ბს-344(კს-21) 27 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ შპს „...ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს...ი“
თავდაპირველი თანამოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2021წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ს...მა“ 24.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...ის“ მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 21.09.2018წ. N18.786.1154 განკარგულების ბათილად ცნობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...ისათვის“ 15.09.2017წ. ხელშეკრულების მოქმედების ვადის მთელ პერიოდზე, უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ყველა კატეგორიის მოქალაქეთა მონაცემების, მათ შორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.03.2015წ. N6-25 დადგენილებით გათვალისწინებული მონაცემების, მომსახურების გაწევისათვის საჭირო ფორმით, სს „ს...ისათვის“ გადაცემის დავალების მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილ იქნა გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 21.09.2018წ. N18.786.1154 განკარგულების კანონის საფუძველზე (ავტომატურად) შეჩერების ფაქტის დადასტურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2018წ. განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, მოსარჩელის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა სს „ს...ის“ მიერ.
13.11.2018წ. სს „ს...მა“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დროებითი განჩინების მიღება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.11.2018წ. განჩინებით შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა სს „ს...ის“ მიერ.
25.01.2019წ. სს „ს...მა“ დროებითი განჩინების მიღების შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლის 28.01.2019წ. განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს „ს...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. განჩინებით სს „ს...ის“ კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.10.2018წ. განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.04.2019წ. განჩინებებით არ დაკმაყოფილდა აგრეთვე სს „ს...ის“ კერძო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.11.2018წ. და 28.01.2019წ. განჩინებებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.09.2019წ. განჩინებით შუამდგომლობა სს „თ...ის“ და საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სს „თ...ის“, შპს „...ის“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. მოგვიანებით სს „თ...მა“ უარი თქვა წარდგენილ კერძო საჩივარზე, რის გამო მის კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2020წ. გადაწყვეტილებით სს „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 21.09.2018წ. განკარგულება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „...ას“ დაევალათ 15.09.2017წ. ხელშეკრულების მოქმედების ვადის მთელ პერიოდზე, უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფებით მოსარგებლე ყველა კატეგორიის მოქალაქეთა მონაცემების, მათ შორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.03.2015წ. N6-25 დადგენილებით გათვალისწინებული მონაცემების, მომსახურების გაწევისთვის საჭირო ფორმით სს „ს...ისათვის“ გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2021წ. განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.09.2019წ. განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. პალატამ მიუთითა სსკ-ის 369.1, 416-ე, 59-ე, მე-60, 61-ე, 70-ე, სასკ-ის მე-12 მუხლებზე და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2020 წ. გადაწყვეტილებითა და 27.09.2019წ. განჩინებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2020 წ. გადაწყვეტილება და 27.09.2019წ. განჩინება გაეგზავნა შპს „...ას“ მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ვაგზლის მოედანი 2) და მიმდინარე წლის 4 იანვარს ჩაბარდა, ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 5 იანვრიდან და დასრულდა 18.01.2021წ. (ორშაბათი, სამუშაო დღე), საჩივარი კი წარდგენილ იქნა 22.01.2021წ., რაც ვადის დარღვევით მის წარდგენას ადასტურებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2021წ. განჩინება შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2020წ. გადაწყვეტილება შპს „...ას“ ჩაბარდა 11.01.2021წ., რაც დასტურდება სასამართლო შეტყობინებაზე კომპანიის კანცელარიის შესაბამისი ბეჭდის დასმით, ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 11 იანვრიდან და დასრულდა 25.01.2021წ., საჩივრები წარდგენილ იქნა 22.01.2021წ., შესაბამისად, დაცული იყო გასაჩივრების ვადა. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საფოსტო კომპანიის მიერ გაცემული შეტყობინების ბარათი არ შეიძლება ჩაითვალოს შპს-ს მიერ გზავნილის ჩაბარებად, რადგან შეტყობინება არ გადასცემია კომპანიის უფლებამოსილ თანამშრომელს, შეტყობინების ბარათზე ფოსტის წარმომადგენლის მიერ აღნიშნულია, რომ გზავნილი ჩააგდო ყუთში 04.01.2021წ.. გასათვალისწინებელია, რომ 04.01.2021წ. და მომდევნო დღეები იყო არასამუშაო, უქმე დღეები, ამასთანავე, კომპანიის შესასვლელში მდებარე ყუთი განკუთვნილი არ იყო საფოსტო გზავნილების ჩასაბარებლად, რაც დასტურდება ყუთზე არსებული წარწერით: „მხოლოდ თანამშრომლებისთვის“. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ყუთში არსებულ დოკუმენტებს შპს-ს თანამშრომელი გაეცნო 11.01.2021წ. და სასამართლო შეტყობინება სწორედ ამ დღეს დარეგისტრირდა კომპანიის კანცელარიაში. „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.11.2020წ. N698 დადგენილების მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით იყო უქმე დღეები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 04.01.2021წ. N21.1.1 განკარგულების თანახმად, „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.11.2020წ. N698 დადგენილება არ ვრცელდებოდა შპს „...ის“ მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სპეციფიური სამუშაო რეჟიმის მქონე დანაყოფების (მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების, ავტობუსების და პარკინგის) ფუნქციონირებას. შესაბამისად, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები, მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების, ავტობუსების და პარკინგის გარდა, უქმე დღეები იყო შპს „...ის“ ყველა სხვა სამსახურისათვის, მათ შორის კანცელარიისთვის. უქმე დღეების გამო, კანცელარიამ ვერ შეძლო საფოსტო გზავნილების მიღება და ელექტრონულ პროგრამაში მათი რეგისტრაცია. არასამუშაო დღეებში კომპანიაში არ ყოფილა განთავსებული საფოსტო ყუთი წერილების, გზავნილებისა და მესამე პირთა განცხადებების მისაღებად, საფოსტო ყუთის მეშვეობით გზავნილების მიღების პრაქტიკა შპს-ს არც სამუშაო დღეებში აქვს. შპს-ში კორესპონდენციის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ კანცელარიის მეშვეობით. კომპანიის ადმინისტრაციის შესასვლელში განთავსებული ყუთი განკუთვნილია მხოლოდ თანამშრომლებისათვის იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნეს თანამშრომელთა განცხადებები და საჩივრები (მათ შორის ანონიმურად) სავარაუდო შრომის უფლების დარღვევის შესახებ, აგრეთვე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სავარაუდო სექსუალური შევიწროვების და კომპანიაში დასაქმებული პირებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შესაძლო შეზღუდვის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ „სექსუალური შევიწროვების პრევენციის პოლიტიკის და თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის შესახებ“ შპს „...ის“ გენერალური დირექტორის 20.11.2019წ. N221 ბრძანების დანართის მიხედვით, მსხვერპლს უფლება აქვს სექსუალური შევიწროვების ფაქტის შესახებ საჩივრით მიმართოს კომპანიის კანცელარიას, საჩივარი წარადგინოს წერილობით ან ელექტრონული ფორმით, ასევე კომპანიის ტერიტორიაზე ამ მიზნით განთავსებული ყუთ(ებ)ის საშუალებით. სწორედ აღნიშნული მიზნით, აგრეთვე კომპანიაში დასაქმებული პირებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ განცხადებებისა და საჩივრების მისაღებად განთავსდა კომპანიაში შესაბამისი ყუთი. ამდენად, ზემოაღნიშნულ ყუთში გზავნილის მოთავსება არ შეიძლება ჩაითვალოს კორესპონდენციის შპს-სთვის ჩაბარებად. სსკ-ის 73.8 მუხლის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. გასათვალისწინებელია, რომ შპს ვერ დაუკავშირდა აგრეთვე სასამართლოს იმ საკითხის გასარკვევად, თუ კონკრეტულად როდის განთავსდა კორესპონდენცია ყუთში, რადგან უქმე დღეები იყო მათ შორის საქალაქო სასამართლოსთვისაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სსკ-ის 70-78-ე მუხლებით.
სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სსკ-ის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს, ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2020წ. გადაწყვეტილება გაეგზავნა შპს „...ას“ საქმეში მითითებულ მისამართზე, გზავნილის ჩაბარების შესახებ შპს “ს...“-ს შეტყობინების ბარათის მიხედვით, შპს „...ისათვის“ გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაშვებულ იქნა ყუთში 04.01.2021წ.. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გზავნილის მოთავსება ადრესატი ორგანიზაციის ტერიტორიაზე განთავსებულ ყუთში შესაძლოა გაუტოლდეს გზავნილის ადრესატისათვის პირადად ჩაბარებას, უკეთუ ყუთზე (ან მის მიმდებარედ) გაკეთებულია შესაბამისი აღნიშვნა, რომელიც ადასტურებს ადრესატის ნებას, რომ გზავნილის ჩაბარება მოახდინოს სწორედ აღნიშნული ყუთის მეშვეობით. მსგავსი სპეციალურად მარკირებული ყუთის განთავსებით ადრესატი მზადყოფნას გამოთქვამს გზავნილის ყუთში განთავსებით კორესპონდენციის მიღებაზე. გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად უნდა მივიჩნიოთ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მართალია გზავნილის პირადად ჩაბარება არ მომხდარა, თუმცა კორესპონდენცია მოექცა ადრესატის გავლენის სფეროში, პირს აქვს მისი გაცნობის რეალური შესაძლებლობა და მესამე პირებისათვის ერთმნიშვნელოვნად აღქმადად არის გამოხატული ადრესატის ნება გზავნილის კონკრეტული საშუალებით (განსახილველ შემთხვევაში - საფოსტო ყუთის მეშვეობით) ჩაბარებაზე. საპროცესო კანონმდებლობის მითითება ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენციის კანცელარიის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარების შესახებ, არ გამორიცხავს იურიდიული პირის უფლებას გზავნილის მისაღებად განსხვავებული საშუალების გამოყენებაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 73.8 მუხლის თანახმად ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს შესაძლოა ჩაბარდეს კანცელარიის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ასეთ განსხვავებულ წესში შესაძლოა მოვიაზროთ გზავნილის ჩაბარება საფოსტო ყუთის მეშვეობით, რადგან ერთი მხრივ ადრესატი ორგანიზაცია საფოსტო ყუთის განთავსებით გამოხატავს ნებას ყუთი გამოყენებულ იქნეს საფოსტო გზავნილების მისთვის ჩასაბარებლად, ხოლო მეორე მხრივ გზავნილის ყუთში მომთავსებელი პირი (მაგ.: ფოსტის მუშაკი, კურიერი) გზავნილის ყუთში ჩაგდებით გამოხატავს თანხმობას ადრესატისათვის გზავნილის ამ საშუალებით გადაცემაზე. ამდენად, ზოგადად, საფოსტო ყუთის მეშვეობით ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება შესაძლებელია (ამასთანავე, გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება საფოსტო ყუთში მოთავსებითანავე, იმის მიუხედავად თუ როდის გაეცნო ადრესატი მის შინაარსს).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საფოსტო ყუთად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ისეთი ყუთი, რომელიც განკუთვნილია საფოსტო კორესპონდენციების მისაღებად და ცხადს ხდის ადრესატის ნებას ყუთის მეშვეობით გზავნილების ჩაბარებაზე. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ შპს „...ის“ ადმინისტრაციის შენობაში განთავსებული ყუთი განკუთვნილი იყო საფოსტო გზავნილების ჩასაბარებლად. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ყუთი განკუთვნილი იყო შიდა მოხმარებისათვის, კერძოდ თანამშრომლების საჩივრებისა და განცხადებების (მათ შორის ანონიმური) მისაღებად. გასათვალისწინებელია, რომ კერძო საჩივარზე თანდართული ფოტოსურათების მიხედვით, ყუთზე გაკეთებულია წარწერა - „მხოლოდ თანამშრომლებისთვის“. ამასთანავე, საქმეში დაცულია შპს „...ის“ გენერალური დირექტორის 20.11.2019წ. N221 ბრძანების N1 დანართით დამტკიცებული „სექსუალური შევიწროვების პრევენციის პოლიტიკა“, რომლის 5.2 პუნქტის მიხედვით, სავარაუდო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ან/და მესამე პირი საჩივარს წარადგენს წერილობით ან ელექტრონული ფორმით, ასევე, კომპანიის ტერიტორიაზე ამ მიზნით განთავსებული ყუთ(ებ)ის საშუალებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარწმუნოა კერძო საჩივარში არსებული მითითება, ყუთის თანამშრომელთა განცხადებების/საჩივრების მისაღებად და არა საფოსტო გზავნილების ჩასაბარებლად განთავსების შესახებ.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას უქმე დღეებზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარისათვის გზავნილის უქმე დღეს ჩაბარება არ აბრკოლებს გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას. გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების შემთხვევაში, საპროცესო ვადის ათვლა იწყება მომდევნო დღიდან იმის მიუხედავად, ჩაბარების ან/და მისი შემდგომი დღე უქმეა თუ არა. საპროცესო კანონმდებლობა უქმე დღეს მნიშვნელობას ანიჭებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ასეთ შემთხვევაში ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე (სსკ-ის 61.2 მუხ.). საპროცესო კანონმდებლობით არ არის დადგენილი რაიმე სპეციალური მოწესრიგება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ხდება უქმე დღეს, ან ჩაბარების შემდგომი დღეა უქმე. სსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა ვადის ათვლის მიზნებისათვის მითითებას არ ახდენს სამუშაო დღეებზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 04.01.2021წ. გზავნილის ყუთში მოთავსებით, კორესპონდენცია არ ჩაბარებია უფლებამოსილ პირს, რადგან ადრესატის მიერ ყუთი არ იყო განთავსებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების მიზნით. სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს 2021 წლის 05 იანვრიდან გასაჩივრების ვადის ათვლის უსწორობას და არა ის ფაქტი, რომ 04 იანვარი იყო უქმე დღე. აღსანიშნავია, რომ 11.01.2021წ. აგრეთვე უქმე დღედ იყო გამოცხადებული, თუმცა შპს „...ის“ კანცელარიის ბეჭდითა და კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დასტურდება ამ თარიღში გზავნილის შპს-თვის ჩაბარება, რაც მომდევნო დღიდან - 2021 წლის 12 იანვრიდან გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების საფუძველს ქმნის იმის მიუხედავად, რომ როგორც 11, ასევე 12 იანვარი უქმე დღეებად იყო გამოცხადებული. გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის 12 იანვრიდან გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყებას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ.
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2020წ. გადაწყვეტილების შპს „...ისათვის“ ჩაბარება 2021 წლის 11 იანვრამდე არ დასტურდება. სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის გათვალისწინებით, შპს-ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლო 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქმის მასალების მიხედვით, შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 22.01.2021წ., ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ვადის დარღვევით წარდგენის საფუძვლით მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 63-ე, 73-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2021წ. განჩინება, საქმე წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის ეტაპიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე