საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ ბს-335 (უს-21) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ღ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებების გაუქმების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართა მ. ღ-ემ, განმცხადებელმა მოითხოვა საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ ქონებაზე და შენობა ნაგებობებზე ყადაღის დადება; ასევე, საადვოკატო ფირმის ხელმძღვანელის ს. კ-ის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება; ადვოკატის დანიშვნა სახელმწიფოს ხარჯზე, კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა და სხვა.
2020 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა მ. ღ-ემ და მოითხოვა ადვოკატის დანიშვნა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით - საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, მ. ღ-ეს დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამავე განჩინებით მ. ღ-ის შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2020 წლის 02 ნოემბერს მ. ღ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის დადება, გადაყიდვის, გასხვისების, ბანკში ჩადების აკრძალვა მოითხოვა. ამასთან, მიუთითა, რომ სურს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა (შეცვლა). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 ნოემბრის განჩინებით მ. ღ-ის შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დარჩა განუხილველი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
2020 წლის 10 ნოემბერს, მ. ღ-ემ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
2020 წლის 11 ნოემბერს, მ. ღ-ემ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მ. ღ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მ. ღ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და იმავე სასამართლოს 2020 წლის 04 დეკემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მისი ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 ნოემბრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და იმავე სასამართლოს 2020 წლის 04 დეკემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მისი ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე.
2021 წლის 9 მარტს მ. ღ-ემ საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამდინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებები და მისი შუამდგომლობების დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. ამდენად, მ. ღ-ის მიერ წარმოდგენილია საჩივარი განჩინებებზე, რომელთა დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის შესახებაც მხარეს ასევე განემარტა გასაჩივრებული განჩინებების სარეზოლუციო ნაწილით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებებზე დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს მ. ღ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე