საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-758(კ-20) 13 მაისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. ს-ემ 2019 წლის 15 ივლისს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2019 წლის 5 ივნისის №11/4570 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის აუქციონის წესით პრივატიზაციის საკითხის შესწავლისა და მოსარჩელის სასარგებლოდ დადებითად გადაწყვეტის დავალება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქ ბოლნისის გამგეობის 1999 წლის 16 ივლისის დადგენილებით მას ბოლნისში, ...ის ქუჩაზე, ...ოს მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურის ჩასადგმელად ტერიტორია გამოეყო. გარდა ამისა, ბოლნისის რაიონის გამგეობის 2001 წლის 7 აგვისტოს დადგენილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ...ოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 მ2 მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისება, ხოლო 2011 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცდა აუქციონის პირობები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გააჩნდა კანონიერი ნდობა და მოლოდინი, რომ მას გადაეცემოდა სადავო უძრავი ნივთი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისთვის უძრავი ნივთის პრივატიზების დავალება, ადმინისტრაციული დაპირების არსებობიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება, ან თუ შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს. ამრიგად, „ყოველგვარი დაპირება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი ნდობის საფუძვლად. ასეთად მიიჩნევა მხოლოდ წერილობითი ფორმით შესრულებული დაპირება, რომლის შინაარსიდანაც აშკარად გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულებას იღებს შეასრულოს რაიმე ქმედება.... მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულო პირობას წარმოადგენს დაპირების მართლზომიერების გარკვევა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ობიექტურ მხარეს, ანუ იმას, ეწინააღმდეგება თუ არა დაპირება კანონმდებლობას და არა იმას, იცოდნენ თუ არა დაპირების მიმცემმა ან დაინტერესებულმა მხარემ ამ დაპირების კანონსაწინააღმდეგობის შესახებ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-942-903(კ-07)).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბოლნისის გამგეობის 1999 წლის 16 ივლისს №43 დადგნილებით განისაზღვრა ნ. ს-ისათვის ბოლნისში, ...ის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურის ჩასადგმელად ადგილის გამოყოფა. ასევე, დადგენილია, რომ ნ. ს-ეს აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოეყო ადგილი, სადაც მას განთავსებული ჰქონდა ჯიხური, რომლის დემონტაჟი მოგვიანებით მოხდა. ამრიგად, დასახელებული დადგენილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესრულებულია და იგი მოსარჩელისთვის უძრავი ნივთის კვლავ გადაცემის საფუძველს არ ქმნის.
რაც შეეხება 2001 წელს აუქციონის გამოცხადებას, ბოლნისის რაიონის გამგეობის 2001 წლის 7 აგვისტოსა და 4 სექტემბრის დადგენილებებით გადაწყდა ბოლნისში, ...ოს ტერიტორიიდან 150 მ2 უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია და დამტკიცდა აუქციონის პირობები, თუმცა აუქციონი არ ჩატარებულა. მხოლოდ აუქციონის გამოცხადება კი ვერ იქნება განხილული ადმინისტრაციულ დაპირებად და მოსარჩელის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძვლად, რადგან დადგენილებების უშუალო და პირდაპირი ადრესატი მოსარჩელე არ ყოფილა და აუქციონის მხოლოდ გამოცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუცია მოსარჩელისთვის დაპირება, რომ სწორედ იგი გახდებოდა ნივთის შემძენი. ადმინისტრაციულ დაპირებას წარმოადგენს აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, სადავო შემთხვევაში კი აუქციონი არც კი ჩატარებულა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა; 121-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მხოლოდ იმ ძირითადი ქონების გასხვისებაა დაშვებული (საკრებულოს თანხმობით), რომელმაც თავისი ფუნქციური დანიშნულება დაკარგა. განსახილველ შეთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთი მიჩნეულია მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებად, რომელსაც არ დაუკარგავს ფუნქცია, შესაბამისად, მისი აუქციონზე პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ არსებობს ადმინისტრაციული დაპირება, გარდა ამისა, სადავო უძრავი ნივთის გასხვისება დაუშვებელია. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - ნ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 16 ივლისის №0 საგადასახადო დავალებით ნ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე