№ბს-564(კ-20) 28 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ე; მესამე პირი (სასკ 16.1) - იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 27 ოქტომბერს ი. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1740 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის ი. გ-ის დევნილად ცნობის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ზიანის ანაზღაურება 2014 წლის მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ 2018 წლის 18 იანვრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება - ი. გ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1740 ბრძანება, ი. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს აღუდგებოდა იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება, 2014 წლის მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ი. გ-ეს 2007 წლიდან მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდებოდა - ქ. ...ი, ...ს ქ. №34. ამასთან, მან 2013 წლის ოქტომბერში გაიარა დევნილთა რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო კომისიამ ი. გ-ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, 2014 წლის 16 მაისს გაგზავნა წერილი იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 24 ნოემბრის №53346/01 წერილით კომისიას ეცნობა, რომ ი. გ-ძის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ...ი, ...ს ქ. №34, სადაც იგი ცხოვრობდა 1990 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე. ამავე წარმოების ფარგლებში, ი. გ-ესთან გაიმართა გასაუბრება. ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №427 ბრძანებით ი. გ-ეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 დეკემბრის №3/3159-15 გადაწყვეტილებით, ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №427 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი, თუ რატომ იქნა უარყოფილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი - იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 20 ნოემბრის წერილი და ამონაწერი სხდომის ოქმიდან, რომლითაც დგინდებოდა, რომ ი. გ-ძის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ...ი, ...ს ქ. №34 და რა მიზეზით იქნა გაზიარებული მხოლოდ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2015 წლის 20 თებერვლის მოხსენებითი ბარათი და დასკვნა, ი. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.
ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 23 ივნისს გამოიკითხა თავად დაინტერესებული მხარე - ი. გ-ე. გასაუბრების შედეგებისა და საქმეში არსებული მასალების ხელახალი შეფასების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადდა დასკვნა „ი. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე“. დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ი. გ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ...ი არ იყო, რადგან იქ იმყოფებოდა სტუდენტობის დროს სწავლის მიზნით. ამასთან, აღნიშნული დასკვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან გადაიგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივლისის №01-01/06-7560 მოხსენებითი ბარათით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1740 ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 21 ივლისის №01- 01/06-7560 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ი. გ-ეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე მხარემ არ შეაფასა ის გარემოებები, რაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა დავალებული. საქმეში არსებული მასალებით კვლავ არ დგინდებოდა, თუ რატომ იქნა უარყოფილი იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის პოზიცია ი. გ-ის ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით და რას ეყრდნობა ადმინისტრაციული ორგანოს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მიუხედავად რეგისტრაციისა (ჩაწერის), მოსარჩელე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა დროებით, მხოლოდ სწავლის მიზნით და გარკვეული დროის შემდეგ იგი დაბრუნდებოდა ქ. ქუთაისში.
საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მესამე პირის ახსნა-განმარტებით, არ დასტურდებოდა 1993 წლის სექტემბრამდე ი. გ-ის მიერ ...ის დატოვების ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ-ე წარმოადგენდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს. შესაბამისად, სადავო აქტით მოსაჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი დასკვნა და ბრძანება ეწინააღმდეგებოდა კანონს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ასევე საფუძვლიანი იყო მოთხოვნა 2014 წლის მარტის თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი დევნილის შემწეობის, ყოველთვიურად 45 ლარის ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №427 ბრძანება ბათილად იყო ცნობილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 დეკემბრის №3/3159-15 გადაწყვეტილებით, სასამართლომ ასევე ბათილად ცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1740 ბრძანება. შესაბამისად, შემწეობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა და მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა დევნილის შემწეობა 2014 წლის მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ი. გ-ე დაიბადა 1970 წელს ქუთაისში. 1988 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ქ. ქუთაისში. მშობლებს არ აქვთ დევნილის სტატუსი. 1989 წლიდან ომამდე ცხოვრობდა დეიდასთან მხოლოდ სწავლის მიზნით ქ. ...ში და სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მისი ...ში რეგისტრაციაც. ამჟამადაც ცხოვრობს ქ. ქუთაისში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი. გ-ესთან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.
კასატორის განმარტებით, ძირითადი მტკიცებულება, რასაც სასამართლო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს არის აფხაზეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ი. გ-ის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა აფხაზეთი. აღნიშნულ გარემოებას ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლობა ასაბუთებს მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტით. შესაბამისად, ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.
კასატორი მიიჩნევს, რომ კანონის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თაობაზე. კასატორის განმარტებით, სადავო არ არის, რომ ი. გ-ე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნამდვილად იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პირი, რომელიც დაბადებულია სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. ქუთაისში), ისწავლა სკოლაში, გაიზარდა, ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახი მოცემულ (არაოკუპირებულ) ტერიტორიაზე და მხოლოდ სწავლის მიზნით, გარკვეული დროით გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დროებით საცხოვრებლად. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, მას არც რაიმე უძრავი ქონება გააჩნდა აფხაზეთში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით კასატორ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 დეკემბრის №3/3159-15 გადაწყვეტილებით, ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №427 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ იყო დადგენილი, თუ რატომ იქნა უარყოფილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი - იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 20 ნოემბრის წერილი და ამონაწერი სხდომის ოქმიდან, რომლითაც დადგინდა, რომ ი. გ-ძის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ...ი, ...ს ქ. №34 და რა მიზეზით იქნა გაზიარებული მხოლოდ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2015 წლის 20 თებერვლის მოხსენებითი ბარათი და დასკვნა, ი. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.
ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გასაუბრების შედეგებისა და საქმეში არსებული მასალების ხელახალი შეფასების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადდა დასკვნა „ი. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე“. დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ი. გ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ...ი არ იყო, რადგან იქ იმყოფებოდა სტუდენტობის დროს სწავლის მიზნით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 22 სექტემბრის №1740 ბრძანებით ი. გ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო არ არის 1990-1993 წლებში ი. გ-ის ქალაქ ...ში ცხოვრების ფაქტი. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ კასატორის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ი. გ-ე ქალაქ ...ში იმყოფებოდა სწავლის მიზნით და შესაბამისად, იგი არ შეიძლება მიჩნეულიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საცხოვრებელი ადგილი ფართო მნიშვნელობის ცნებაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს “რეგისტრაციის ადგილი” და “მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.
მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის №ბს-1896-1849(კ-10) განჩინება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ი. გ-ეს (დაბ. ...წ.) 2007 წლიდან მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდებოდა - ქ. ...ი, ...ს ქ. №34.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 24 ნოემბრის №53346/01 წერილით კომისიას ეცნობა, რომ ი. გ-ძის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ...ი, ...ს ქ. №34, სადაც იგი ცხოვრობდა 1990 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე (ს.ფ. 15-42).
ი. გ-ესთან 2017 წლის 23 ივნისს ჩატარებულ გასაუბრებაზე, მან აღნიშნა, რომ გადაადგილებამდე, ცხოვრობდა ქ. ...ში, ...ს ქ. №34- ში, ფოთოლა იოსელიანთან (დეიდა), ოთარი წივწივაძესთან (ბიძა), ზაზა წივწივაძესთან (დეიდაშვილი) და ზურაბ წივწივაძესთან (დეიდაშვილი) ერთად. დეიდა და დეიდაშვილები არიან დევნილები, ხოლო ბიძა გარდაცვლილია 1993 წელს. 1988 წელს ი. გ-ემ დაამთავრა ქ. ...ის N... საშუალო სკოლა და 1989 წელს წავიდა დეიდასთან ...ში, რადგან ჰქონდა პირადი ხასიათის პრობლემები. 1990 წელს ამოეწერა ქ. ქუთაისიდან და მუდმივ მაცხოვრებლად ჩაეწერა დეიდასთან, ქ. ...ში. 1990 წელს ჩაირიცხა ...ის სუბტრიპიკულ ინსტიტუტში, დასწრებულ განყოფილებაზე, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1993 წლის 27 სექტემბერს, დეიდასთან და დეიდაშვილებთან ერთად გემით წამოვიდა ფოთში, ხოლო ბიძა დარჩა ...ში, სადაც ომის დროს მოკლეს (ს.ფ. 65-66).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ი. გ-ძე 1990 წლიდან 1995 წლამდე სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში და 20.12.1995 წლის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია. აღნიშნული ინსტიტუტის ადგილსამყოფელი იყო ქალაქი ...ი, ხოლო საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ის გადმოტანილ იქნა ქალაქ ქუთაისში (ს.ფ. 15-42).
ამასთან, საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მესამე პირის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ არ დასტურდება 1993 წლის სექტემბრამდე ი. გ-ის მიერ ...ის დატოვების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) დროებით ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, ქალაქი ...ი წარმოადგენდა ი. გ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მოსამსახურის ბრალის მიუხედავად, თუ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №427 ბრძანება ბათილად არის ცნობილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 დეკემბრის №3/3159-15 გადაწყვეტილებით, სასამართლომ ასევე ბათილად ცნო ამავე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1740 ბრძანება. შესაბამისად, შემწეობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს და ი. გ-ეს უნდა აუნაზღაურდეს დევნილის შემწეობა 2014 წლის მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე