Facebook Twitter

№ბს-533(კ-19) 28 აპრილი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. გ-ი; მესამე პირები (სასკ 16.2) - ვ. გ-ი, ნ. გ-ი; მოპასუხე - კასპის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 23 მაისს ჯ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

2018 წლის 13 ივნისის განცხადებით, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00067 ოქმისა და უძრავი ქონებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 აპრილის №012/2529 აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ ვ. და ნ. გ-ები და ნ. თ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ჯ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00067 ოქმი ბათილად იქნა ცნობილი საერთო სარგებლობის გზის ნაწილში; სარჩელი 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00067 ოქმის სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; უძრავი ქონებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 აპრილის №012/2529 აქტი ბათილად იქნა ცნობილი საერთო სარგებლობის გზის ნაწილში; სარჩელი 2018 წლის 30 აპრილის №012/2529 აქტის სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კასპის რაიონის სოფელ ...ის 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ს. (ს.) თ-ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 50მ2 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1992 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით - 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი.

მითითებული საკომლო წიგნის ჩანაწერისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ნ. თ-ის სახელზე 2014 წლის 10 ნოემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1463 მ2 სასოფლო - სამეურნეო მიწის (საკარმიდამო) ნაკვეთი და 100,13 მ2 შენობა - ნაგებობა (საკადასტრო კოდი № ...).

ვ., ნ. და ჯ. გ-ების სახელზე ირიცხებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 907 მ2 სასოფლო - სამეურნეო მიწის (საკარმიდამო) ნაკვეთი, 182,13 მ2 საცხოვრებელი და 38,41 მ2 შენობა - ნაგებობები საკადასტრო კოდით № ...).

ნ. თ-ის საკუთრების რეგისტრაციამდე, მისი და გ-ების ეზოს მიმდებარედ არსებული მიწის გარკვეული ფართი გამოიყენებოდა ორივე ოჯახისათვის მისასვლელ გზად.

გ. ხ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით, მის სახლთან არსებულ №4397 მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა არხი და ნ. თ-ის კუთვნილი №4398 მიწის ნაკვეთი, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან - გზა, ხოლო აღმოსავლეთით მდებარე გზის აღმოსავლეთით მდებარეობდა №4399 ნაკვეთი, რაც, მხარეთა განმარტებით იყო ჯ., ვ. და ნ. გ-ების კუთვნილი მიწა.

გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, 2015 წლის 5 მაისის №3/24-15 გადაწყვეტილებით, ვ., ნ. და ჯ. გ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1 463 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის და 100,13 მ2 შენობა - ნაგებობის ნ. თ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილება (საკადასტრო კოდით №...); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ნ. თ-ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეესწავლა: შედიოდა თუ არა მითითებულ უძრავი ქონების საზღვრებში სოფელ ...ის საჯარო (საუბნო) გზა, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები და ამ გარემოებათა გამოკვლევა - შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიეღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ან მასზე უარის თქმის შესახებ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00067 ოქმით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. თ-ის საკუთრების უფლებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტური იყო წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთისა. ამავე ოქმით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. თ-ის საკუთრებას წარმოადგენდა მისი და გ-ების ეზოს მიმდებარედ არსებული მიწის ფართი, რაც ადრე გამოიყენებოდა ორივე ოჯახისათვის მისასვლელ გზად. აღნიშნული საკადასტრო მონაცემებით ნ. თ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კასპის რაიონის სოფელ ...ის 1965-1986 წლების აღმასკომის სხდომის ოქმებში, ...ის კოლმეურნეობის 1965-1975 წლების გამგეობის სხდომისა და საერთო კრების ოქმებში ჩანაწერი თ-სა და ხ-ს შორის სახლთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გაფორმების შესახებ კასპის არქივში არ აღმოჩნდა, ხოლო ...ის საბჭოთა მეურნეობის 1976-1986 წლების სხდომის ოქმები არქივში დაცვაზე არ შესულა. ასევე, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1968-1970 წლების სხდომის ოქმებში ინფორმაცია გ. (გ.) ხ-ს, ნ. თ-სა და ს. თ-ს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ არ აღმოჩნდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მეზობლებს - ნ. თ-სა და გ. ხ-ს შორის სახლთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გაფორმების რეალურად არსებობის შემთხვევაში, გ. ხ-ის სახელზე გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1995 წლის აქტსა და 2003 წლამდე მდგომარეობით არსებულ სიტუაციურ ნახაზზე სადავო მონაკვეთი აღრიცხული უნდა ყოფილიყო ნ. თ-ის პირად საკუთრებად, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდებოდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებისაგან განსხვავებით, რომლებიც თავისი შინაარსითა და ფორმით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიღების ობიექტურ წყაროდ მიიჩნევიან, მოწმის ჩვენება უფრო კრიტიკულად უნდა შეფასებულიყო საქმის მასალებში წარმოდგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ურთიერთშეჯერების თვალსაზრისით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, არ დასტურდებოდა მოწმეთა და აპელანტ ნ. თ-ის განმარტება, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა ნ. თ-ის პირად საკუთრებას და მოხდა ფართების გაცვლა გ. (გ.) ხ-თან.

სააპელაციო პალატის შეფასებით, გორის რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის, სოფლის საუბნო გზას (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 აგვისტოს №... მომართვაზე თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე ასახულ, ე. წ. ყვითელ ფენაზე აღნიშნული მონაცემების მიხედვით), რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - ნ. თ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია 2012 წლის 25 აგვისტოს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესახებ, სადაც საკუთრების უფლება დაზუსტებული ფართით 1911.00.კვ.მ. (საკადასტრო კოდით №....) რეგისტრირებული იყო ნ. თ-ზე. ამასთან, სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია 2018 წლის 30 იანვრის №AA ... საარქივო ცნობა. ასევე, საფუძვლიანად არ იყო გამოკვლეული 2014 წლის 10 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდით №..., სადაც, ნ. თ-ის საკუთრებად დარეგისტრირებული იყო დაზუსტებული ფართი 1463.00.კვ.მ. კასატორის მითითებით, საკმარისად არ იყო შესწავლილი 1995 წლის №503 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

კასატორის შეფასებით, დაუსაბუთებელია, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ მტკიცებულებად 2015 წლის 10 მარტის ხელწერილი, სადაც გ. (გ.) ხ-მა ნ. თ-ის დედას, ს. თ-ს გადაუცვალა მიწის ნაკვეთი, რომელიც ნოტარიულად იყო დამოწმებული და რომელიც ასევე დაადასტურა გ. (გ.) ხ-ის შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00067 ოქმისა და უძრავი ქონებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 აპრილის №012/2529 აქტის, საერთო სარგებლობის გზის ნაწილში ბათილად ცნობის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართულობა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, რაც აძლევს მუნიციპალურ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნ. თ-ისათვის მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო მონაცემების იდენტურობა დადგინდა მხოლოდ ორი პირის - გ. წ-ისა და ლ. თ-ის მითითებაზე დაყრდნობით ისე, რომ სხვა გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოკვლეულა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კასპის რაიონის სოფელ ...ის 1965-1986 წლების აღმასკომის სხდომის ოქმებში, ...ის კოლმეურნეობის 1965-1975 წლების გამგეობის სხდომისა და საერთო კრების ოქმებში ჩანაწერი თ-სა და ხ-ს შორის სახლთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გაფორმების შესახებ კასპის არქივში არ აღმოჩნდა, ხოლო ...ის საბჭოთა მეურნეობის 1976-1986 წლების სხდომის ოქმები არქივში დაცვაზე არ შესულა. (ტ.1. ს.ფ. 70-105). ასევე, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1968-1970 წლების სხდომის ოქმებში ინფორმაცია გ. (გ.) ხ-ს, ნ. თ-სა და ს. თ-ს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ არ აღმოჩნდა (ტ.1. ს.ფ. 170).

ასევე დადგენილია, რომ ნ. თ-ის საკუთრების რეგისტრაციამდე, მისი და გ-ების ეზოს მიმდებარედ არსებული მიწის გარკვეული ფართი გამოიყენებოდა ორივე ოჯახისათვის მისასვლელ გზად (ტ.1. ს.ფ. 70-105).

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, არ დასტურდება მოწმეთა და ნ. თ-ის განმარტება, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა ნ. თ-ის პირად საკუთრებას.

„საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცდა მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის ფორმა, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის მიღება - ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება - მშენებლობის ერთადერთ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი გ. ხ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით, მის სახლთან არსებულ №4397 მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა არხი და ნ. თ-ის კუთვნილი №4398 მიწის ნაკვეთი, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან - გზა, ხოლო აღმოსავლეთით მდებარე გზის აღმოსავლეთით მდებარეობდა №4399 ნაკვეთი, რაც, მხარეთა განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, იყო ჯ., ვ. და ნ. გ-ების კუთვნილი მიწა (ტ.1. ს.ფ. 106-107; 70-105).

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგინდება კასატორის საკუთრების უფლება და იგი წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ. თ-ს საკასაციო საჩივარზე 23/04/2019 წ. საგადახდო დავალება №12-ით (150 ლარი) და 01/05/2019 წ. საგადახდო დავალება №4-ით (150 ლარი) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი ჯამში - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. ნ. თ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23/04/2019 წ. საგადახდო დავალება №12-ით (150 ლარი) და 01/05/2019 წ. საგადახდო დავალება №4-ით (150 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე