№ბს-979(კ-20) 7 აპრილი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ბ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 04 თებერვალს ზ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1800/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ზ. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1800/ო ბრძანება და მოპასუხეს ზ. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 11 დეკემბრის №03/238 ცნობის თანახმად, ზ. ბ-ა დევნილთა ბაზის მიხედვით, რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ..ში, ...ის ქ.N..., ინდ. საწ. „...ში“, ამავე მისამართზე რეგისტრირებული იყვნენ მისი ოჯახის წევრები - ს. ბ-ა და ა. ბ-ა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა იმავე მისამართზე მცხოვრებმა მოწმეებმა დაადასტურეს მოსარჩელისა და მისი ოჯახის ქ. თბილისში, ..ში, ...ის ქ.N..., ინდ. საწ. „...ს“ ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად გამორიცხავდა მოსარჩელეთა ზემოაღნიშნულ ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტს. რაც შეეხება მონიტორინგის ჯგუფის მიერ ბინაზე გადამოწმების ოქმს, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ცალკე აღებული ადასტურებდა კონკრეტულ დროს, კონკრეტულ მისამართზე სუბიექტის არყოფნის და არა მისი იქ არ ცხოვრების ფაქტს, რამეთუ ხსენებული გარემოება არ იყო გამყარებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ინდ. საწ. „...“ არის ნგრევადი შენობა, სადაც ცხოვრება არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში. იმ პირების მიმართ, რომლებსაც ფაქტობრივად ნგრევად შენობაში ცხოვრება დაუდასტურდათ, სააგენტომ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და ისინი სასწრაფოდ განთავსდნენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებში. კასატორის მითითებით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ფართით უზრუნველყოს დევნილები, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, თუმცა საფრთხე, რაც ნგრევად შენობაში მცხოვრებ პირებს ყოველდღიურად ემუქრებათ, ამართლებს სახელმწიფოს ქმედებას, პრიორიტეტი მიანიჭოს იქ მცხოვრებ პირებს სხვა დევნილებთან შედარებით. მსგავს შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნგრევად შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ სადავო მისამართზე 2019 წლის 11 ივნისს განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მონიტორინგის მასალების თანახმად, მონიტორინგის სამსახურს მისამართზე დახვდა მოსარჩელის მამა - ს. ბ-ი, რომელმაც განაცხადა, რომ ფართი დაკავებული აქვთ 1996 წლიდან. მისამართზე არ იმყოფებოდა მოსარჩელე და მისი ოჯახი. ს. ბ-მ განაცხადა, რომ მისი შვილიშვილები იმყოფებოდნენ მძახლების სახლში. კასატორის მითითებით, სააგენტომ მოიძია დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსარჩელის მეუღლე ია ბერულავას 2014 წლის აპრილიდან საკუთრებაში აქვს ბინა მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. N.... მართალია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხსენებული ფართის სტატუსი მშენებარეა, თუმცა ადგილზე დათვალიერებით ცხადი გახდა რომ აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობენ ოჯახები და იგი ათვისებულია, მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მიერ. კასატორის მითითებით, მოსარჩელის განაცხადი კომისიამ განიხილა 2019 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო ამავე წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელის მეუღლემ ბინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა საკუთარ ნათესავზე, რაც აჩენს ეჭვს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არის მოჩვენებითი და სასარჩელო მოთხოვნის გამყარებას ემსახურება. კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტომ დამატებითი მოკვლევა განახორციელა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე 2020 წლის 10 მარტს. მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე არავინ დახვდა, ხოლო მეზობელმა, რომელმაც ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, სააგენტოს თანამშრომლებს განუცხადა, რომ მისამართზე ზ. ბ-ა არ ცხოვრობს. ოთახი დაკავებული აქვს მის მამას, ს. ბ-ს. ამდენად, კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1800/ო სადავო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი სახოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ოჯახი რეალურად არ ცხოვრობდა მათ მიერ მითითებულ ნგრევად ობიექტში. კასატორის მითითებით, სააგენტოს წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ სადავო მისამართზე. მონიტორინგის მასალების თანახმად, მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა მოსარჩელის მამა - ს. ბ-ი, მოსარჩელე კი ცხოვრობდა მისი მეუღლის ბინაში, რომელიც კომისიის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში თვალთმაქცურად გაასხვისა ოჯახის წევრზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ. ბ-ა რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ...ის ქ.N..., ინდ.საწ. „...ში“, რომელიც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ქ. თბილისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ოცი ნგრევადი ობიექტიდან ერთ-ერთს (იხ. ს.ფ. 27), ამდენად, ცალსახაა, რომ არსებობდა მოსარჩელის ოჯახის საგამონაკლისო წესით განსახლების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა. ამასთან, მოსარჩელის დევნილის მოწმობის თანახმად, მის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ..., ...ის ქ.N..., ინდ. საწ. „...“ წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირველი ინტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს სწორედ სადავო მისამართი წარმოადგენდა. ამდენად, დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა მოსარჩელის სადავო მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის მეუღლის საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტი (მშენებარე ობიექტის), ვერ გამორიცხავს დევნილი ოჯახის სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე