№ბ-305-2(2გან-21) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ს-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 17 აგვისტოს გ. ს-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა: დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შესაბამისი დადებითი დასკვნის და/ან რეკომენდაციის მომზადება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ფუნქციური ზონის იმგვარი ცვლილების თაობაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელებას; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილების თაობაზე საკითხის/შესაბამისი დადგენილების პროექტის თბილისის საკრებულოსთვის განსახილველად მომზადება; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მოსარჩელის - გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი ...) შეეცვლება ფუნქციური ზონა იმგვარად, რომ მასზე შესაძლებელი იქნება საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის №28 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი №28 მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; გ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - ქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებამონაცვლე) სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე გ. ს-ის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
2021 წლის 23 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ (02.03.2021 წლის მომართვა), რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 19.11.2020 წელს გაცემული №ბს-1233(კ-18) სააღსრულებო ფურცელი (საქმე: A20109573), სადაც კრედიტორია - გ. ს-ი, ხოლო მოვალე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. სააღსრულებო ფურცლის თანახმად:
1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი №28 მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
6. გ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
7. მოპასუხეებს - ქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებამონაცვლე) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე გ. ს-ის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.“
განმცხადებლის მითითებით, აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სააღსრულებო ფურცლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნის აღსრულების ნაწილში მოვალეებს გაეგზავნათ A20109573-005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რის პასუხადაც 2021 წლის 28 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან მიიღეს წერილი, სადაც განმარტებულია, რომ 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილება. აქვე საკრებულომ განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მას ქმედების განხორციელების დავალება არ მიუღია.
სააღსრულებო ბიუროს მითითებით, 2021 წლის 2 თებერვალს კრედიტორის მიერ თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა განცხადება, სადაც იგი მიუთითებს 2020 წლის 21 მაისს გაცემული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, კერძოდ, სამოტივაციო ნაწილის 17-19 გვერდებზე. გადაწყვეტილების აღნიშნულ მონაკვეთში უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ „შეაფასებას ექვემდებარება ძალადაკარგული სადავო ნორმით გათვალისწინებული საკუთრების უფლებაში ჩარევის კანონიერების საკითხი, რომლის მიმართ სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება ასევე უნდა გავრცელდეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით გ. ს-ის საკუთრების უფლების შემზღუდავ რეგულაციაზე.“
განმცხადებლის მითითებით, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე უზენაესი სასამართლო აქცენტს აკეთებს მხოლოდ სამოტივაციო ნაწილში და ეს მსჯელობა არ არის გადმოტანილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, სააღსრულებო ბიურო ითხოვს განმარტებას, უნდა გავრცელდეს თუ არა 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილების ბათილობის საკითხი 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაზე.
2021 წლის 9 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ს-მა, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მომართა საკასაციო სასამართლოს და ითხოვა განმარტება, უნდა გავრცელდეს თუ არა 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილების ბათილობის საკითხი 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაზე, სადაც აღმასრულებელი მითითებას აკეთებს მათ 2021 წლის 2 თებერვლის წერილზე, თუმცა არასრულად ასახავს წერილში მოცემულ მოთხოვნას. განმცხადებლის მითითებით, 2 თებერვლის წერილით მათ აღმასრულებელს სთხოვეს შემდეგი: 1) მოეთხოვათ მოვალე მხარისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება - გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ბათილად ცნობა; 2) განმეორებით მოეთხოვათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმის (№28) ბათილად ცნობის – მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – აღსრულების დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის წარმოდგენა. პირველი მოთხოვნა ეფუძნებოდა თავად 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს (მე-17-მე-19 გვერდები), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში ვერ შეაფასებდა 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების კანონიერებას, მისი გადაწყვეტილების შედეგები უნდა გავრცელებულიყო ამ დადგენილებაზეც. აღნიშნული კრედიტორი მხარის მიერ გაგებულ იქნა როგორც სასამართლოს დახმარება, ხელი შეეწყო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ეცდებოდა თავი ემართლებინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) იყო ძალადაკარგული.
განმცხადებლის მითითებით, როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულოს აპარატმა 28.01.2021 წლის №03-032102818 წერილით აღმასრულებელს აცნობა: „2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცდა ახალი „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რომლის მე-5 მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილება (როგორც ტექსტური, ასევე გრაფიკული ნაწილი), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აქტის ბათილობის ნაწილში, ქმედების განხორციელების დავალება არ მიუღია.“ აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ აღმასრულებელს არაფერი განუხორციელებია, რის გამოც კრედიტორი მხარე იძულებული გახდა გადაწყვეტილების აღსრულების მისაღწევად მიემართა აღმასრულებლისათვის 2 თებერვლის, 16 თებერვლის, 19 თებერვლის წერილებით, რომლებიც დაეხმარებოდა მას გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიებების დაგეგმვაში.
რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, განმცხადებლის მითითებით, თბილისის მერიას (ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური) დღემდე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი აღმასრულებელთან და არც ეს უკანასკნელი ახორციელებს რაიმე მოქმედებას, რომ დაავალდებულოს თბილისის მერია წარმოადგინოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმის (№28) ბათილად ცნობის შესახებ – მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კრედიტორს მიაჩნია, რომ 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმის (№28) ბათილად ცნობის შემდეგ, კანონისმიერი ქმედების ვალდებულების ფარგლებში ქ. თბილისის მერიას ევალება ხელახლა იმსჯელოს გ. ს-ის განცხადების მოთხოვნაზე (ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე) და მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტებების გათვალისწინებით.
განმცხადებლის მითითებით, აღმასრულებელმა ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციისას განმარტა, რომ ის მხოლოდ წერილებს უგზავნის მერიას და საკრებულოს, არ აკონტროლებს მათ ნამდვილად აღასრულეს თუ არა გადაწყვეტილება, რასაც ამართლებს იმით, რომ უზენაეს სასამართლოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსათვის არ დაუვალებია რაიმე აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება. აღმასრულებლის ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, კრედიტორმა მხარემ 2021 წლის 19 თებერვლის წერილში ანალოგიის სახით მოიყვანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმეზე №ბს-66(კ-20)) გაკეთებული განმარტებები.
განმცხადებლის მითითებით, განსახილველ საქმეში, მის ინტერესს წარმოადგენს, რომ აღმასრულებელმა კვლავ არ მოიშველიოს თავდაცვის მიზნით სიტყვები: „სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავს რაიმე დავალებას“ და ამ საფუძვლით უარი არ უთხრას 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მათ შორის, ძალიან დიდი რისკია, რომ სასამართლოსგან განმარტების მიღების შემთხვევაში, იგი კვლავ წერილის გაგზავნით შემოიფარგლოს საკრებულოსა და მერიის მიმართ და სხვა მოქმედებები, იძულებითი მექანიზმები მათ მიმართ გადაწყვეტილების აღსრულების დავალდებულების და აღსრულების შედეგების წარმოდგენის შესახებ, არ განახორციელოს. განმცხადებლის მითითებით, სასამართლოსთვის ცნობილია, რომ იგი წლებია დავობს ამ საკითხზე და კვლავ ფერხდება გადაწყვეტილების აღსრულება, რითაც მისი საკუთრების უფლება არსებითად ილახება.
განმცხადებელს დასაბუთებულად მიაჩნია, რომ აღმასრულებლის განმარტების მიმართვაზე მსჯელობისას, სასამართლომ ასევე იმსჯელოს იმაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში აღმასრულებლის ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ წერილების გაგზავნით მოვალეებთან, არამედ იმის გამოკვლევითაც, აღასრულეს თუ არა მათ სასამართლოს გადაწყვეტილება და წარმოუდგინეს თუ არა აღსრულების დამადასტურებელი შედეგები. აღმასრულებლის აღნიშნული ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს, რაზეც არსებობს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან.
ამრიგად, განმცხადებელმა ასევე მოითხოვა განმარტება - გულისხმობს თუ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულება აღმასრულებლის მხრიდან აღსრულების დამადასტურებელი შედეგების გამოთხოვას, კერძოდ:
1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი: ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში გულისხმობს თუ არა, რომ მოვალე მხარემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბათილად უნდა ცნოს გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება და აღმასრულებელს წარუდგინოს აღნიშნულის ბათილად ცნობის დამადასტურებელი შედეგები. კანონისმიერი ვალდებულების შესრულების შედეგი არის თუ არა ის, რომ საკრებულომ აღმასრულებელს უნდა წარუდგინოს სამართლებრივი აქტი, საიდანაც დადგინდება, რომ მან შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და ნამდვილად ამოიღო გენერალური გეგმიდან გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის მინიჭების სტატუსი;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი (№28) მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გულისხმობს თუ არა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ აღმასრულებელს უნდა წარუდგინოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმის (№28) ბათილად ცნობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, რაც იქნება ფუნქციური ზონის ცვლილების შესახებ გ. ს-ის განცხადების თავიდან განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
განცხადების დანართად წარმოდგენილია აღმასრულებლისათვის გაგზავნილი 2021 წლის 2 თებერვლის, 16 თებერვლის, 19 თებერვლის წერილები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღსრულების ხელშეწყობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. გადაწყვეტილების განმარტებისას კი არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასებების შედეგს; ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას. სწორედ აღნიშნული მოსაზრებით აკეთებს მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი №28 მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; გ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში უპირველესად სადავო გახდა - უნდა გავრცელდეს თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილების ბათილობის საკითხი (გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაზე, რის განმარტებასაც ითხოვენ განმცხადებლები.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, გ. ს-მა 2015 წლის 17 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა: დავალებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შესაბამისი დადებითი დასკვნის და/ან რეკომენდაციის მომზადება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ფუნქციური ზონის იმგვარი ცვლილების თაობაზე, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელებას; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებოდა ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილების თაობაზე საკითხის/შესაბამისი დადგენილების პროექტის თბილისის საკრებულოსთვის განსახილველად მომზადება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებოდა გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მოსარჩელის - გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი ...) შეეცვლებოდა ფუნქციური ზონა იმგვარად, რომ მასზე შესაძლებელი იქნებოდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის №28 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ძირითად დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ბათილად ცნობა. მოსარჩელის საბოლოო მიზანს კი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ფუნქციური ზონის იმგვარი ცვლილების განხორციელება წარმოადგენდა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ასევე აღინიშნა, რომ „მოცემული სამართალწარმოების მიმდინარეობის პროცესში სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით, რომლითაც დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ გ. ს-ის საკუთრებაში არსებული (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთი კვლავ მოექცა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების საზღვრებში.“ ამასთან, აღინიშნა, რომ სადავო ნორმის ახალი რედაქცია არსებითად იმეორებდა ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს. ამგვარად, ახლად მიღებული ნორმით არ შეცვლილა მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, კვლავ არსებობდა მოსარჩელის საკუთრების უფლების დარღვევის რისკი.
საკასაციო პალატამ საჭიროდ მიიჩნია აღნიშნულიყო, რომ სადავო ნორმების ცვლილება მოხდა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, რის გამოც საკასაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ახალი რედაქციის კანონიერებაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგული რედაქციის კანონიერებაზე მსჯელობა მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის ეფექტურ პრევენციულ საშუალებას წარმოადგენდა. აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად საკასაციო სასამართლომ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობამ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის გაუქმება. ნორმის გაუქმების შემდეგ, იგი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს სხვა ისეთი დებულებით, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ შეინარჩუნებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6), რაც არსებითად გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსზე მსჯელობის საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეფასებას ექვემდებარებოდა ძალადაკარგული სადავო ნორმით გათვალისწინებული საკუთრების უფლებაში ჩარევის კანონიერების საკითხი, რომლის მიმართ სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება ასევე უნდა გავრცელებულიყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით გ. ს-ის საკუთრების უფლების შემზღუდავ რეგულაციაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმატიული აქტით გ. ს-ის კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა მდგომარეობდა იმაში, რომ არ დგინდებოდა ამგვარი შეზღუდვით საჯარო ინტერესების დაცვის უპირატესობა, რის გამოც სადავო აქტი არღვევდა არათუ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილ საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმს ამგვარი შეზღუდვისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შესახებ, რის გამოც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით), მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის №28 სხდომის ოქმიც, რამდენადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიერ გ. ს-ის საკუთრებაში (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ლანდშაპტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილების საკითხის გადაწყვეტისას აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინების შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სადავო ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად იქნა ცნობილი როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, იმ საფუძვლებზე დაყრდნობით, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებული ნაწილით სახელმწიფომ დააწესა საკუთრების უფლების იმგვარი კონტროლი, რომლითაც გაუმართლებლად იზღუდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სადავო აქტების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გამიჯნოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი ბუნება, რა დროსაც აქტის ბათილად ცნობა უკავშირდება უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ უკავშირდება იმ შემთხვევებს, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას), ხოლო ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების დროს, ორივე შემთხვევაში უქმდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და წყვეტს მოქმედებას, თუმცა იმ სხვაობით, რომ ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადების - კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა მხოლოდ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება, არამედ გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად არის ცნობილი სადავო ნორმატიული აქტი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილების ძალადკარგულად გამოცხადება უკავშირდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების მიღებას, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, რომლითაც გ. ს-ის საკუთრებაში არსებული (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთი კვლავ მოექცა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების საზღვრებში. ხოლო იმ გარემოებამ, რომ სადავო ნორმის ახალი რედაქცია არსებითად იმეორებდა ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს, ახლად მიღებული ნორმით არ შეცვლილა მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და კვლავ არსებობდა მოსარჩელის საკუთრების უფლების დარღვევის რისკი, განაპირობა ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმის კანონიერებაზე მსჯელობის საჭიროება, მოსარჩელის უფლებების ქმედითი და რეალური დაცვის მიზნით, რის უზრუნველსაყოფადაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიეთითა, რომ შეფასებას ექვემდებარებოდა ძალადაკარგული სადავო ნორმით გათვალისწინებული საკუთრების უფლებაში ჩარევის კანონიერების საკითხი, რომლის მიმართ სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება ასევე უნდა გავრცელებულიყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით გ. ს-ის საკუთრების უფლების შემზღუდავ რეგულაციაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ცალსახად მიუთითებს ძალადაკარგული სადავო ნორმით გათვალისწინებული საკუთრების უფლებაში ჩარევის კანონიერების საკითხის მიმართ სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით გ. ს-ის საკუთრების უფლების შემზღუდავ რეგულაციაზე გავრცელების თაობაზე, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით კი დადგინდა სადავო ნაწილში ნორმატიული აქტის უკანონობა და ბათილად იქნა იგი ცნობილი. ამდენად, რამდენადაც გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასებების შედეგს, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ბათილად ცნობა გულისხმობს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მისი თანმდევი შედეგებით, იმავე გარემოებების, საფუძვლებისა და პირობების არსებობისას. ამდენად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კანონიერ ძალაში შესულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებასთან, რომლითაც განისაზღვრა სადავო ნორმატირული აქტის მიმართ სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით გ. ს-ის საკუთრების უფლების შემზღუდავ რეგულაციაზე გავრცელება. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ადგენს სადავო ნორმატიული აქტის მიმართ სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით გ. ს-ის საკუთრების უფლების შემზღუდავ რეგულაციაზე გავრცელებას, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე ნორმატიული შინაარსის ახალი აქტის მიღებას.
საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ სადავო ნორმატიული აქტის კანონიერების შეფასებისა და ბათილად ცნობის შემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე ნორმატიული შინაარსის ახალი აქტის მიღებას იდენტური გარემოებების, საფუძვლებისა და პირობების არსებობისას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათთან და ასევე უგულებელყოფს მოსარჩელის უფლებების ეფექტურ რეალიზაციას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ ვერ იქნება დაძლეული იმავე აქტის განმეორებით მიღებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით იმავე შინაარსის სამართლებრივი ნორმის მიღება/გამოცემა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებული იყო, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნორმა გაუქმდა ნორმის მიღების/გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური წესის დარღვევის გამო. სადავო შემთხვევაში სახეზე გვაქვს გასაჩივრებულ ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებითად ბათილად ცნობა, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, რამდენადაც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებული ნაწილით სახელმწიფომ დააწესა საკუთრების უფლების იმგვარი კონტროლი, რომლითაც გაუმართლებლად იზღუდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით გადამწყვეტია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გადმოცემული სადავო ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოტივები და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად - ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი №28 მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, იგი არ შეიცავს ბუნდოვანებას და არ საჭიროებს განმარტებას. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის №28 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიერ გ. ს-ის საკუთრებაში (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ლანდშაპტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილების საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინების შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ქმედების განხორციელებისა და აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის №28 სხდომის ოქმის გამოცემის დროს ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდებოდა და ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობები განსაზღვრული იყო ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით, რომლის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას, საბჭოს დასკვნის საფუძველზე, ამტკიცებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე. ამასთან, ამავე აქტის პირველი მუხლით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომლითაც ახლებურად ჩამოყალიბდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების საგანი, მიზნები, ამოცანები და შემადგენლობა, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა. ამასთან, „ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათი ნაწილების დამტკიცების ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტებისა და დასკვნების მომზადება და შესაბამისი ორგანოებისთვის მათი გადაგზავნის უზრუნველყოფა“ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-16 დადგენილების შესაბამისად „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს. ამგვარად, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პირობების დადგენა უნდა განხორციელდეს გ. ს-ის მიერ ფორმალურ სამართლებრივი საფუძვლების შექმნის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“
გ. ს-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობაზე და აღნიშნავს, რომ განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი, კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. გ. ს-ის მიერ წარმოდგენილი განცხადებით დასმული ზოგიერთი საკითხი არ უკავშირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების შინაარსს, არამედ ეხება გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში აღმასრულებლის უფლება-მოვალეობების განსაზღვრასა და განმარტებას, რაც სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს. კანონიერ ძალაში შესული, აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების სათანადო აღსრულება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება აღმასრულებლის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს და განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით.
საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლით, რომლის მიხედვითაც სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ცალკე მითითებული არ არის, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა აღნიშნული უფლება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის გაგებით, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; „აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ“, №40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი; დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ. ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27 სექტემბერი, 2005 წელი; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27 სექტემბერი, 2005 წელი).
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. ყოველივე აღნიშნული კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მნიშვნელობას და მათზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ბათილად ცნობა გულისხმობს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მისი თანმდევი შედეგებით, იმავე გარემოებების, საფუძვლებისა და პირობების არსებობისას;
3. გ. ს-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე