საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-294(კ-20) 13 მაისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ. ზ-ა, დ. ხ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. ზ-ამ და დ. ხ-ამ 2018 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს ამავე სამინისტროსთვის ნ. ზ-ასა და დ. ხ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დავალება. 2019 წლის 31 იანვრის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა დამატებით მოითხოვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის №01/3318-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოპასუხედ კი დაასახელეს სამინისტროს უფლებამონაცვლე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ასა და დ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის №01/3318-ს გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ. ზ-ასა და დ. ხ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების არსებითად განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ დავა ეხება ნ. ზ-ას მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით მეორედ წარდგენილი განცხადების განხილვასა და გადაწყვეტას. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარე წარადგენს ახალ მტკიცებულებას, რომელიც პირველი ადმინისტრაციული წარმოების დროს ვერ იქნა წარდგენილი განმცხადებლის ბრალის გარეშე. სადავო შემთხვევაში კი, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა სამი მეზობლის (მოწმის) ჩვენება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობა. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ცნობა პირველი წარმოების დროსაც იყო წარდგენილი, ხოლო მოწმეთა ჩვენების წარდგენა განმცხადებელს ყოველთვის შეეძლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეთა განცხადება მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ იმავე საკითხთან დაკავშირებით უკვე იყო გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და განმცხადებელმა ახალი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც აწესრიგებს ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების მეორედ წარდგენისა და განხილვის წესს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა. ამრიგად, მითითებული ნორმის საფუძველზე, განცხადების განუხილველად დატოვება ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თუკი იმავე პირის მიერ იმავე მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე ერთხელ უკვე აქვს ნამსჯელი და გამოცემული აქვს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აქტი, ხოლო მეორედ წარდგენილ განცხადებაში მხარე ვერ მიუთითებს ახალ გარემოებებზე და ვერ წარადგენს ახალ მტკიცებულებებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ზ-ასა და დ. ხ-ას მინიჭებული ჰქონდათ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტატუსი, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 აპრილის №654 და №655 ბრძანებების საფუძველზე, მოსარჩელეებს სტატუსი ჩამოერთვათ.
დადგენილია, რომ ნ. ზ-ამ 2018 წლის 29 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილისთვის - დ. ხ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ნ. ზ-ამ, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა ნამზირა ხარებავას, ნინა ხარებავას და ზურაბ ლოგუას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (დასტური), რომლითაც განმცხადებლები ადასტურებენ 1985-1992 წლებში, ქალაქ გაგრის დაცემამდე, ნ. ზ-ას ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. იმავე ფაქტს ადასტურებდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობაც.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის №01/3318-ს გადაწყვეტილებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკითხი ერთხელ უკვე განხილული იყო სამინისტროს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთათვის სტატუსის მინიჭების საკითხის შესწავლაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე თქვა უარი, რომ არ გაითვალისწინა განმცხადებლების მიერ ახალი მტკიცებულებების წარდგენის ფაქტი. გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურ ანალიზსა და შეფასებას, რასაც საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ძირითადი სადავო საკითხის - დევნილის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსი სოციალური დავის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა მიუდგეს საკითხს მხოლოდ ფორმალურად, არამედ ადმინისტრაციული წარმოება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, განსაკუთრებული გულისხმიერებით უნდა წარმართოს. დამატებით გასათვალისწინებელია, რომ საკითხის ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვისას დ. ხ-ა არასრულწლოვანი იყო, რაც მისი უფლებების განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ, არ არსებობდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი და განსახილველ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას კასატორმა ყველა მტკიცებულების სათანადოდ შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, არსებითად უნდა გადაწყვიტოს საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე