№ბს-464(კ-20) 28 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ჩ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 23 ივლისს ლ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ბრიგადის ... ბატალიონის შემადგენლობაში, სამხედრო სამსახურის მედდის პოზიციაზე ნამსახურები პერიოდის - 1993 წლის 1 მარტიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდის, სამხედრო ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის სამხედრო ნამსახურობის სტაჟში საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ბრიგადის ... ბატალიონის შემადგენლობაში სამხედრო სამსახურის მედდის პოზიციაზე ნამსახურები პერიოდის - 1993 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე ჩათვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 5 ივნისის №MOD ... წერილით ლ. ჩ-ას, მის მიერ 2018 წლის 1 მაისს წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში ინახება ... საარმიო კორპუსის №...-ის მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №181 ბრძანების ქსეროასლი ლ. ჩ-ას შესახებ (აღნიშნული ბრძანების დედანი არ იძებნება). ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში სხვა ინფორმაცია ლ. ჩ-ას 1992-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ არ იძებნება.
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ... მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის №88 ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნენ და გათავისუფლდნენ, მათ შორის, სამოქალაქო - ჩ-ა ლ., ... საარმიო კორპუსის ... ბრიგადის ... ბატალიონის მედდა - 1993 წლის 1 მარტიდან.
მეორე საარმიო კორპუსის №... მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №181 ბრძანების თანახმად, რიგითი - ლ. ჩ-ა, ს/ნ ... მედდა გათავისუფლდა და დაინიშნა სანიტარული ინსტრუქტორ მორიგედ - 1993 წლის 1 მაისიდან.
ლ. ჩ-ას სახელზე გაცემული შრომის წიგნაკის შესაბამისად, მას 1993 წლის 30 სექტემბრის №8 ბრძანების საფუძველზე შრომითი საქმიანობა დროებით შეუწყდა აფხაზეთის ა/რ საომარ მოქმედებების გამო.
საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ... ბრიგადის ... ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა - კ. ს-ემ, ყოფილმა საინჟინრო სამსახურის უფროსმა - გ. ს-ემ და ყოფილმა ასეულის მეთაურმა - რ. ნ-ემ დაადასტურეს, რომ ლ. ჩ-ა ნამდვილად ირიცხებოდა ... ბრიგადის ... ბატალიონში 1993 წლის 1 მარტიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე სამედიცინო სამსახურის მედდად. საბრძოლო მოკვლევაში მითითებულია, რომ იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ, ...ის და ...ის მიმართულებით, მასზე დაკისრებულ მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად და წარმატებულად.
2018 წლის 27 ივნისს ლ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა ნამსახურების წლების დაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ იგი 2007-2018 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის №MOD ... წერილით ლ. ჩ-ას ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბაზის თანახმად, იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არის ზღვრული ასაკის მიღწევისას და 2007-2018 წლებში მისი ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. წარდგენილ საბრძოლო მოკვლევასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში დაცულ ... ბრიგადის საარქივო მასალებში არ იძებნებოდა ბრძანებები, მის მიერ 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რის გამოც, მოკლებულნი იყვნენ განმცხადებლის თხოვნის - სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენის შესახებ, დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ მართალია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ზუსტად არ დგინდებოდა, თუ როდის დაინიშნა და გათავისუფლდა მოსარჩელე ... ბრიგადის ... ბატალიონის მედდად, როგორც სამხედრო მოსამსახურე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი იყო ... საარმიო კორპუსის №... მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №181 ბრძანება, რომლის თანახმად, რიგითი ლ. ჩ-ა - ს/ნ ...-ის მედდა გათავისუფლდა და დაინიშნა სანიტარული ინსტრუქტორ მორიგედ 1993 წლის 1 მაისიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ლ. ჩ-ას სახელზე გაცემული შრომის წიგნაკის თანახმად, მას 30.09.1993წ. №8 ბრძანების საფუძველზე შრომითი საქმიანობა დროებით შეუწყდა აფხაზეთის ა/რ საომარი მოქმედებების გამო.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ლ. ჩ-ა, 1993 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე მსახურობდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს ეს პერიოდი უნდა ჩაუთვალოს სამხედრო ნამსახურობის სტაჟში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად ... საარმიო კორპუსის №... მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №181 და ... მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 1998 წლის 2 აპრილის №88 ბრძანებებზე მითითება, ვინაიდან, №181 ბრძანება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში დაცულია როგორც „ასლი“, ამასთან, მასში სახელი მითითებულია არა „ლ.“, არამედ „ლ.“. რაც შეეხება, №88 ბრძანებას, კასატორის მითითებით, მასზე წელი გადასწორებულია და არ ირკვევა რომელი წელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მოსარჩელისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ბრიგადის ... ბატალიონის შემადგენლობაში სამხედრო სამსახურის მედდის პოზიციაზე ნამსახურები პერიოდის, 1993 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდის, სამხედრო ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 5 ივნისის №MOD ... წერილით, ლ. ჩ-ას, მის მიერ 2018 წლის 1 მაისს წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში ინახება ... საარმიო კორპუსის №...-ის მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №181 ბრძანების ქსეროასლი ლ. ჩ-ას შესახებ (აღნიშნული ბრძანების დედანი არ იძებნება). ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში სხვა ინფორმაცია ლ. ჩ-ას 1992-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ არ იძებნება.
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ... მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის №88 ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნენ და გათავისუფლდნენ, მათ შორის, ჩ-ა ლ., ... საარმიო კორპუსის ... ბრიგადის ... ბატალიონის მედდა - 1993 წლის 1 მარტიდან.
მეორე საარმიო კორპუსის №... მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №181 ბრძანების თანახმად, რიგითი - ლ. ჩ-ა, ს/ნ ... მედდა გათავისუფლდა და დაინიშნა სანიტარული ინსტრუქტორ მორიგედ - 1993 წლის 1 მაისიდან.
ლ. ჩ-ას სახელზე გაცემული შრომის წიგნაკის შესაბამისად, მას 1993 წლის 30 სექტემბრის №8 ბრძანების საფუძველზე შრომითი საქმიანობა დროებით შეუწყდა აფხაზეთის ა/რ საომარი მოქმედებების გამო.
საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ... ბრიგადის ... ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა - კ. ს-ემ, ყოფილმა საინჟინრო სამსახურის უფროსმა - გ. ს-ემ და ყოფილმა ასეულის მეთაურმა - რ. ნ-ემ დაადასტურეს, რომ ლ. ჩ-ა ნამდვილად ირიცხებოდა ... ბრიგადის ... ბატალიონში 1993 წლის 1 მარტიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე სამედიცინო სამსახურის მედდად. საბრძოლო მოკვლევაში მითითებულია, რომ იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ, ...ის და ...ის მიმართულებით, მასზე დაკისრებულ მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად და წარმატებულად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ასლის სახით წარმოდგენილი ... საარმიო კორპუსის №...-ის მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №181 ბრძანებით და აღნიშნავს, რომ ლ. ჩ-ას 2018 წლის 1 მაისს წარდგენილი განცხადების პასუხად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 5 ივნისის №MOD ... წერილით ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში ინახება ... საარმიო კორპუსის №... მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №181 ბრძანების ქსეროასლი ლ. ჩ-ას შესახებ (აღნიშნული ბრძანების დედანი არ იძებნება). შესაბამისად, ის გარემოება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის არქივში არ არის დაცული ... საარმიო კორპუსის №...-ის მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის №181 ბრძანების დედანი, არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება, ბრძანებაში სახელის არასწორად მითითებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ არაერთ ოფიციალურ დოკუმენტში არის შეცდომით მითითებული სახელი „ლ.“ ნაცვლად სახელისა „ლ.“, რაც ასევე არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ლ. ჩ-ასთვის 1993 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე ნამსახურები პერიოდის სამხედრო ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე