Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-64(კ-21) 21 აპრილი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - უ. ო-ე, ზ. ო-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მესამე პირი - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

უ. ო-ემ და ზ. ო-ემ 2019 წლის 5 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს ამავე სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის №04/34822 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხის - 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით უ. ო-ისა და ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის №04/34822 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეთა სასარგებლოდ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხის - 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უ. ო-ისა და ზ. ო-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უ. ო-ემ და ზ. ო-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის №915, №534 და №856 განკარგულებები, რადგან დევნილი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე უძრავი ქონების რეგისტრაცია ვერ გახდება ფულადი კომპენსაციის გაცემის შემაფერხებელი გარემოება, მით უფრო, რომ მსგავსი კრიტერიუმით დევნილთა დაყოფა ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ასეთ დაყოფას არ ახდენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიც, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ექვემდებარება ყველა დევნილი ოჯახი. შესაბამისად, მოსარჩელეთათვის კომპენსაციის მიცემაზე უარის თქმა დისკრიმინაციულ ქმედებას წარმოადგენს.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უ. ო-ის სახელზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ირიცხებოდა სხვა უძრავი ქონება, თუმცა საქმეში არ დევს შესაბამისი მტკიცებულება (რეესტრიდან ამონაწერი).

კასატორები დამატებით აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ განიხილა დავა ზეპირი მოსმენის გარეშე, შედეგად, დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები, შეჯიბრებითობის პრინციპი და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. ო-ისა და ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილი ოჯახისთვის საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №915, 2009 წლის 24 ივლისის №534 და 2010 წლის 3 ივლისის №856 განკარგულებებით გათვალისწინებული, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ზოგადი წესი დარეგულირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, მოსარჩელეები, როგორც დევნილები, უფლებამოსილნი არიან, ისარგებლონ დასახელებული კანონით მინიჭებული ყველა უფლებითა და სოციალური გარანტიით, მათ შორის, მათ შეუძლიათ მიმართონ უფლებამოსილ ორგანოს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით, რაც ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მათი მოთხოვნის შესწავლის წინაპირობა გახდება.

განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორები ითხოვენ არა მითითებული კანონის საფუძველზე საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, არამედ მიუთითებენ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №915, 2009 წლის 24 ივლისის №534 და 2010 წლის 3 ივლისის №856 განკარგულებებზე. აღნიშნული განკარგულებებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა 2008 წლის 6 აგვისტოდან, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე, ხოლო საკომპენსაციო თანხის ოდენობად ერთ ოჯახზე განისაზღვრა 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ხსენებული განკარგულებები მიზნად ისახავდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დროულ განსახლებას, მათ დარღვეულ უფლებებზე სწრაფ რეაგირებას, ეს იყო სპეციალური ღონისძიება, რომელიც 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირებს ანიჭებდა გარკვეულ უპირატესობას და სწორედ მათთვის ითვალისწინებდა საკომპენსაციო თანხის გაცემას. ამასთანავე, თუკი პირი ამავე განკარგულებებით ვერ მოახდენდა საკუთარი უფლებების დაცვას, მასზე მაინც ვრცელდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი ვერ ექნებოდა.

სადავო შემთხვევაში კი, საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას წარდგენილი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით (ს.ფ. 57-60) დადგენილია, რომ უ. ო-ის საკუთრებაში 1993-2013 წლებში ირიცხებოდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, №2 კორპუსში მდებარე №3 ბინა. აღნიშნული ბინა 2013 წლის 13 მაისს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზ. ო-ის საკუთრებად დარეგისტრირდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ კასატორები ვერ ჩაითვლებიან 2008 წლის ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირებად და შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №915, 2009 წლის 24 ივლისის №534 და 2010 წლის 3 ივლისის №856 განკარგულებები.

რაც შეეხება კასატორთა მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო არა ფაქტობრივი გარემოებები, არამედ შესაფასებელი იყო, რამდენად ქმნიდა ეს ფაქტები სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა და გადაეწყვიტა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უ. ო-ისა და ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე