Facebook Twitter

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-385(ს-21) 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ხ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის ბრძანებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური).

2020 წლის 11 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ი. ხ-ის (პ/ნ ...), თ. თ-ის (პ/ნ ...), შპს „...ას“ (ს/ნ ...) და შპს „ა...ის“ (ს/ნ ...) ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 სექტემბრის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ა...ი“ და ი. ხ-ე აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად; სხვა ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 სექტემბრის ბრძანება საჩივრით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ი. ხ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ი. ხ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 სექტემბრის ბრძანება; ამასთან სააპელაციო სასამართლომ ბრძანებაში მიუთითა, რომ მოცემულ საკითხზე მის მიერ მიღებული ბრძანება იყო საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის ბრძანება საჩივრით გაასაჩივრა ი. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით მოწესრიგებულია პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის წესები. მითითებული კოდექსის 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახდის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. ამავე კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული ბრძანება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ შეაფასებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების დავასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის ბრძანებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2165 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ხ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე