Facebook Twitter

საქმე #ბს-220(კ-21) 27 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 10 ოქტომბერს ზ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1435 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ქ. თბილისში, ..ის ქუჩა N...-ს მიმდებარედ არსებული ავტოფარეხის მომიჯნავე 20 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, 1997 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ საკუთრების უფლებით შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ..ის ქუჩა N..., ბინა #4. ამავე მისამართის მიმდებარედ, 2003 წელს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ზ. ლ-ამ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენებულია ავტოფარეხი. ამავდროულად, მოსარჩელემ შემოღობა ავტოფარეხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც, როგორც სივრცობრივად გამიჯნული და ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაშია 2003 წლიდან. მოსარჩელის განმარტებით, შემოღობილი მიწის ნაკვეთის მიმართ სხვა მეზობლებს ან/და მესამე პირებს არასოდეს გამოუთქვამთ პრეტენზია. მეტიც, ამხანაგობის წევრებმა წერილობით გამოთქვეს თანხმობა, რათა მოცემულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდეს ზ. ლ-ას საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1435 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. თბილისში, ..ის ქუჩა N...-ს მიმდებარედ არსებული ავტოფარეხის მომიჯნავე 20 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ. ლ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მოცემულ შემთხვევაში სადავო განკარგულება მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა გასაჩივრებული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა გარემოება, როდესაც დაუსაბუთებლად, საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რაც დაუშვებელია. პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო, აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51.2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით, ფართობითა და კონფიგურაციის გათვალისწინებით წარმოადგენდა არსებული განაშენიანების შეუსაბამოს. ამასთან, კასატორის მითითებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1435 განკარგულება, რომლითაც ზ. ლ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..ის ქუჩა N...-ს მიმდებარედ; საერთო ფართი 20.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51.2 მუხლზე მითითებით, კერძო და საჯარო ინტერესებისა და არსებული შეზღუდვის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიიჩნია ზ. ლ-ას მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემის წინაპირობა და საფუძველი გახდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 დეკემბრის #464 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ლ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (დღის წესრიგის 49-ე საკითხი) და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში სადავო განკარგულება მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა გასაჩივრებული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, უფრო მეტიც, სადავო აქტში ნაცვლად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა, დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებით, მოცემულია ერთადერთი საფუძველი საჯარო და კერძო ინტერესებისა და არსებული შეზღუდვის გათვალისწინებით, საკუთრების უფლების აღიარების მიზანშეუწონლობის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო და საჯარო ინტერესზე ზოგადი მითითება და არსებული შეზღუდვის გათვალისწინება, რომელიც მითითებული იყო ჯერ კიდევ თავდაპირველად საკითხის განხილვის დროისათვის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ოქტომბრის წერილში, ვერ ჩაითვლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სათანადო აღსრულებად, ვინაიდან სწორედ აღნიშნული წერილის არსებობის პირობებში დაავალა სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხის ხელახლა განხილვა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ..ის ქუჩა N...–ს მიმდებარედ, 30.00 კვ.მ დაზუსტებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე მდგომი ავტოფარეხით (ს/კ #...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ. ლ-ას სახელზე, რომლის მომიჯნავედ მდებარეობს 20 კვ.მ ფართის საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით არ არის აღრიცხული, ხოლო საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ...ს“ 2014 წლის 8 მარტის #2 კრების ოქმის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3 ადასტურებს, რომ ამხანაგობის წევრი ზ. ლ-ა 2003 წლიდან უწყვეტად სარგებლობს ქ. თბილისში, ..ის ქუჩა N...–ს მიმდებარედ არსებული ავტოფარეხის მომიჯნავე 20 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთით.

ამდენად, ზ. ლ-ას მიერ მტკიცების ტვირთი უზრუნველყოფილია და დადასტურებულია, რომ იგი ფლობს და კანონის ამოქმედებამდეც ფლობდა, ქ. თბილისში, ..ის ქუჩა N...–ს მიმდებარედ არსებული ავტოფარეხის მომიჯნავედ 20 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთს, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწას, რომელიც აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, დადასტურებულია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში და მასზე არ ვრცელდება იმგვარი შეზღუდვა, რომელიც გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე