საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-399(კ-21) 21 მაისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ...ს სამმართველოს პირველი განყოფილება
მესამე პირები - ლ. კა-ე, რ. კ-ე, ლე. კ-ე, ლ. მ-ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მა 2014 წლის 20 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამართველოს ...ს სამმართველოს I განყოფილებისათვის ლ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან ლ. კა-ის, რ. კ-ის, ლე. კ-ისა და ლ. მ-ის გამოსახლების დავალება და მოპასუხისათვის ლ. კ-ის სასარგებლოდ ქმედების განუხორციელებლობის გამო მიყენებული ზიანის - 6050 აშშ დოლარისა და გამოსახლებამდე ყოველთვიურად 550 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივლისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოპასუხედ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის სამმართველოს ...ს სამმართველოს I განყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილისა და 20 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცერსო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. კა-ე, რ. კ-ე, ლე. კ-ე და ლ. მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით, 2015 წლის 15 დეკემბრის კანონით „პოლიციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ...ს სამმართველოს I განყოფილებისათვის ლ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან ფიზიკური პირების გამოსახლების დავალების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. კ-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ...ს სამმართველოს I განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6050 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით ლიუდმილა კლიფფორრდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ლ. კ-ის წარმომადგენელმა - თ. გ-მა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის დამადასტურებელ მინდობილობას ვადა გაუვიდა და ვინაიდან მისი მარწმუნებელი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მხოლოდ მასთან კომუნიკაციის შემდეგ შეძლებს მინდობილობის გაფორმებასა და დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის წარმომადგენლის - თ. გ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების ვადის დენის დაწყებისთვის პროცესის მონაწილე პირს, ერთი მხრივ, კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს სასამართლოს აქტი, მეორე მხრივ კი, დეტალურად უნდა განემარტოს გასაჩივრების წესი და ვადა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე მხარის სათანადოდ ინფორმირება სადავო არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამასთანავე, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გზავნილის მხოლოდ უშუალოდ ადრესატისთვის ჩაბარების მოვალეობას, არამედ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, გზავნილი შესაძლებელია, ჩაბარდეს სხვა სუბიექტსაც და მაინც ჩაითვალოს ჩაბარებულად. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთანავე, იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სწორედ უწყების მიმღები არის ვალდებული უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ლ. კ-სა და თ. გ-ს შორის 2018 წლის 4 ივნისს გაფორმებულ მინდობილობაზე, რომელიც გაცემულია 4 წლის ვადით და ძალაშია 2022 წლის 5 ივნისამდე (ტ.II, ს.ფ.151-153). აღნიშნული დოკუმენტი უდავოდ ადასტურებს მოცემულ საქმეზე თ. გ-ის წარმომადგენლობის, ასევე, სასამართლო აქტების მის მიერ გასაჩივრებაზე უფლებამოსილებას. შესაბამისად, მისი მითითება მარწმუნებელთან კომუნიკაციის არქონის გამო მინდობილობის გაფორმების შეუძლებლობაზე, უსაფუძვლოა.
რაც შეეხება საკასაციო გასაჩივრებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევას, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება ლ. კ-ის წარმომადგენელს - თ. გ-ს გაეგზავნა საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ი, მე-4 მ/რ, კორპუსი №29, ბინა №107) და 2021 წლის 2 აპრილს ჩაბარდა თ. გ-ის ბებიას - ო. გ-ს (პ/ნ ...). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 3 აპრილიდან და ამოიწურა 2021 წლის 23 აპრილს (პარასკევს), ხოლო საკასაციო საჩივარი კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოში შემოიტანა 2021 წლის 27 აპრილს, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი 21-დღიანი ვადის დარღვევით, გასაჩივრების ვადის აღდგენა ან გაგრძელება კი დაუშვებელია, რის გამოც სახეზეა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია 21-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე