Facebook Twitter

№ბს-313(2კ-20) 28 აპრილი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მ. კ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 ნოემბერს მ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ, სააღსრულებო ფურცლით მისაღები თანხის - 6305.6 აშშ დოლარისა და თანხის დროულად მიუღებლობით მიყენებული ზიანის (სესხად აღებული თანხის პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდით გამოწვეული ზიანი) - 6700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელე მ. კ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად 6305.6 (ექვსი ათას სამას ხუთი აშშ დოლარი და 60 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხარეებმა ცალ-ცალკე გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მ. კ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სააღსრულებო ბიუროს არ ჰქონდა უფლება, მხედველობის მიღმა დაეტოვებინა ის გარემოება, რომ სასამართლოს განჩინებით უძრავ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იყო ყადაღის ღონისძიება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, კანონი მოსარჩელეს ანიჭებდა უფლებას, მიემართა სასამართლოსთვის ყადაღის ობიექტის - უძრავი ნივთის ფულადი თანხით ჩანაცვლების მოთხოვნით, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა ვალდებულება, მაქსიმალურად დაეცვა შესაძლო დაინტერესებული პირის უფლებები და შეეტყობინებინა მისთვის უფლებრივი მდგომარეობის მოსალოდნელი შეცვლის ან გაუარესების თაობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ. კ-ას მოტივაცია ზიანის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტი ითხოვდა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ასევე იმ დანაკარგისათვის, რაც გამოიწვია იძულებითი აღსრულების გზით მოვალისგან 6305.6 აშშ დოლარის დროულად მიუღებლობამ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების დროული აღსრულების დაბრკოლებით გამოწვეულ უშუალო და მოპასუხისათვის წინასწარ მოსალოდნელ შედეგს. ამდენად, არ არსებობდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინება სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ და მ. კ-ამ საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს.

კასატორები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავენ, რომ დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის სახე უნდა იყოს რეალური ზიანი, მართლაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორები აგრეთვე მიუთითებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნავენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს დელიქტური პასუხიმგებლობის ზემოხსენებული წინაპირობები.

კასატორების განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორს წარმოადგენდა თ. მ-ი, ხოლო მოვალეს - ე. ბ-ი. შესაბამისად, აღსრულების მიმდინარეობისას მოხდა მათი ინფორმირება. უზრუნველყოფის ყადაღის ინიციატორი პირის ინფორმირების ვალდებულბა ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონია, რადგან არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც ხსენებული პირის ინფორმირების უფლებას ადგენს. ამდენად, დაუსაბუთებელია მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობის არსებობა. კასატორები მიუთითებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის გ1 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმა.

კასატორების მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის მოთხოვნის აღსრულების მიზნით, მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, რომელიც დასრულდება 2023 წელს. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ მოთხოვნა ჩათვალა აღუსრულებლად. კასატორთა მოსაზრებით, ამ პირობებში არ გამოირიცხება, რომ კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოვალის სხვა ქონების ხარჯზე.

კასატორი - მ. კ-ა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს მოსარჩელის მიერ დასახელებულ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებდა აღმასრულებლის მოქმედებით მიყენებულ ზიანს. კასატორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში აღსრულების შემთხვევაში, მის ოჯახს არ მოუწევდა ვალის აღება და სესხის პროცენტების გადახდა. მ. კ-ას მითითებით, თავის სასარგებლოდ დაყადაღებული უძრავი ქონება გაიყიდა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ, ხოლო ზედმეტად ამოღებული თანხა დაუბრუნდა მოვალეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. კ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მ. კ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ე. ბ-ს მოსარჩელე მ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6305.6 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 მაისის №2/4657-11 განჩინებით ყადაღა დაედო ე. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება ... მ/რ, კორპ. ... ბინა №32, საკადასტრო კოდი №.... ყადაღა 2011 წლის 10 მაისიდან რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში.

2012 წლის 27 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა გამოსცა №12121605/10375 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც ე. ბ-ს დაეკისრა აპლიკანტის - თ. მ-ის მიმართ დავალიანების გადახდა 100 ლარისა და 13300 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით. 2013 წლის 24 იანვარს თ. მ-მა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით წარუდგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2012 წლის 27 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ე. ბ-ისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების თაობაზე. გადახდის ბრძანებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ე. ბ-ის კუთვნილი უძრავი ნივთის(მდებარე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება ... მ/რ, კორპ. ... ბინა №32, საკადასტრო კოდით №...) საჯარო აუქციონზე რეალიზაცია, აუქციონის დასრულების თარიღი - 20.03.2013წ. კრედიტორმა თ. მ-მა უძრავი ქონება თავად შეიძინა 48 950 ლარად. მან თანხა გადაიხადა სრულად. 2013 წლის 4 აპრილს უძრავი ნივთი აღირიცხა თ. მ-ის საკუთრებად.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის თანახმად, აუქციონის შედეგად ამოღებული თანხა განიკარგა შემდეგნაირად: კრედიტორისთვის გადასარიცხი თანხა - 22 640,55 ლარი, სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე გადასარიცხი თანხა - 1 109,83 ლარი, მოვალისთვის დასაბრუნებელი თანხა - 25 199,62 ლარი. 2013 წლის 26 მარტს მოვალე ე. ბ-მა წარმომადგენლის მეშვეობით განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები ნამეტი თანხის ჩასარიცხად. 2013 წლის 26 მარტს დასრულდა თ. მ-ის განცხადების საფუძველზე გადახდის ბრძანების აღსრულების მიზნით დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოება.

2013 წლის 5 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2013 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორია მ. ნ-ე, ხოლო მოვალე ე. ბ-ი, რომელსაც დაეკისრა 6305.6 აშშ დოლარის გადახდა. 2013 წლის 19 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა კრედიტორის მ. ნ-ის განცხადება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების თაობაზე. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2013 წლის 25 დეკემბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2013 წლის 05 დეკემბერს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების საქმის მიზნებისთვის მოითხოვა ინფორმაცია, ე. ბ-ს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრირების თაობაზე. ინფორმაციის მოძიებოს შედეგად დადგინდა, რომ მოვალეს არ ერიცხებოდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავ-მოძრავი ქონება, ხოლო მის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე დადებითი ნაშთი არ ირიცხებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის №2ბ/2029-16 განჩინებით, მ. ნ-ის უფლებამონაცვლედ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ცნობილი იქნა ზ. ნ-ე. 2016 წლის 24 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2013 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორია მ. ნ-ის უფლებამონაცვლე ზ. ნ-ე, ხოლო მოვალე - ე. ბ-ი, რომელსაც დაეკისრა 6305.6 აშშ დოლარის გადახდა. 2016 წლის 22 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ზ. ნ-ემ თავისი მოთხოვნა ე. ბ-ის მიმართ 6305,6 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, რომელიც წარმოეშვა 2016 წლის 24 ივნისს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაუთმო მ. კ-ას, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან ერთად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, რომელიც წარმოიშვა თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის შეფასებას საჭიროებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა ქმედებები, თამარ მამულაშილის სასარგებლოდ, ე. ბ-ის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ე. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს.კ .№...) 2011 წლის 10 მაისიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ყადაღა მ. ნ-ის სასარგებლოდ. ამდენად, თ. მ-ის სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოხდა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ ყადაღადადებული უძრავი ნივთის რეალიზაცია. უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ მ. ნ-ისათვის უცნობი იყო სადავო ქონებაზე სხვა პირის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყების საკითხი. ამდენად, არ მომხდარა დაინტერესებული პირის სათანადო წესით ინფორმირება. ყადაღადადებული უძრავი ქონების რეალიზებით, მ. ნ-ემ (შემდგომ მისმა უფლებამონაცვლეებმა) დაკარგა ხსენებულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ პირობებში, როდესაც მოვალეს არ გააჩნდა სხვა უძრავ-მოძრავი ქონება და აგრეთვე, ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხაც ისევ მოვალეს დაუბრუნდა, რამაც თავის მხრივ, ფულად სახსრებზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესაძლებლობაც დაუკარგა კრედიტორს. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მართალია, აღმასრულებელს არ ეკრძალება ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია სხვა კრედიტორის სასარგებლოდ, თუმცა ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაპირველი კრედიტორების სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით დაცული ინტერესი. აღნიშნული კი შეუძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის სათანადო ინფორმირების გარეშე.

რაც შეეხება, მ. კ-ას საკასაციო საჩივრის მოტივებს, საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მატერიალური ზარალის - 6700 აშშ დოლარის (აღებულ სესხთან მიმართებაში) პირდაპირი და უშუალო კავშირი აღმასრულებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. მნიშვნელოვანია, რომ ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება რეალური და არა ჰიპოთეტური და სავარაუდო ზიანი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წამოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მისი ოჯახის წევრების მიერ სესხის ხელშეკრულებების გაფორმების პირდაპირ და უშუალო კავშირს ადმინისტრაცილი ორგანოს მოქმედებებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარზე 16.03.20წ. №03841 (300 ლარი) და 11.08.2020წ. №10781 (660.50 ლარი) საგადასახადო მოთხოვნებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - ჯამში 960.50 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - ჯამში 672.35 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მ. კ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს 16.03.20წ. №03841 და 11.08.2020წ. №10781 საგადასახადო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 960.50 ლარის - 70 პროცენტი - 672.35 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე