99-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 პროცენტს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
სპეციალური ტრანსფერისა და სარეზერვო ფონდის თაობაზე ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე და 791 მუხლები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტს კანონით ევალებოდა, რომ სარეზერვო ფონდით დაეფინანსებინა მოსარჩელის სახლის რეაბილიტაცია, როგორც თავის დროზე შეუსრულებელი ვალდებულება, რადგან მას 2008 წლის ომისაგან დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერისას არ მიუმართავს მთავრობისათვის და სხვა მოქალაქეთა სახლებთან ერთად არ მომხდარა ნ. ლ-ის სახლის აღდგენა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია საკუთარი სარეზერვო ფონდიდან აღნიშნული მოვალეობის შესრულების მიზნობრიობაზე და ასევე თუ არასაკმარისი იყო თანხები, არ მიუმართავს შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით საქართველოს მთავრობისათვის ფინანსური დახმარებისათვის.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციაში არ შედის 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული ნ. ლ-ის საცხოვრებელი სახლის საკომპენსაციოდ თანხის გაცემა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ნ. ლ-ეს განცხადებების პასუხად მერიამ წერილობით არაერთხელ განუმარტა, რომ მისთვის დახმარების გაწევის საკითხი განხილული იქნებოდა და ფინანსების არსებობის შემთხვევაში დაკმაყოფილდებოდა. აღნიშნულ წერილებში არსად არ ყოფილა მითითება იმის თაობაზე, რომ ნ. ლ-ის საკითხის განხილვა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში არ შედიოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იყო დაპირება და ნ. ლ-ეს წარმოეშვა კანონიერი ნდობა, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას დაინტერესებულ მხარეს გაუწიოს სამართლებრივი დახმარება.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას ევალებოდა მოცემული საკითხის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, მან მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება, შეისწავლა და დაადგინა, რომ ნ. ლ-ის საცხოვრებელი სახლი საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა, მაგრამ არ იმსჯელა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესაძლებლობაზე და ასეთი შესაძლებლობის არ ქონის შემთხვევაში არ მიმართა საქართველოს მთავრობას სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მიზნით. ამასთან, თუ გორის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევდა, რომ მის კომპეტენციაში არ შედიოდა საკითხის გადაჭრა, მაშინ უნდა განემარტა ნ. ლ-ისათვის აღნიშნული საკითხი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ. ლ-ის განცხადებების საპასუხოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ წერილებს აქვთ საინფორმაციო ხასიათი და არ პასუხობენ ადმინისტრაციული დაპირების კანონით განსაზღვრულ პირობებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს გასწია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯი. შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებლად მხარეს საქმეზე წარმოდგენილი აქვს ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და 300 ლარის გადახდის ქვითარი. შესაბამისად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაკისრებოდა #2/0089 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის გადახდა, ნ. ლ-ის სასარგებლოდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრისა და 2020 წლის 16 მარტის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე