Facebook Twitter

№ბს-860(2კ-20) 28 აპრილი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 22 იანვარს გ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ, სარჩელის დაზუსტების შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2018 წლის 19 ნოემბრის №MOD ... და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის №MOD ... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, გ. ხ-ს წელთა ნამსახურობაში 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის აგვისტომდე; 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 03 დეკემბრამდე; 2001 წლის აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე; 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 03 დეკემბრამდე პერიოდის ერთი დღის სამ დღედ და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1983 წლის 01 სექტემბრიდან 1990 წლის 27 ივნისის სასწავლო პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2018 წლის 19 ნოემბრის №MOD ... და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის №MOD ... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. ხ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე; 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 03 დეკემბრამდე; 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე; 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდის ერთი დღის სამ დღედ ჩათვლა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა გ. ხ-ის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ხ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ. ხ-მა, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნამსახურეობის ნუსხის თანახმად, 1984 წლის 13 დეკემბრიდან 1986 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა სსრკ შეიარაღებულ ძალებში.

1983 წლის 1 სექტემბრიდან გ. ხ-მა სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1990 წლის 25 ივნისს. 1991 წლის 03 მაისიდან 1993 წლის 19 მაისამდე გ. ხ-მა გაიარა სამხედრო სამსახური „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდებით. შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის სამმართველოს 1991 წლის 01 ივლისის №0286 მინაწერით გ. ხ-ს დაევალა 1991 წლის 01 ივლისს გამგზავრება ...ის ას მეთაურის განკარგულებაში. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1991 წლის 30 ივლისის №196 ბრძანების შესაბამისად, გ. ხ-ი დაინიშნა ოცმეთაურის თანამდებობაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ...ის ასეულში. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1992 წლის 01 მარტის №26 ბრძანებით, გ. ხ-ი 1992 წლის მარტიდან დაინიშნა №1 ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ...ის ასეულში. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1992 წლის 01 აპრილის №99 ბრძანებით, გ. ხ-ი 1992 წლის პირველი აპრილიდან დაინიშნა ბატალიონის მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე ტექნიკა-შეიარაღების დარგში, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ...ის ბატალიონში. 1993 წლის 19 მაისს მიენიჭა სამხედრო წოდება „ვიცე-პოლკოვნიკი“.

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1994 წლის 11 თებერვლის №53 ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკი გ. ხ-ი დაინიშნა მე-12 მოტომსროლელი ბრიგადის №17363 ს/ნ-ის (...ის ბატალიონი) პირად შემადგენლობაში ბატალიონის მეთაურის მოადგილედ შეიარაღების დარგში, 1993 წლის პირველი ოქტომბრიდან. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1994 წლის 28 აპრილის №256 ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკი გ. ხ-ი დაინიშნა მე-12 მოტომსროლელი ბრიგადის №17363 ს/ნ-ში მეთაურის მოადგილედ შეიარაღების დარგში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 26 აგვისტოს №561 ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკი გ. ხ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აკადემიაში მსმენელად ჩარიცხვასთან დაკავშირებით და გადაყვანილ იქნა სწავლის პერიოდში მინისტრის განკარგულებაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 20 ივლისის №896 ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკი გ. ხ-ი სწავლის დამთავრებასთან დაკავშირებით გაყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში 1999 წლის 5 ივლისიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 03 სექტემბრის №1193 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის განკარგულებაში მყოფი ვიცე-პოლკოვნიკი გ. ხ-ი დაინიშნა 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსად მეთაურის მოადგილედ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 20 ივნისს N866 ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკ გ. ხ-ს მიენიჭა სამხედრო წოდება „პოლკოვნიკი“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 04 მაისის №878 ბრძანებით პოლკოვნიკი გ. ხ-ი დაინიშნა ლოგისტიკის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილედ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 ივნისის №1465 ბრძანების თანახმად გ. ხ-ს დაუმტკიცდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევა 1991 წლის 6 მაისიდან, სადაც უწყვეტად იმსახურა 2007 წლის 13 დეკემბრამდე. ამავე პერიოდში, 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე, 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 3 დეკემბრამდე, 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე და 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 03 დეკემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის №5002 ბრძანებით პოლკოვნიკი გ. ხ-ი ჩაითვალა დათხოვნილად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) 2007 წლის 13 დეკემბრიდან.

გ. ხ-მა 2018 წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსს და ითხოვა საბუთების გაფორმება სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 19 ნოემბრის №MOD ... წერილობითი მიმართვის თანახმად, გ. ხ-ს 2018 წლის 17 ოქტომბრის №1044073 განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კომპენსაცია ენიშნებათ სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. პირადი საქმის მიხედვით, 1984 წლის 13 დეკემბრიდან 1986 წლის 27 დეკემბრამდე, 1993 წლის 19 მაისიდან 2007 წლის 13 დეკემბრამდე განმცხადებლის ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. ამასთან, გენერალური შტაბის ადმინისტრაციისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში ინფორმაცია, განმცხადებლის მიერ 1991-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ არ იძებნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ხ-ს უარი ეთქვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ საბუთების გაფორმებაზე, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 18 ივნისის №MOD ... ბრძანებით გ. ხ-ს დაუდასტურდა „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის გავლა 1991 წლის 06 მაისიდან 1993 წლის 19 მაისამდე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში გ. ხ-ი სამხედრო სამსახურში მსახურობდა როგორც სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურე.

სააპელაციო სასამართლომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მიუთითა განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ. ხ-ი 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე, 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 3 დეკემბრამდე, 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე და 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 03 დეკემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. კერძოდ, 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე იმყოფებოდა სამაჩაბლოში, 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 03 დეკემბრამდე აფხაზეთში. 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე, 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 03 დეკემბრამდე მონაწილეობდა საომარ პირობებთან გათანაბრებულ სამხედრო ოპერაციებში, რაც გათანაბრებულია საბრძოლო მოქმედებებთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის ზემოაღნიშნული პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისი გაანგარიშებით - ერთი დღე სამ დღედ.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ - 2006 წლის 30 მაისის №ბს-1488-1063(კ-05) გადაწყვეტილება), იმის შესახებ, რომ სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურებაში ჩათვლა წარმოადგენს უფლებამოსილებას, ნაცვლად ვალდებულებისა, რადგან მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს ვალდებულებას, აუცილებელ პირობას მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება და მიიჩნია, რომ გ. ხ-ის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს უპირობო ვალდებულებას.

ამასთან, აპელანტის - გ. ხ-ის მითითებაზე, რომ ის ითხოვდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან წარდგინების გაგზავნის მოპასუხისთვის დავალებას კომპენსაციის დასანიშნად, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო აღნიშნული, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე; 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 03 დეკემბრამდე; 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე; 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 03 დეკემბრამდე პერიოდის ერთი დღის სამ დღედ ჩათვლა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დავალება გულისხმობს სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან წარდგინების გაგზავნის დავალებას, შესაბამისი სტაჟის მითითებით.

სააპელაციო სასამართლომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის 300 ლარით განსაზღვრა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტის თანაზომიერად მიიჩნია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უცვლელად დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - გ. ხ-ი აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლო დაუსაბუთებლად დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1488-1063(კ-05)), რომლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურებაში ჩათვლა წარმოადგენს უფლებამოსილებას, ნაცვლად ვალდებულებისა, რადგან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებდა ვალდებულებას, აუცილებელ პირობას მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურების სტაჟში ჩათვლაზე“, რასაც კასატორი არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მხრიდან, ეროვნულ მართლმსაჯულებაში დანერგილი ეს უფლებაშემლახველი სასამართლო პრაქტიკა უნდა შეიცვალოს საქმეზე წარმოდგენილი მანკიერი პრაქტის გამაქარწყლებელ არგუმენტებზე დაყრდნობით.

კასატორს - გ. ხ-ს ასევე, უმართებულოდ მიაჩნია სასამართლოების მსჯელობა საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული 1000 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, მხოლოდ 300 ლარის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სასამართლოებმა მიუთითეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე, მაშინ როდესაც, სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი იყო არა მხოლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის ფაქტობრივად გაწეული 1000 ლარის ანაზღაურება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედების შედეგად, იძულებით თავსმოხვეული სამართალწარმოების გამო ადვოკატის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 19.11.2018 წლის №1169987 და თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 19.12.2018 წლის №1282854 წერილები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურემ მიიღოს კომპენსაცია, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ მითითებულ რომელიმე კომპონენტს. კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ კომპენსაციის დანიშვნისათვის სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს ნამსახურები 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, მან კომპენსაციის დანიშვნა დაუკავშირა სამხედრო სამსახურში 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წლით მუშაობას და არა შრომის საერთო სტაჟს. რაც შეეხება მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ სწავლისა და შეღავათიანი გაანგარიშებით წელთა ნამსახურობას, იგი ჩაითვლება არა სამხედრო სამსახურში ნამსახურებ კალენდარულ წელში, არამედ მე-16 მუხლის დანაწესის შესაბამისად, იგი ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში. აქედან გამომდინარე სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდების (შეღავათიანი გაანგარიშებით) წელთა ნამსახურობის დაანგარიშება ხდება კომპენსაციის დანიშვნის უფლების მოპოვების შემდგომ საკომპენსაციო თანხის ოდენობის გამოთვლისას.

კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონზე, რომელიც გამოცემულია 1998 წლის 25 ივნისს. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ზემოთ მითითებული კანონი არ ითვალისწინებს დათქმას უკუძალის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, მოცემული კანონი ვერ გავრცელდება 1990 და 1991-1993 წლებში არსებულ ურთიერთობებზე. ხოლო სადავო პერიოდში მოქმედი აქტებით არ წესრიგდებოდა სადავო საკითხი.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდება სასამართლოს მიერ მითითებულ პერიოდში გ. ხ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ 20.08.2001-11.09.2001 წლებში და 10.10.2001-03.12.2001 წლებში მოქმედება გათანაბრებული იყო საომარ პირობებთან.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასამართლომ ჩათვალა სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ერთი დღე სამ დღედ 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე, ასევე 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 3 დეკემბრამდე; მაშინ როდესაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდგომ აფხაზეთის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები აღარ გაგრძელებულა.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, 300 ლარის დაკისრება სცდება გონივრულობის ფარგლებს.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს ასევე, რომ სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 ნოემბრის №MOD ... წერილი, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 19.11.2018 წლის №MOD ... წერილისა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება როგორც დაუსაბუთებელი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველო თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2018 წლის 19 ნოემბრის №MOD ... და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის №MOD ... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. ხ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე; 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 03 დეკემბრამდე; 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე; 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდის ერთი დღის სამ დღედ ჩათვლისა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1983 წლის 01 სექტემბრიდან 1990 წლის 27 ივნისის სასწავლო პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2018 წლის 19 ნოემბრის №MOD ... და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის №MOD ... ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე გ. ხ-ი 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე, 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 3 დეკემბრამდე, 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე და 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 03 დეკემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. კერძოდ, 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 12 აგვისტომდე იმყოფებოდა სამაჩაბლოში, 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 03 დეკემბრამდე აფხაზეთში. 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე, 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 03 დეკემბრამდე მონაწილეობდა საომარ პირობებთან გათანაბრებულ სამხედრო ოპერაციებში, რაც გათანაბრებულია საბრძოლო მოქმედებებთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ყველა სახის ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში უნაზღაურდებათ შესაბამისად სამმაგი და ორმაგი ოდენობით.

ამასთან, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას გ. ხ-ის წელთა ნამსახურობაში ზემოაღნიშნული პერიოდის ერთი დღის სამ დღედ ჩათვლასთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - გ. ხ-ის მითითებას სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის სავალდებულოობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შესაძლებელია ჩაეთვალოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს განსახილველ საკითხთან მიმართებაში უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმა ცხადად და არაორაზროვნად მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაზე და არა ვალდებულებაზე, სწავლის პერიოდის ნამსახურობის პერიოდში ჩათვლასთან მიმართებაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ამ მიმართებით, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, „სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.“ (იხ. სუსგ 07.02.19წ. №ბს-432-429(2კ-17).

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე გ. ხ-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის ოდენობით დაკისრებას ზემოაღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით გონივრულად მიიჩნევს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 ნოემბრის №MOD ... წერილი, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 19 ნოემბრის №MOD ... წერილისა და განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს აშკარა ტექნიკურ შეცდომას, რაც ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ხ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე