საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-221(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - კ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე. ა-ი
მესამე პირი - ჯ. ხ-ი
წარმომადგენლები - ა. მ-ე, შ. მ-ი
დავის საგანი - აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 29 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ. ბ-ის 2017 წლის 22 სექტემბრის ქმედების (№69730 წერილი) უკანონოდ აღიარება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 ნოემბრის №5206 ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე ბიუროსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის №2/1637-14 გადაწყვეტილების, თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის №2ბ/163-16 დამატებითი განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის №ას-938-903-2016 განჩინების აღსრულებულად ცნობის დავალება. ამასთან, მოსარჩელემ სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ იშუამდგომლა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრით გაასაჩივრა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება; შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A17086450, №A17086461 და №A17117273 სააღსრულებო საქმეები და თბილისის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა აღნიშნული სააღსრულებო წარმოებების ფარგლებში (№A17086450, №A17086461, №A17117273) იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება დავის საბოლოოდ დასრულებამდე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ჯ. ხ-ი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/1637-14) ქალაქ თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „...ს“ ქალაქ თბილისის მერიის სასარგებლოდ 2011 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების - 88687,61 ლარის, პირგასამტეხლოს - 1652 ლარის, 2013 წლის 25 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე გადაუხდელი საიჯარო ქირის 0,01 პროცენტის, აღნაგობის საფასურის - 56977,4 ლარის, აღნაგობის საფასურის გადახდის ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს - 1647,9 ლარის და 2013 წლის 25 ნოემბრიდან აღნაგობის გადაუხდელი საფასურის - 0,01 პროცენტის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „...ს“ შეგებებული სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 20 სექტემბრის №01-4/419 ბრძანებაზე თანდართული და მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 10.4 და 10.5 პუნქტები და აღნაგობის ხელშეკრულების 8.4 და 8.5 პუნქტები; ქალაქ თბილისის მერიას შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საბაგიროს ღირებულების - 200422,5 ევროს ეკვივალენტი ლარის და საზოგადოებრივი კვების ობიექტის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯის - 152020,73 ლარის გადახდა; შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით; ქალაქ თბილისის მერიას შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 4610 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; ქალაქ თბილისის მერიას შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2500 ლარის გადახდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით;
7.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების პირველი პუნქტით №2/1637-14 სამოქალაქო საქმეზე სს „...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ჯ. ხ-ი. ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით (საქმე №2/1637-14) გასწორდა 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „სამოქალაქო საქმეზე №2/1637-14, სს „...ს“ (ს/ნ ...) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ჯ. ხ-ი (პ/ნ ...), მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის მიმართ არსებული სს „...ს“ მოთხოვნის ნაწილში“;
7.3. „უსწორობის გასწორების შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება (საქმე №2/1637-14) შესულია კანონიერ ძალაში;
7.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/1637-14) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით კი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
7.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით (საქმე №2ბ/163-16) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;
7.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 21 ივნისს მიიღო დამატებითი განჩინება (საქმე №2ბ/163-16), რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სს „...ს“ უფლებამონაცვლე ჯ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით;
7.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება და 21 ივნისის დამატებითი განჩინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების/დამატებითი განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე - უარის თქმა;
7.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით (საქმე №ას-938-903-2016) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის დამატებითი განჩინება; ჯ. ხ-ის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჯ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საკასაციო სამართალწარმოების გამო იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 800 ლარის ანაზღაურება;
7.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით (საქმე №ას-938-903-2016) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/1637-14) შევიდა კანონიერ ძალაში და საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 7 ივლისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2/1637-14) კრედიტორის - ჯ. ხ-ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-10 (ქალაქ თბილისის მერიას შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საბაგიროს ღირებულების - 200422,5 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა) და მე-11 (ქალაქ თბილისის მერიას შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 152020,73 ლარის გადახდა საზოგადოებრივი კვების ობიექტის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად) პუნქტების იძულებით აღსრულების მიზნით;
7.10. 2017 წლის 26 ივლისს ჯ. ხ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2/1637-14) და მოითხოვა მოვალისთვის - ქალაქ თბილისის მერიისთვის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის - 200422,5 ევროსა და 152020,73 ლარის იძულებით აღსრულება;
7.11. 2017 წლის 9 აგვისტოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ „გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ შეტყობინებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A17086450 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 7 ივლისს გაცემული №2/1637-14 სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულების მიზნით. ამავე შეტყობინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა წინადადება სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ერთი თვის ვადაში ნებაყოფლობით გადახდის შესახებ;
7.12. 2017 წლის 29 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა №10-01172411129 წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა 2017 წლის 9 აგვისტოს შეტყობინება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ 2017 წლის 9 აგვისტოს მიიღო „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ №29.02.575 განკარგულება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ჯ. ხ-ის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას გამოაკლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის №2/1637-14 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შპს „...სთვის“ დაკისრებული საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასური, შესაბამისი პირგასამტეხლოთი. დარჩენილი 556020,87 ლარი კი №00021 საგადასახადო დავალებით ჩაირიცხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. ხ-ის მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვის საფუძვლით, მოთხოვნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის 2/1637-14 გადაწყვეტილების აღსრულებულად ჩათვლა. №10-01172411129 წერილს თან დაერთო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 9 აგვისტოს №29.02.575 განკარგულება და 2017 წლის 16 აგვისტოს №00021 საგადახდო მოთხოვნა;
7.13. 2017 წლის 4 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა №A17086450-007/001 წერილით მიმართა ჯ. ხ-სა და მის წარმომადგენელს და აცნობა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილია ქალაქ თბილისის მერიის 2017 წლის 29 აგვისტოს №10-01172411129 წერილი თანხის ურთიერთგაქვითვის შესახებ. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ქალაქ თბილისის მერიის მიერ ჩარიცხულია 556020,87 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრედიტორს ეთხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, შემჭიდროვებულ ვადაში, წერილობით ეცნობებინა, ეთანხმებოდა თუ არა წერილში მოყვანილ გარემოებებს და ამცირებდა თუ არა მოვალის მიმართ მის მოთხოვნას;
7.14. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 4 სექტემბრის №A17086450-007/001 წერილის პასუხად, ჯ. ხ-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 8 სექტემბერს წერილით მიმართა აღმასრულებელს და აცნობა, რომ კრედიტორი არ ეთანხმებოდა წერილში მოყვანილ გარემოებებს და არ ამცირებდა მოთხოვნას მოვალის მიმართ. აღნიშნულ წერილს თან დაერთო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრისა და 2016 წლის 28 ივნისის განჩინებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილება შპს „...ს“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ;
7.15. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინების (საქმე №2/11553-2016) თანახმად, სს „...ს“ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; სს „...“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილებით სს „...ს“ რეგისტრაცია გაუქმდა;
7.16. 2017 წლის 22 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა - მ. ბ-მა №69730 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურს და აცნობა, რომ სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსისა და საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის საფუძველზე (კრედიტორის - ჯ. ხ-ის განცხადება, №2/2/1637-14 განჩინება), თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ვერ იქნება გათვალისწინებული 2017 წლის 29 აგვისტოს №10-01172411129 წერილში მოყვანილი არგუმენტები. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს ჩარიცხვით - 556020,87 ლარით დაფარულია №2/1637-14 სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის მხოლოდ ნაწილი - 152020,73 ლარი და 200422,50 ევროდან - 143982,37 ევროს ეკვივალენტი ლარი. ამდენად, მოვალეს ეთხოვა დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით გადახდა, მასვე განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები დარჩენილი დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად;
7.17. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 6 ოქტომბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ. ბ-ის 2017 წლის 22 სექტემბრის ქმედება (№69730 წერილი) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან გაასაჩივრა;
7.18. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 6 ნოემბრის №5206 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
8. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან „უსწორობის გასწორების შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება (საქმე №2/1637-14) შესულია კანონიერ ძალაში, ჯ. ხ-ი შპს „...ს“ უფლებამონაცვლეს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში წარმოადგენს. მერიისთვის სასამართლოს დასახელებული განჩინების ჩაბარებისა და განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხის კვლევა, მართალია, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ „უსწორობის გასწორების შესახებ“ განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით (საქმე №2ბ/50-19), როგორც დაუშვებელი, განუხილველი დარჩა, რაც დამატებით ადასტურებს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტს.
9. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ რამდენადაც ჯ. ხ-ი არ წარმოადგენს შპს „...ს“ უფლებამონაცვლეს კომპანიისთვის დაკისრებული ვალდებულებების ნაწილში, მერია არ იყო უფლებამოსილი, მოეხდინა ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებლის ქმედება შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დადგენილად მიიჩნია, რომ „უსწორობის გასწორების შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება (საქმე №2/1637-14) შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, ჯ. ხ-ი შპს „...ს“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში, ხოლო ვალდებულების ნაწილში იგი არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მხარეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შესაძლებლობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
15. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებები და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები. მოვალეს უფლება აქვს, ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი წარუდგინოს, რაც მას თავდაპირველი მფლობელის მიმართ გააჩნდა. მოცემულ შემთხვევაში, სს „...მ“ ჯ. ხ-ს დაუთმო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არსებული მოთხოვნა, რის საფუძველზეც ჯ. ხ-ი ავტომატურად გახდა იმ შესაგებლის ადრესატიც, რომლის წარდგენაც მერიას საწარმოს მიმართ შეეძლო. შესაბამისად, კასატორი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნევს, რომ უფლებამოსილი იყო, ჯ. ხ-თან ანგარიშსწორებისას მოეხდინა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა, ვინაიდან ჯ. ხ-ი ითვლება სს „...ს“ უფლებამონაცვლედ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულად უნდა ჩაითვალოს.
16. კასატორი, „უსწორობის გასწორების შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ დასახელებული განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
II სამოტივაციო ნაწილი:18. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებულად მიჩნევა, კერძოდ, რამდენად ჰქონდა მოვალეს - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას კრედიტორის - ჯ. ხ-ის მიმართ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შესაძლებლობა.
20. საკასაციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე, მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების სავალდებულოობის უზრუნველსაყოფად კი კანონმდებლობით გათვალისწინებულია იძულებითი აღსრულების მექანიზმი, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელმაც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ნორმატიულად გაწერილი პროცედურის ზედმიწევნით დაცვით, დროულად და ჯეროვნად უნდა აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი მოვალე დაკისრებულ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ შეასრულებს. ამასთან, თანხის გადახდევინების საქმეებზე აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე და კრედიტორს უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული თანხა.
21. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2/1637-14) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის სარჩელი და შპს „...ს“ (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილების შემდეგ ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოების სახით) შეგებებული სარჩელი; მხარეებს ერთმანეთის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულებები დაეკისრათ.
22. დადგენილია, რომ სს „...მ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მოთხოვნები ჯ. ხ-ს დაუთმო. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების პირველი პუნქტით, ზემოაღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე, სს „...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ჯ. ხ-ი. ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით კი გასწორდა დასახელებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „სამოქალაქო საქმეზე №2/1637-14, სს „...ს“ (ს/ნ ...) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ჯ. ხ-ი (პ/ნ ...), მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს „...ს“ მოთხოვნის ნაწილში“. საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებაში მიუთითა, რომ აუცილებელი იყო უფლებამონაცვლეობის ფარგლების დაკონკრეტება, რათა განჩინების არსებული შინაარსით დატოვებას სამომავლოდ გაუგებრობა არ გამოეწვია.
23. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს არა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსის წერილი, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებაც, რომლითაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
24. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებაზე, რომლითაც მერიას უარი ეთქვა, ჯ. ხ-ი სს „...ს უფლებამონაცვლედ მიჩნეულიყო ვალდებულებების ნაწილში. სასამართლომ განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა მოთხოვნის დათმობას და არა ვალის გადაკისრებას.
25. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო დავა იმგვარად წარიმართა და დასრულდა, რომ ჯ. ხ-ზე სს „...ს“ მხოლოდ მოთხოვნა გადავიდა, ფიზიკური პირი არ ყოფილა განხილული საწარმოს უფლებამონაცვლედ ვალდებულებების ნაწილში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის №ას-938-903-2016 განჩინებაშიც კი ჯ. ხ-ი მოხსენიებულია როგორც სს „...ს“ უფლებამონაცვლე კრედიტორული დავალიანების ნაწილში. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიკუთვნებული თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სს „...“; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დაკისრებული თანხა კი უნდა გადახდილიყო ჯ. ხ-ის სასარგებლოდ.
26. საქმეზე დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კრედიტორის - ჯ. ხ-ის განცხადების საფუძველზე, მოვალის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს აღსრულებულად, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 9 აგვისტოს №29.02.575 განკარგულების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის (718134,12 ლარი) ნაწილი - 556020,87 ლარი ჩარიცხულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. რაც შეეხება თანხის დარჩენილ ნაწილს, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „...საც“ დაეკისრა მერიის სასარგებლოდ თანხის გადახდა, თბილისის მერიამ მოახდინა ჯ. ხ-ისთვის გადასახდელი და მერიის სასარგებლოდ კომპანიისთვის დაკისრებული თანხის ურთიერთგაქვითვა.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ამრიგად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა, რომ ურთიერთობის ორივე მხარეს გააჩნდეს ერთმანეთის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება, ანუ ორივე ერთმანეთის მიმართ ერთდროულად უნდა იყვნენ როგორ მოვალეები, ასევე კრედიტორები. ამასთან, „ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება... მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გარიგების დადება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის №ას-1632-2019 განჩინება).
28. განსახილველ შემთხვევაში კი, დასრულებული სამართალწარმოების საფუძველზე, ჯ. ხ-ს მოთხოვნა გააჩნია მერიის მიმართ, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნა გააჩნია სს „...ს“ მიმართ. შესაბამისად, ერთდროულად ერთმანეთის მიმართ შეუსრულებელი მოთხოვნები არ არსებობს, თითოეულის მოთხოვნის ნაწილში სხვადასხვა პირია მოვალე. ამასთან, ჯ. ხ-ის კომპანიის უფლებამონაცვლედ დადგენამდე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი უშუალო მოვალის (საწარმოს) მიმართ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ფაქტიც არ დასტურდება. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, სს „...“ გამოცხადებულია გაკოტრებულად და გაუქმებულია მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის შესაბამისად კი, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის საფუძვლები.
29. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ჯ. ხ-ს სს „...მ“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე დაუთმო მოთხოვნები. ამასთანავე, სს „...მ“ ჯ. ხ-ს მოთხოვნა დაუთმო იმ მიზეზით, რომ კომპანიას ჯ. ხ-ის მიმართ სასესხო დავალიანება გააჩნდა. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება ძალაშია და ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვერ შეაფასებს მის კანონიერებას, ან გადაცემული მოთხოვნის მოცულობას. ასეთ პირობებში კი, კასატორი არ იყო უფლებამოსილი, თავად შეემცირებინა ჯ. ხ-ისთვის გადასახდელი თანხა სს „...ს“ მიმართ არსებული მოთხოვნის მოცულობით.
30. საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის მორიგებით დასრულების აქტიური მცდელობისა და მხარეთა მორიგების მიზნით საქმის განხილვის გადადების მიუხედავად, მხარეთა შორის ვერ იქნა მიღწეული მორიგება, რაც მხარეთა ფინანსური ვალდებულებების დაბალანსებას უზრუნველყოფდა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებების, ჯ. ხ-ის უფლებამონაცვლედ ცნობის სამართლებრივი საფუძვლისა და ძალაში შესული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. ხ-ი არ წარმოადგენს სს „...ს“ უფლებამონაცვლეს კომპანიისთვის დაკისრებული ვალდებულებების ნაწილში. შესაბამისად, არ არსებობს მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შესაძლებლობა და სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულად ვერ ჩაითვლება. ამრიგად, მოცემულ საქმეზე მიღებული, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და დასაბუთებული და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე