Facebook Twitter

საქმე №ბს -1339(გ-20) 29 აპრილი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ხ-ემ 28.07.2020წ. საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შსს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრების: Nავ..., Nავ..., Nავ..., Nავ..., Nავ..., Nავ... სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივარში ს. ხ-ის მისამართად მითითებულია: ქუთაისი, ...ის ქ. N....

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2020წ. განჩინებით ს. ხ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, თუმცა ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ...ის მოედანი - ნ. ხ-ის ქუჩა, ...ის შემოსავლელი გზა, ...ის გზა, ლანჩხუთის რაიონის სოფ. ...ი. ამასთანავე, საჩივრის ავტორი - ს. ხ-ე რეგისტრირებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში. საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოს.

ხარაგაულის მაგისრატი სასამართლოს 02.12.2020წ. დადგენილებით ს. ხ-ის საჩივარი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. ალტერნატიული განსჯადობისას, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა. ასეთ დროს მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა ცდება საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, ხოლო ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა პირის საცხოვრებელ ადგილად ის ადგილი მიიჩნევა, სადაც იგი ცხოვრობს. საცხოვრებელი ადგილის მისამართი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეგისტრაციის ადგილის მისამართს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ს. ხ-ის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N.... ასევე საქმეში წარმოდგენილია ს. ხ-ის ქორწინების მოწმობის ასლი და საცხოვრებელი ადგილის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ს. ხ-ე მეუღლესთან - ა. ს.თან ერთად, 2019 წლის 07 თებერვლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. ქუთაისში ზემოაღნიშნულ მისამართზე, საჩივარი საქალაქო სასამართლოს წარედგინა 28.07.2020წ.. სასამართლომ მიუთითა, რომ ს. ხ-ის მიმართ ელექტრონული საჯარიმო ქვითრები შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე, რა დროსაც განსჯადობა ალტერნატიულია, სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც დარღვევის ჩადენის, ასევე - დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სწორედ თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებისა და ხარაგაულის მაგისტრატი მოსამართლის დადგენილების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ს. ხ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა, როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ზოგადი წესის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას (261.1 მუხ.), თუმცა კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (261.2 მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. ხ-ის მიმართ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრები, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები (ს.ფ.5-10) შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობისათვის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების (15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა) გამო. ს. ხ-ემ სასამართლოს საჩივრით მიმართა სწორედ აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამდენად, ვინაიდან სანქციის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილია, განსჯადობა ალტერნატიულია: ს. ხ-ეს შეეძლო საჩივარი წარედგინა სამართალდარღვევის ჩადენის ან თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ს. ხ-ე უთითებდა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილია ქუთაისი, ...ის ქ. N.... ამასთანავე, საქმეში დაცულია ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ 29.10.2020წ. და 11.11.2020წ. გაცემული ცნობები, რომელთა მიხედვით ს. ხ-ე ქ. ქუთაისში, ...ის ქ. N...-ში ცხოვრობს 2019 წლის 07 თებერვლიდან (ს.ფ. 42, 62). აღნიშნულ მისამართზე მაცხოვრებლებს შორის მითითებულია ა. ს.იც, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში ს. ხ-ე იმყოფება 2019 წლის 10 მაისიდან (ს.ფ. 61). ამასთანავე, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ს. ხ-ე რეგისტრირებულია მისამართზე: ხარაგაული, სოფელი ...ა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ალტერნატიული განსჯადობისას, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა საჩივრის ავტორის საპროცესო უფლებაა და დაუშვებელია მის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი, თუმცა საჩივრის ავტორს შეუძლია დავის განსახივლელად აირჩიოს არა ნებისმიერი სასამართლო, არამედ რამდენიმე განსჯადი სასამართლოდან ერთ-ერთი. ალტერნატიული განსჯადობა პირს არ აღჭურავს არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის უფლებით. განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობა უშვებს ალტერნატივას, კერძოდ, საქმის განხილვას სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად, განსჯადობის შესახებ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ადგილის დეფინიციის დადგენა.

საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლებამოვალეობანი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, ამასთანავე, ჩაწერის სისტემისაგან განსხვავებით, რეგისტრაცია განიხილება არა სანებართვო სისტემად, არამედ რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში (,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის მე-4 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საცხოვრებლის არჩევის უფლება არ იზღუდება რეგისტრაციის საჭიროებით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.2 მუხლი კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის შესაძლებლობას ადგენს დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის და არა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამდენად, ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი. საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობის ცნებაა და მოიცავს როგორც რეგისტრაციის ადგილს, ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დროის კონკრტულ მონაკვეთში პირი შესაძლებელია რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ საცხოვრებელ ადგილზე, რის გამო პირის საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა პირის საცხოვრებელი ადგილის უგულებელყოფით, მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის გათვალისწინებით საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის პრინციპებს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ენიჭება პირის საცხოვრებელ ადგილს და არა ადგილსამყოფელს. საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებით, ადგილსამყოფელი დროებით სარგებლობაშია და მას პირი ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად არ ირჩევს. სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება, თუ მას საცხოვრებელი ადგილი არ აქვს (სსკ-ის 15.2 მუხ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსჯადობის საკითხისათვის გადამწყვეტია პირის საცხოვრებელ ადგილი და არა ადგილსამყოფელი ან რეგისტრაციის ადგილი.

საქმის მასალებით, მათ შორის ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ 29.10.2020წ. და 11.11.2020წ. გაცემული ცნობებით, მაცხოვრებელთა სიით, ქორწინების მოწმობით და ს. ხ-ის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ს. ხ-ე ცხოვრობს ქ. ქუთაისში. ამასთანავე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის წარდგენით ს. ხ-ემ განსჯად სასამართლოდ აირჩია სასამართლო სწორედ თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.06.2020წ. N3 დადგენილებით განსაზღვრულია რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, რომლის მიხედვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქ. ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით (23.2 მუხ.)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ხ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე და 399-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით და:

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ხ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

მ. ვაჩაძე