Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1362(3კ-20) 13 მაისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. ა-ე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

კასატორი (მესამე პირები) - ბ. მ-ი, მ. ა-ი

მესამე პირები - მ. ა-ი, ზ. ჩ-ა, სს „თ...ი“, ზ. გ-ე, თ. ნ-ი, გ. ფ-ი, მ. მ-ი, ა. ვ-ე, ბ. რ-ი, ე. რ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ა-ემ 2014 წლის 1 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 17 იანვრის №..., 2008 წლის 22 თებერვლის №..., 2008 წლის 1 მარტის №..., 2011 წლის 28 დეკემბრის №..., 2012 წლის 6 აპრილის №..., 2015 წლის 23 თებერვლის №..., 2015 წლის 26 თებერვლის №... და 2015 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ვ. ა-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების დადგენისა და საკადასტრო გეგმის გაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის, 2014 წლის 6 ნოემბრის, 2015 წლის 26 თებერვლის, 2015 წლის 7 მაისისა და 2017 წლის 21 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მ. ა-ი, ზ. ჩ-ა, სს „...ა“ (უფლებამონაცვლე - სს „თ...ი“), ზ. გ-ე, თ. ნ-ი, გ. ფ-ი, მ. მ-ი, ბ. რ-ი და ე. რ-ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინებით კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ვ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ა-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თ. ნ-ისა და ზ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 თებერვლის №... (უძრავი ქონების მისამართი - გარდაბანი, ...ის ... ..., საკადასტრო კოდი ..., წინა საკადასტრო კოდი ...) და 2008 წლის 1 მარტის №... (უძრავი ქონების მისამართი - გარდაბანი, ...ის ... ..., საკადასტრო კოდი ..., წინა საკადასტრო კოდი ...) გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში; ვ. ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ა-ემ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ბ. მ-მა და მ. ა-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი - ვ. ა-ე აღნიშნავს, რომ 1997 წლიდან საკუთრებაში აქვს თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე 600 მ2 უძრავი ქონება, 1999 წლის 1 სექტემბერს კი საკუთრების უფლება აღირიცხა საჯარო რეესტრში. მიუხედავად ამისა, იგი ვერ ახერხებს კოორდინატთა სისტემაში კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების დაფიქსირებას, რადგან საჯარო რეესტრმა, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე და კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მოსარჩელის კუთვნილ მიწაზე სხვა პირთა საკუთრების უფლება დაარეგისტრირა. შესაბამისად, ვ. ა-ე ითხოვს რეგისტრაციის შესახებ აქტების ბათილად ცნობას, რომლებითაც მოხდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვა და მესამე პირთა უფლებების არასწორად აღრიცხვა.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ მესამე პირთა სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და რეგისტრირებულ მონაცემებში შემდგომი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობის დაცვით, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. რაც შეეხება მოსარჩელის საკუთრების უფლების ობიექტს, იგი რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით და არ გააჩნია კანონითა და ინსტრუქციით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემები. შესაბამისად, არ დგინდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ხელყოფა, მიწის ნაკვეთთა ზედდება და შეუძლებელია მიწის ნაკვეთის სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

ბ. მ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრის თანახმად, მათ უკვე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები შეიძინეს და წარმოადგენენ კეთილსინდისიერ მყიდველებს. შესაბამისად, კასატორთა მოსაზრებით, დაუშველებია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათ საკუთრების უფლებას ხელყოფს. ამასთან, საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო პალატა ვერ მიუთითებს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოება საჭიროებს დამატებით შესწავლასა და გამოკვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ა-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბ. მ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთებზე მესამე პირთა საკუთრების უფლებების რეგისტრაციის კანონიერება, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2006 წლის 20 მარტამდე მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე. უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია კი გულისხმობდა გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებული და დოკუმენტირებული ყოფილიყო საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2006-2008 წლებში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტზე, რომელიც ადგენდა, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს 2009 წლიდან მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უკვე ძალადაკარგული, ისე მოქმედი ნორმატიული აქტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

სადავო შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №19.46.467 დადგენილების საფუძველზე, 1999 წლის 1 სექტემბერს თბილისში, ვაკის რაიონში, იმედაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, 600 მ2 ფართობის მქონე უძრავ ნივთზე (ნაკვეთი №61) აღირიცხა ვ. ა-ის საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი .... ამასთან, 2014 წელს ვ. ა-ემ ვერ განახორციელა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, წარდგენილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო მესამე პირთა საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა ამავე ნივთზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. ამრიგად, მარეგისტრირებელმა ორგანომ თავადვე დაადგინა, რომ ადგილი აქვს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და მესამე პირების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემების ზედდებას. ასეთ პირობებში კი, განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების შესასწავლად, აუცილებელია, განისაზღვროს მოსარჩელისა და მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი და შეფასდეს მათი საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტები. მით უფრო, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-367-363(კ-12) საქმეზე გაკეთებული მნიშვნელოვანი განმარტების თანახმად, „პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია... საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა... საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი... უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.“ შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ყოველი შემდეგი რეგისტრაცია ისე უნდა განეხორციელებინა, რომ გამოერიცხა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც უკვე იყო მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით.

საკასაციო სასამართლო, სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის შემოწმებისას, ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება გარდაბანში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას; რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციას, რის შედეგადაც ნივთების მისამართად მიეთითა თბილისი; უკვე თბილისში რეგისტრირებული ნივთების გასხვისების შედეგად მოგვიანებით განხორციელებულ რეგისტრაციას.

საკასაციო სასამართლო გარდაბანში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2005 წლის 1 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ. გ-ემ გ. კ-ს მიჰყიდა გარდაბნის რაიონში, ...ის ... ...ში მდებარე 800 მ2 მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო №...); აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2005 წლის 8 სექტემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა გ. კ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2007 წლის 17 იანვარს, 2005 წლის 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. მ-ის საკუთრებად. ამრიგად, მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - კერძო პირთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც არ არის სადავოდ ქცეული; ნივთი გასხვისდა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ და თავდაპირველი რეგისტრაცია არ არის გასაჩივრებული; გასხვისებულია და საჯარო რეესტრში აღრიცხულია სწორედ გარდაბანში მდებარე ნივთი, რომლის მონაცემების ზედდებაც მოსარჩელის თბილისში მდებარე ნივთთან დადგენილი და დადასტურებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის წინაპირობა არ არსებობს.

რაც შეეხება საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას, დადგენილია, რომ 2005 წლის 1 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, თ. ნ-მა ლელა წურწუმიასგან შეიძინა გარდაბანში, ...ის ... ...ში მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თ. ნ-ის საკუთრების უფლება გარდაბანში, ...ის ... ...ში მდებარე 0,06 ჰა დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით .... ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 თებერვლის №... გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის მონაცემები შეიცვალა, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მომზადდა ახალი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიეთითა დაზუსტებული მიწის ნაკვეთის მონაცემები - 598 მ2 და საკადასტრო კოდი ....

ასევე, დადგენილია, რომ 2006 წლის 1 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ზ. გ-ემ ქ. გ-ისაგან შეიძინა გარდაბანში, ...ის ... ...ში მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი. შედეგად, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზ. გ-ის საკუთრების უფლება დაუზუსტებელ 0,06 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 1 მარტის №... გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები დარეგისტრირდა. განმცხადებლის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ფართი და საკადასტრო კოდად მიეთითა ....

ამრიგად, თ. ნ-მა და ზ. გ-ემ შეიძინეს გარდაბანში მდებარე უძრავი ნივთები და ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე, მათზე აღრიცხული ქონების კოდი იწყებოდა 81-ით, რაც შეესაბამებოდა გარდაბნის სარეგისტრაციო ზონის კოდს, ხოლო ცვლილების შემდეგ გახდა 01, რაც თბილისის სარეგისტრაციო ზონის კოდს წარმოადგენს. ცვლილებების კანონიერების შემოწმებისას საყურადღებოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 მაისის №159153 წერილი, რომლის შესაბამისად, ვინაიდან №... და №... საკადასტრო კოდებით მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების შედარება ვერ განხორციელდება №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების დაზუსტებულ საკადასტრო მონაცემებთან. ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ ცვლილება სწორედ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოხდა.

საკასაციო პალატა, უფლების დამდგენი დოკუმენტების, შეცვლილი მონაცემებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 თებერვლის №... და 2008 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილებები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, მხოლოდ აზომვითი ნახაზი ავტომატურად არ ქმნიდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელების საფუძველს. ადმინისტრაციულ ორგანს უნდა დაედგინა, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები რამდენად შეესაბამებოდა უკვე რეგისტრირებულ მონაცემებს, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულ ინფორმაციას, შეძენილი ქონების მახასიათებლებს, ცვლილება ხომ არ იწვევდა სხვა პირთა საკუთრების უფლების ხელყოფას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სადავო საკითხი საჭიროებს ჩამოთვლილი გარემოებების სრულყოფილად შესწავლასა და გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მართებულად იქნა მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან, საკითხის ამგვარი გადაწყვეტის პირობებში, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა მოპასუხისთვის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების დადგენისა და საკადასტრო გეგმის გაცემის დავალების თაობაზე, რადგან საკითხი ამ ეტაპზე თავად ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს და გადაწყვიტოს.

სარჩელით, ასევე, მოთხოვნილია უკვე თბილისში რეგისტრირებული უძრავი ნივთების გასხვისების შედეგად ახალ მესაკუთრეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ აქტების ბათილად ცნობა. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: 2011 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებებით, გ. ფ-მა იყიდა ქ. ს-ის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1000 მ2 (საკადასტრო კოდი ...), 600 მ2 (საკადასტრო კოდი ...), 210 მ2 (საკადასტრო კოდი ...) და 129 მ2 (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთები. შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებებით ნივთებზე დარეგისტრირდა გ. ფ-ის საკუთრების უფლება, ხოლო 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთები გაერთიანდა (ახალი საკადასტრო კოდი ...); აღნიშნული ნივთი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მ. ა-ის საკუთრებად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილებით კი, მ. ა-ისა და ზ. ჩ-ას შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის საფუძველზე, ნივთზე დარეგისტრირდა ზ. ჩ-ას საკუთრების უფლება.

საქმეზე დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ. ა-მა იყიდა ზ. გ-ის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ...ის ... ...ში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...). შედეგად, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა მ. ა-ის საკუთრების უფლება. ასევე, დადგენილია, რომ 2015 წლის 23 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ბ. მ-მა თ. ნ-ისგან შეიძინა თბილისში, ...ის ... ...ში მდებარე 598 მ2 მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...). შედეგად, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ბ. მ-ის საკუთრების უფლება.

ზემოაღნიშნული რეგისტრაციების კანონიერების შეფასებისას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან მათი განხორციელების საფუძვლები - ნასყიდობის ხელშეკრულებები ძალაშია, არ არის სადავოდ გამხდარი, ხოლო სადავო რეგისტრაციები განხორციელდა უკვე რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, შემძენთა არაკეთილსინდისიერების ფაქტი კი არ დასტურდება, არ არსებობს ზემოაღნიშნული რეგისტრაციების გაუქმების წინაპირობები.

ამრიგად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ა-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბ. მ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ვ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 7 სექტემბრის №0 საგადასახადო დავალებით ა. ს-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - მ. ა-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 1 თებერვლის №24561363 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 2021 წლის 3 თებერვლის №02228 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე