Facebook Twitter

№ბს-730(კ-20) 28 აპრილი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 05 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ა-ის, მ. ა-ის; მესამე პირები - ი. მ-ი, შპს „...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 25 ივნისს დ. ა-მა და მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, ი. მ-ისა და შპს „...-ის“ მიმართ.

მოსარჩელეებმა, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, საჯარო შეტყობინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 07 დეკემბრის №A 17136638-007/001 განკარგულებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 მაისის №A17136638-015/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

2018 წლის 04 ივლისის განცხადებით მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ ი. მ-ი და შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა-ისა და დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო შეტყობინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 07 დეკემბრის №A 17136638-007/001 განკარგულება და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 მაისის №A17136638-015/001 განკარგულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 05 დეკემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. ა-ს და დ. ა-ს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება გაეგზავნა ორჯერ - 2017 წლის 29 ნოემბერს და 2017 წლის 04 დეკემბერს, თუმცა ადრესატებს გზავნილი ვერ ჩაბარდათ. კერძოდ, შპს „ს...ის“ 2018 წლის 26 დეკემბრის №68509 წერილის თანახმად, 2017 წლის 29 ნოემბრის №...შეტყობინების ჩაბარების მიზნით, 2017 წლის 30 ნოემბერს ფოსტის მუშაკის ვიზიტი განხორციელდა ადრესატების - დ. ა-ის და მ. ა-ის მისამართზე: ქ. თბილისის ...ის ქ.N..., თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა. რაც შეეხება 2017 წლის 04 დეკემბრის წინადადებას, აღნიშნული გზავნილის ჩაბარების მიზნით, 2017 წლის 05 დეკემბერს შპს „ს...ის“ ფოსტის მუშაკი იმყოფებოდა ადრესატის - მ. ა-ის ალტერნატიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ... შეს. N... და მ. ა-ის და დ. ა-ის მისამართზე - ქ. თბილისის ...ის ქ.N..., თუმცა მისამართებზე კვლავ არავინ იმყოფებოდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიუროს №A17136638-007/001 განკარგულებით საჯაროდ გავრცელდა დ. ა-ის და მ. ა-ის მიმართ აღსრულების ღონისძიების -(„წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შესრულების შესახებ“) შეტყობინება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე მხარეთა ინფორმირების მიზნით კანონმდებელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ანიჭებდა უფლებამოსილებას სრულად გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დანაწესით გათვალისწინებული მექანიზმები. პალატის მოსაზრებით, სააღსრულებო მოქმედებათა მხოლოდ ფორმალური განხორციელება არ პასუხობდა კანონმდებლის მოთხოვნას ეფექტიან აღსრულებაზე და აღმასრულებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა ყველა შესაძლო ზომა სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა ინფორმირებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, ადრესატებთან კომუნიკაცია არ განხორციელებულა და ადრესატების მიერ გზავნილის ჩაბარებაზე თავის არიდების ფაქტიც არ დგინდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 05 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღმასრულებელმა მოვალეებს წინადადება გაუგზავნა როგორც სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ისე ფაქტობრივ მისამართზე. ამასთან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების მიზნით, აღმასრულებელი 2017 წლის 11 დეკემბერს გამოცხადდა სადავო უძრავი ქონების მისამართზე, თუმცა მოვალე მხარე ადგილზე არ იმყოფებოდა. 2018 წლის 11 აპრილს, აუქციონის თაობაზე შეტყობინების მიზნით, აღმასრულებელი კვლავ იმყოფებოდა მისამართზე, სადაც კვლავ არ დახვდა ადრესატი. აღნიშნულის შემდეგ, აღმასრულებელმა გამოსცა განკარგულება, აღსრულების მხარისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს განმარტება, რომ აღმასრულებლის მიერ არ ყოფილა ამოწურული სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით გათვალისწინებული გზავნილი ჩაბარების შესაძლებლობები და აღმასრულებელი ვალდებული იყო კორესპონდენციის ჩაბარების მიზნით შესაბამისი უწყებებისათვის მიემართა, წინააღმდეგობაში მოდის იმ მოთხოვნებთან, რასაც კანონმდებელი შეტყობინების საჯაროდ გავრცელების მიმართ ადგენს. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნავს, რომ მართალია, სააღსრულებო წარმოების სამართლებრივი შედეგი - უძრავი ქონების მოვალის საკუთრებიდან იძულებით გამოსვლა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სააღსრულებო მოქმედებების მართლზომიერად და გულისხმიერად განხორციელებას, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს აღმასრულებლისათვის ისეთი მოქმედების შესრულების დავალების საფუძველს, რომელიც აღემატება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, ნოტარიუს თამარ ბაქრაძის მიერ, შპს „...“-ის სასარგებლოდ, მოვალე დ. ა-ის მიმართ გაიცა №171380506 სააღსრულებო ფურცელი. ხსენებული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, 2017 წლის 29 ნოემბერს, მოვალე დ. ა-ს და უძრავი ქონების მესაკუთრე მ. ა-ს, მისამართზე - ქ. თბილისის ...ის ქ.N..., გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა, რის გამოც 2017 წლის 04 დეკემბერს, ადრესატებს ხელმეორედ გაეგზავნათ წინადადება მისამართზე - ქ. თბილისის ...ის ქ.N..., აგრეთვე მ. ა-ის ალტერნატიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ... შეს. N.... შპს „ს...ის“ ინფორმაციით, ადრესატები არ იმყოფებოდნენ მისამართზე და შესაბამისად, მათ გზავნილი ვერ ჩაბარდათ. 2017 წლის 07 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №A17136638-007/001 განკარგულება „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“. 2017 წლის 08 დეკემბერს, დ. ა-ის და მ. ა-ის მიმართ საჯაროდ გამოქვეყნდა წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

საკასაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა №A17136638-008/001 წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და აღსრულების უზრუნველსაყოფად მ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N..., საკადასტრო კოდი - ..., საბაზრო ღირებულების შეფასება მოითხოვა. 2018 წლის 12 თებერვლის №01/02-1886 დასკვნის თანახმად, მ. ა-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - ...) საბაზრო ღირებულებამ 122 000 ლარი შეადგინა. საბოლოოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 მაისის №A17136638-015/001 განკარგულების თანახმად, მოვალე მ. ა-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენი 2018 წლის 04 მაისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი. მ-ი, რომელმაც უძრავი ქონება 12 200 ლარად შეიძინა.

განსახილველ შემთხვევში მოსარჩელეთა მიერ სადავოდაა გამხდარი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 მაისის №A17136638-015/001 განკარგულება იმ მოტივით, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ ინფორმირებულნი მათ მიმართ დაწყებული სააღსრულებო მოქმედებების თაობაზე და საბოლოოდ, მათი ქონება არსებულ საბაზრო ღირებულებაზე დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებ ფასად გაიყიდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება ორჯერ გაეგზავნათ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N... და ერთხელ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ... შეს. N.... მისამართებზე ადრესატთა არყოფნის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წინადადების საჯაროდ გავრცელების თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოვალის ინფორმირებას.

განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება მოსარჩელეთა ინფორმირების მიზნით, იმ პირობებში, როდესაც არ დგინდებოდა ადრესატების მიერ გზავნილის ჩაბარებისაგან თავის არიდების ფაქტი და ამასთან, წინადადების ჩაბარების მიზნით, აღმასრულებლის მხრიდან ადრესატებთან რაიმე ფორმის (მაგ. სატელეფონო) დამატებითი კომუნიკაციის მცდელობა არ განხორციელებულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე 04.03.20წ. №03160 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №30077315

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 05 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.03.20წ. №03160 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე