საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-354(კ-21) 28 აპრილი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ნ. მ-ი, ო. მ-ი (ს. მ-ას უფლებამონაცვლეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს მთავრობა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებული; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - გ. მ-ი; რ. ს-ი (თ. პ-ის უფლებამონაცვლე), ნ. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 22 სექტემბერს ს. მ-ამ და მ. ა-ამ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვეს: ფ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. ა-ას საცხოვრებელი ბინების გასხვისების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/04 განკარგულების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის №2644 თანხმობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და აღნიშნული ხელშეკრულებებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელი ბინების სხვა მოქალაქეებსა და სახელმწიფოზე რეგისტრაციის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე ბათილად ცნობა და მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელ ბინებზე პირვანდელი მდგომარეობის (გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის) აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ს. მ-ასა და მ. ა-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ს. მ-ასა და მ. ა-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. მ-ი, თ. პ-ი და ნ. თ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ს. მ-ას უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ნ. მ-ი და ო. მ-ი.
მოსარჩელეებმა საქმის განხილვის მიმდინარეობისას არაერთხელ დააზუსტეს მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნები, საბოლოდ მოპასუხეებად მიუთითეს: საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს მთავრობა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებული; საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი: თელეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის გ. ძ-ის მიერ 2012 წლის აგვისტოში შედგენილი სია, ფ. მ-ის კუთვნილი საცხოვრებელის ბინის (მდებარე: ...ი, კორპუსი №3, ბინა №3) გ. მ-ის სახელზე აღრიცხვისა და ნ. მ-ის კუთვნილის ბინის (მდებარე: ...ი, კორპ. №4, ბინა №30) თ. პ-ის სახელზე აღრიცხვის ნაწილში; ქვემო ქართლის გუბერნატორის 2012 წლის 7 სექტემბრის №514 მიმართვა გ. მ-ის და თ. პ-ის ნაწილში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბერის №06/19312 მიმართვა გ. მ-ის და თ. პ-ის ნაწილში; საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის №2644 თანხმობა გ. მ-ისა და თ. პ-ისათვის საცხოვრებელი ბინების პრივატიზაციის წესით საკუთრებაში გადაცემის ნაწილში; საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბერის №11/09/04 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“ გ. მ-ისა და თ. პ-ისათვის საცხოვრებელი ბინების პრივატიზაციის წესით საკუთრებაში გადაცემის ნაწილში; ეკონომიკის სამინისტროსა და გ. მ-ს შორის 2012 წლის 15 სექტემბერს დადებული საცხოვრებელი ბინის (მდებარე: ...ი, ...ი №3, ბინა №3) ნასყიდობის ხელშეკრულება და თ. პ-თან 2012 წლის 24 სექტემბერს დადებული საცხოვრებელი ბინის (მდებარე: ...ი N4, ბინა №30) ნასყიდობის ხელშეკრულება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 04 სექტემბრის №... და 2012 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 4 სექტემბრის №... და 2012 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის 2012 წლის 22 აგვისტოს №ტ3/1459 მიმართვა გ. მ-ისა და თ. პ-ის ნაწილში. ასევე მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს ო. მ-ს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ბინა (მდებარე ...ი, კორ. N3, ბ. N2.)
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე მ. ა-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ნ. მ-ის, ო. მ-ის და მ. ა-ას სარჩელი მ. ა-ას ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. მ-ის და ო. მ-ის (ს. მ-ას უფლებამონაცვლეები) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ისა და ო. მ-ის (ს. მ-ას უფლებამონაცვლეების) მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ისა და ო. მ-ის (ს. მ-ას უფლებამონაცვლეების) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-მა და ო. მ-მა (ს. მ-ას უფლებამონაცვლეებმა).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარს ხელს აწერენ ნ. მ-ისა და ო. მ-ის წარმომადგენლები - თ. გ-ე და ც. მ-ე. საქმეში დაცული რწმუნებულების (ს.ფ. 182; ტ. 3) თანახმად, ს. მ-ეს ნ. მ-ისგან და ო. მ-ისგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა განუსაზღვრელი ვადით, რწმუნებულება ითვალისწინებდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანის უფლებამოსილების ჩათვლით. ამასთან, რწმუნებულება გაცემული იყო გადანდობის უფლებით. საქმეშია ასევე რწმუნებულება (ს.ფ 209; ტ.4), რომლის შესაბამისად, თ. გ-ეს ნ. მ-ისა და ო. მ-ის წარმომადგენლისგან - ს. მ-ისგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდათ განუსაზღვრელი ვადით, რწმუნებულება ითვალისწინებდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანის უფლებამოსილების ჩათვლით. საქმეში წარმოდგენილია ასევე რწმუნებულება (ს.ფ 304-305; ტ.4), რომლის შესაბამისად, ი. ღ-ს და ც. მ-ეს ნ. მ-ის წარმომადგენლის ს. მ-ისგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭათ განუსაზღვრელი ვადით, მინდობილობა ითვალისწინებდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანის უფლებამოსილების ჩათვლით. შესაბამისად, თ. გ-ე, როგორც ნ. მ-ისა და ო. მ-ის წარმომადგენელი, ხოლო ც. მ-ე, როგორც ნ. მ-ის წარმომადგენელი უფლებამოსილნი იყვნენ კანონით განსაზღვრულ ვადაში გაესაჩივრებინათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება ნ. მ-ისა და ო. მ-ის წარმომადგენელს თ. გ-ეს გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი თ. გ-ის დას - გ. გ-ეს ჩაბარდა 2020 წლის 28 დეკემბერს. საქმეში არსებული ხელწერილიდან ასევე დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება ნ. მ-ის წარმომადგენელმა ც. მ-ემ ჩაიბარა 2021 წლის 24 თებერვალს. შესაბამისად, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობით ორი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, რომელსაც უფრო ადრე ჩაბარდა გასაჩივრებული განჩინება, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა 2020 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და 2021 წლის 20 იანვარს (უქმე დღეების გათვალისწინებით) ამოიწურა, ხოლო საკასაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილ იქნა 2021 წლის 16 მარტს ანუ ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც ნ. მ-ისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე