№ბს-427(კ-20) 28 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 1 დეკემბერს ქ. ქ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 17 მარტის რეგისტრაციის შესახებ №..., 2017 წლის 16 მაისის რეგისტრაციის შესახებ №... და 2017 წლის 6 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და 1998 წლის 16 ივლისს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის №440 ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ქ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ქ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ქ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ, ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი №636 არ შედიოდა კომლის მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, გამოყოფილი იყო ცალკე ნაკვეთათ და არ შეუცვლია კონფიგურაცია. ქ. ქ-ი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ №636 მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლი წარმოადგენდა მისი ძმის ა. ქ-ის საკუთრებას, სადავო არ იყო ასევე ის გარემოება, რომ ქ. ქ-ს დარეგისტრირებული და საჯარო რეესტრში აღრიცხული ჰქონდა მიწის ნაკვეთი იმ ოდენობით, რა ოდენობის მიწაც ირიცხებოდა კომლის სარგებლობაში. ერთადერთი არგუმენტი, რაც მოსარჩელის მიერ №440 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილობის მოტივით იყო წარმოდგენილი, იყო ის გარემოება, რომ ნაკვეთს არ გააჩნდა სწორი კონფიგურაცია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებულ პირობებში საკითხი ეხებოდა არა მხოლოდ მოთხოვნის უსაფუძვლობას, არამედ ამ ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობას, რამდენადაც მიწის ნაკვეთის არსებული კონფიგურაციის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1993 წელს, როდესაც იმავე მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერების შესახებ სასამართლო წარმოება მიმდინარეობდა ა. ქ-ის სარჩელის საფუძველზე. მოსარჩელის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაცნობიდან სასამართლოში მომართვამდე გასული იყო 10 წელზე მეტი, რაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმთავითვე ქმნიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით უარყოფის დამატებით და უპირობო საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ასევე, ვერ დაასაბუთა მოთხოვნისადმი მისი ინტერესის არსებობა, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, კომლისათვის გადაცემული მიწა აღრიცხული იყო მის სახელზე, მისივე განცხადების საფუძველზე და მიღება-ჩაბარების (ნაწილობრივ), ისევე როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილობის პირობებში არ არსებობდა უფლებადამდგენი დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ახალ რეგისტრაციას მოსარჩელის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილობასთან დაკავშირებით გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ საქმეზე დაცული №... საარქივო ცნობის თანახმად, კასპის ადგილობრივ არქივში დაცული, ...ის თემის საკრებულოს გასული კომლების 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხებოდა ა. ქ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 30 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (ჩანაწერის წელი მითითებული არ იყო). მიწის ფართობი მითითებული არ იყო.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 2003 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით ა. დ. (სახელი ასეა დოკუმენტში, მამის სახელი ჩასწორებულია) ქ-ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 0,116 (ჩანაწერი ასეა დოკუმენტში) მიწის ფართობი. იმავე სიის ჩანაწერით, ა. (სახელი ასეა დოკუმენტში) დ. ქ-ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 0,02 (ჩანაწერი ასეა დოკუმენტში) მიწის ფართობი.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 2017 წლის 16 მაისს რეგისტრაციის შესახებ №... (16.05.2017) გადაწყვეტილებით კასპში, სოფელ ...ში მდებარე 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (№... საკადასტრო კოდით) დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ა. ქ-ის (პ.ნ. ...) საკუთრების უფლება. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მომზადდა შესაბამისი საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელშიც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა ზემოაღნიშნული საარქივო ცნობა №....
ა. ქ-ის (პ.ნ. ...) საკუთრების უფლება დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ასევე კასპში, სოფელ ...ში მდებარე 70 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი ...) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საერთო ფართით 25.76 კვ.მ.). ხოლო რეგისტრაციის შესახებ №... (17.03.2017) გადაწყვეტილებით, აღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, რომლის შედეგადაც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი განისაზღვრა როგორც 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობა №1, საერთო ფართით 54.56 კვ.მ.
2017 წლის 29 აგვისტოს ა. ქ-ის (პ.ნ. ...) მიერ წარდგენილი განცხადებისა და ორი მიწის ნაკვეთის გაერთიანების ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდეგ, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... (06.10.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც გაერთიანდა №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები და მიენიჭა №... საკადასტრო კოდი, მომზადდა შესაბამისი საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი განისაზღვრა როგორც 194 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართით 54.56 კვ.მ.).
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქ. ქ-ის უფლება მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო 2012 წელს, ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე - ა. ქ-ის სახელზე. სსიპ საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ზედდება სხვა უძრავ ნივთთან არ ფიქსირდებოდა. ზედდების არსებობა მოსარჩელის ან რომელიმე მე-3 პირის სახელზე რეგისტრირებულ ნივთთან არ ფიქსირდებოდა არც მიმდინარე ეტაპზე.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, რომ აპელანტმა ვერ მიუთითა კანონით განსაზღვრულ ვერცერთ სამართლებრივ ნორმაზე, რაც შექმნიდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მე-3 პირზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონშეუსაბამოდ შეფასების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს განმარტება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აპელანტის განმარტება რეგისტრაციის პროცესში აღნიშნული მუხლის დაუცველობის თაობაზე არ პასუხობდა ამავე მუხლის მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი რეგისტრაციის პროცესში ერთვებოდა მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც არსებობდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის საჭიროება. სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც 1998 წლის 16 ივლისს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების №440 აქტი შეიცავდა პირდაპირ მითითებას №636 მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის თაობაზე, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება რეგისტრაციის პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართვის საჭიროებაზე და პროცედურული ნორმების დარღვევის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2012 წელს ე.წ. „პროექტის ფარგლებში“ მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია მოხდა მისი განცხადების საფუძველზე და რომ მან დაურთო მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული განცხადება საქმის მასალებში არ მოიპოვება და შესაბამისად, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან უსაფუძვლო იყო იმის მტკიცება, რომ 2012 წელს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა მისი განცხადების საფუძველზე.
კასატორის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1993 წლის 20 ივლისის №289/ა განჩინებით ცვლილება შევიდა მორიგების პირობებში, რომელიც დამტკიცებული იყო თავად კასატორს, ა. ქ-ს და მ. ქ-ს შორის. მ. ქ-ის კომლის ქონებიდან, რომლის კომლის წევრსაც თავად წარმოადგენდა, ა. ქ-ს მიაკუთვნა ახალი საცხოვრებელი სახლი, ძველი სახლი კი დარჩა მას. მიწის ნაკვეთის შესახებ მორიგება ამოირიცხა მორიგების პირობებიდან და დარჩა მას კომლის მფლობელობაში, რადგან მ. ქ-ი გარდაცვლილი იყო და კომლის უკანანსკნელ წევრს თავად წარმოადგენდა. ანუ, კასატორის მითითებით, მისი და მ. ქ-ის კომლის კუთვნილი ქონებიდან, ა. ქ-ს მიეკუთვნა მხოლოდ ახალი საცხოვრებელი სახლი შიდა ფართით 30.00 კვ.მ. მიმდებარე მიწის ფართის გარეშე. სწორედ უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინება დაედო საფუძვლად, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გასული კომლების 1986-1996 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში ა. ქ-ის კომლად აღრიცხვას. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტს, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი შეიცავდა დაუზუსტებელ მონაცემებს და ბუნებრივია მისი შედგენა მოხდა სწორედაც რომ უზენაესი სასამართლოს 1993 წლის 20 ივლისის №289/ა განჩინებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, კასატორის მითითებით, დაუზუსტებელი მონაცემების შემცველი მიღება - ჩაბარების აქტი სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, სადავო მიწის რეგისტრაციის კანონიერ საფუძვლად არ უნდა მიჩნეულიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 17 მარტის რეგისტრაციის შესახებ №..., 2017 წლის 16 მაისის რეგისტრაციის შესახებ №..., 2017 წლის 6 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებებისა და 1998 წლის 16 ივლისს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის №440 ნაწილობრივ ბათილად ცნობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მაისის რეგისტრაციის შესახებ №... (16.05.2017) გადაწყვეტილებით კასპში, სოფელ ...ში მდებარე 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (№... საკადასტრო კოდით) დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ა. ქ-ის საკუთრების უფლება. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მომზადდა შესაბამისი საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელშიც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა საარქივო ცნობა №... (გაფორმების თარიღი: 08/05/2017 წ.).
2017 წლის 13 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... განცხადებით მიმართა ა. ქ-მა და მოითხოვა კასპში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, რომლის შედეგადაც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი განისაზღვრა როგორც 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით 54.56 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 6 ოქტომბერს მიღებული №... გადაწყვეტილებით განხორციელდა ა. ქ-ის სახელზე რეგისტრირებული №... და №... უძრავი ნივთების გაერთიანება. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 194.00 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 2 ნოემბერს მიღებული №... გადაწყვეტილებით ქ. ქ-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 6 ოქტომბერს მიღებული №... გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 29 ივნისის №ბს-367-293-კ-05 განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი. ა. ქ-ი ითხოვდა 1998 წლის 16 ივლისს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის №440 ნაწილობრივ ბათილად ცნობას. ქ. ქ-ის სახელზე 1998 წლის 16 ივლისს გაცემული მიღება-ჩაბარების №440 აქტზე მოსარჩელის მიწის რეფორმამდე არსებულ სახლთან მიწის ნაკვეთის ნახაზის კონფიგურაციით განსაზღვრული იყო №636 მიწის ნაკვეთის პარამეტრები.
კასპის ადგილობრივ არქივში დაცული, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გასული კომლების 1986-1996 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხებოდა ა. ქ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდ 1990 წლის ჩანაწერით 30 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, 1986-1989 წლებში საცხოვრებელი სახლი და 1986-1990 წლებში მიწის ფართობი მითითებული არ არის. დამატებით ცნობების გრაფაში მითითებული იყო: შეტანილ იქნა უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ...ის თემის საკრებულოს გასული კომლების 1996-2006 წლებით დათარიღებული საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხებოდა ა. ქ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1990 წლის ჩანაწერით 30 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. (ჩანაწერის წელი მითითებული არ არის, მიწის ფართობი მითითებული არ არის). კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 2003 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით ა. ქ-ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 0,116 მიწის ფართობი. იმავე სიის ჩანაწერით, ა. ქ-ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 0,02 მიწის ფართობი. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თემის საკრებულოს, სოფელ ...ის 1992 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების განაწილების და ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 1999 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით ა. ქ-ის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. ასევე არ აღმოჩნდა მის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1993 წლის 20 ივლისის N289/ა განჩინებით, ცვლილება შევიდა მორიგების პირობებში, რომელიც დამტკიცებული იყო ა. ქ-ს, ქ. ქ-ს და მ. ქ-ს შორის. მათი ქონება გაიყო და ა. ქ-ს მიეკუთვნა ახალი საცხოვრებელი სახლი, ძველი სახლი დარჩა ქ. ქ-ს. მიწის ნაკვეთის შესახებ მორიგება ამოირიცხა პირობებიდან და დარჩა კომლის მფლობელობაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ქ. ქ-ის სახელზე, კასპი, სოფელი ...ი, დაზუსტებული ფართობი: 3209,65. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო საკომლო ჩანაწერები და პირადი განცხადება, საკადასტრო ნახაზი იმეორებდა 1998 წლის 16 ივლისს გაცემული მიღება-ჩაბარების №440 აქტზე გამოსახულ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ №636 მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლი წარმოადგენდა მისი ძმის ა. ქ-ის საკუთრებას და მასზე დარეგისტრირებული და საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო მიწის ნაკვეთი იმ ოდენობით, რა ოდენობის მიწაც ირიცხებოდა კომლის სარგებლობაში. 1998 წლის 16 ივლისს გაცემული №440 მიღება-ჩაბარების ბათილობის ერთადერთ მოტივად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ნაკვეთს არ გააჩნია სწორი კონფიგურაცია.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქმეში დაცულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ 1998 წლის 16 ივლისს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების №440 აქტზე თანდართული საკადასტრო ნახაზის შესწავლის შედეგად დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი არის იმავე კონფიგურაციის და პარამეტრების, როგორც ეს ასახულია მიღება-ჩაბარების აქტში. ასევე, №636 მიწის ნაკვეთი არის იმავე კონფიგურაციის და პარამეტრების, როგორიც არის ა. ქ-ის სახელზე ამჟამად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №....
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ზედდება სხვა უძრავ ნივთთან არ დაფიქსირებულა. ზედდების არსებობა მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მესამე პირის სახელზე რეგისტრირებულ ნივთთან არ ფიქსირდებოდა არც მიმდინარე ეტაპზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის არსებული კონფიგურაციის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1993 წელს, როდესაც იმავე მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერების შესახებ სასამართლო წარმოება მიმდინარეობდა ა. ქ-ის სარჩელის საფუძველზე. ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტის გაცნობიდან სარჩელის წარდგენამდე გასული არის 10 წელზე მეტი, რაც ქმნის ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ 2012 წელს ქ. ქ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ მომხდარა მისი განცხადებისა და მის მიერ თანდართული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება ქ. ქ-ის სახელზე დარეგისტრირდა მოსარჩელის პირადი განცხადებისა და საკომლო ჩანაწერების საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ქ. ქ-ს საკასაციო საჩივარზე 10.08.2020წ. უნიკალური კოდით №... გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას (ქ. ქ-ი პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
3. ქ. ქ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.08.2020წ. უნიკალური კოდით №... გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე