საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-401(კ-21) 21 მაისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. მ-ემ 2019 წლის 13 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა ამავე ცენტრის 2019 წლის 4 აპრილის №MES 9 19 00397803 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის გ. მ-ის სახელზე გაცემული BSU №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 4 აპრილის №MES 9 19 00397803 გადაწყვეტილება და ამავე ცენტრს დაევალა გ. მ-ის სახელზე გაცემული BSU №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება. მოცემული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
2021 წლის 29 აპრილს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით და თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მითითებული კოდექსის 378-ე მუხლი კი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-1163(კ-18) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ პროცესის დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლენაა მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება, კერძოდ, პროცესის მონაწილის ნება-სურვილზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. ამდენად, მხოლოდ საჩივრის შეტანაზე უფლების მქონე პირს შეუძლია, უარი განაცხადოს გასაჩივრებაზე ან უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო ან საკასაციო საჩივარზე... არავის აქვს უფლება, აიძულოს პირი, რათა მან მიიღოს ზომები თავისი დარღვეული (სადავო) უფლების დასაცავად. მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, მათ აგრეთვე უფლება აქვთ უარი თქვან გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. იმ პირობებში კი, როდესაც დავაზე უკვე გამოტანილია სასამართლოს გადაწყვეტილება, დავა არსებითად ერთხელ უკვე გადაწყვეტილია, არ არსებობს საკასაციო საჩივარზე უარის კანონიერების სასამართლოს მიერ გადამოწმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ამავე ცენტრის საკასაციო საჩივარზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 8 აპრილს №02447 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე