საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-444(2კ-20) 21 აპრილი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. ხ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ბ. ხ-ამ 2017 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის №CB653222 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, ბ. ხ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის №17151 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების (№12900/2/16 საჩივარზე) ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ბ. ხ-ასთვის ჩამორთმეული საქონლის ღირებულების - 8389.5 ლარის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის №CB653222 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის №17151 ბრძანება ფ/პ ბ. ხ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. ხ-ასთვის ჩამორთმეული საქონლის ღირებულების - 8389.5 ლარის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საგადასახადო ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. დასახელებული განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 286-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავენ, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სასაქონლო ზედნადებით, რომლის არარსებობაც საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. კასატორების შეფასებით, ბ. ხ-ამ ხის მასალის ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე განახორციელა, რის გამოც გადამხდელს კანონმდებლობის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა და ჩამოერთვა საქონელი. ამასთან, ბ. ხ-ას საქონლის წარმოშობის დოკუმენტაცია არ წარუდგენია სრულ ტრანსპორტირებულ მასალაზე. შესაბამისად, სახეზეა ხის მასალის ტრანსპორტირება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოების აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს ბ. ხ-ას სამართალდამრღვევად მიჩნევის, მისთვის სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისთვის სანქციის შეფარდებისა და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევის კანონიერება წარმოადგენს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა, თუკი ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნული საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება. მოცემული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის დეფინიციას, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ხოლო საგასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბ. ხ-ას მიმართ 2016 წლის 20 მაისს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და იგი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით, მას ასევე, ჩამოერთვა 8389.5 ლარის საბაზრო ღირებულების ტრანსპორტირებული საქონელი. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში ნამდვილად არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და ტრანსპორტირებული ხის მასალაც არ იყო განკუთვნილი სამეწარმეო მიზნებისათვის. ხის მასალა განკუთვნილი იყო თბილისში, მოსარჩელის ბიძის მშენებარე სახლის მშენებლობისათვის, რაზედაც შესაბამისი სამსახურის ბრძანებით შეთანხმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ, არ დასტურდება ხე-ტყის მასალის რეალიზაციის, შემოსავლისა თუ მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირების ფაქტი. მასალა არ ყოფილა მოპოვებული სამეწარმეო მიზნებისათვის, არამედ განკუთვნილი იყო მოსარჩელის ოჯახის წევრის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. ზედნადების ქონის ვალდებულება კი პირს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, საქონლის რეალიზაციით ნახულობს მოგებას. ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერის საჭიროება არ იყო. შესაბამისად, არ არსებობდა პირის დაჯარიმებისა და საქონლის ჩამორთმევის სამართლებრივი წინაპირობა.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირის სამართალდამრღვევად მიჩნევა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოებს არ წარმოუდგენიათ ბ. ხ-ას მიერ საქონლის სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული კი, მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს გამორიცხავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე