საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-639(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ა-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:
1. ი. ა-მა 2018 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №... და ამავე სააგენტოს 2018 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის დავალება. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის დროებითი განჩინებით ი. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა დავის დასრულებამდე ი. ა-ის მიმართ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ი. ა-მა 2017 წლის 27 დეკემბერს განცხადებით მიმარა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა;
4.2. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 იანვარის №... გადაწყვეტილებით ი. ა-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს განემარტა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
4.3. 2018 წლის 1 თებერვალს ი. ა-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2018 წლის 25 იანვრის №... გადაწყვეტილების გაუქმებისა და მის სახელზე არაელექტრონული მატარებლით პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით;
4.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილებით ი. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-7, მე-13 მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით.
6. დასახელებული ნორმატიული აქტების საფუძველზე კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფომ სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა და არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, პირადობის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, უნდა აეღო ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობა.
7. საქალაქო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სასულიერო პირს, კანონმდებლობით მხოლოდ რელიგიური მოტივით არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სარჩელის წარდგენისას და საქმის განხილვისას ი. ა-ს არ წარუდგენია დასაბუთებული არგუმენტაცია ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებით საფრთხის არსებობის თაობაზე.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 331 მუხლების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება ი. ა-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა ი. ა-ის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (2018 წლის 25 იანვრისა და 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებების) ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო პალატამ, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით, აღნიშნა, რომ კანონმდებელმა განსაზღვრა პირადობის მოწმობაზე მონაცემების ელექტრონული ფორმით დატანის შესაძლებლობა, ამასთან, ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის ვადა შემოსაზღვრა 6 თვით. დასახელებული კანონის მე-14 მუხლის მეორე და მე-10 პუნქტების შინაარსის გათვალისწინებით, კანონმდებელმა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის დასაშვებობა ობიექტურ გარემოებათა გამო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შეუძლებლობას დაუკავშირა და როგორც ელექტრონული მატარებლის, ასევე მის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის წესის განსაზღვრა აღმასრულებელი ორგანოს - იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიაკუთვნა, რაც თავისთავად ობიექტურ გარემოებათა დადგენის უფლებამოსილებასაც მოიცავს.
12. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებულ „წესზე“ და აღნიშნა, რომ „წესი“ აზუსტებს და აკონკრეტებს კანონის დებულებებს და 25-ე მუხლში ჩამოთვლის გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმოების დროებით გაცემა. დასახელებული მუხლის სადავო პერიოდში - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე, რადგან სახეზე არ იყო ნორმატიულად განსაზღვრული, გამონაკლისი შემთხვევა, ობიექტური გარემოება, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამოიწვევდა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. რაც შეეხება მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალებას, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის საფუძველზე, მიუთითა, რომ მან უნდა იმსჯელოს, სადავო საკითხის გადაწყვეტის ეტაპზე რამდენად არსებობს მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის საოქმო ჩანაწერით (საქმე №1/12/1404) არსებითად განსახილველად იქნა მიღებული №1404 კონსტიტუციური სარჩელი („ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მეორე წინადადებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 25-ე მუხლს 2019 წლის 27 დეკემბრიდან დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს, თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც დასტურდება მისი აღმსარებლობის კუთვნილების ფაქტი. მითითებული ნორმის მოქმედება გავრცელდა 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და მოქმედებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/12/1404 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე შესაძლებელი იყო არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენს სასულიერო პირს - მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს და სწორედ რწმენის გამო ითხოვდა მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალებას.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
16. კასატორები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 25-ე მუხლში შევიდა ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს, თუ პირი რწმენის გამო აცხადებს უარს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც დასტურდება მისი აღმსარებლობის კუთვნილების ფაქტი. ამასთანავე, ამავე ბრძანების 33-ე მუხლის მეორე პუნქტში შესული ცვლილების საფუძველზე, აღმსარებლობის დადასტურების შემთხვევაში, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების გარეშე გაიცემა მხოლოდ ერთი თვის ვადით.
17. საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებდა კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნებს, უფლება ჰქონდა, დროებით აეღო პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, თუმცა ი. ა-ს სააგენტოსთვის მსგავსი მოთხოვნით არ მიუმართავს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ, მართალია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერად მიიჩნია, მაგრამ შეიჭრა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციებში და მოპასუხეს უსაფუძვლოდ დაავალა ქმედების განხორციელება.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:
19. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის დავალების კანონიერება.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. იმავე კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. დასახელებული მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
22. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2011 წლიდან პირადობის მოწმობის ელექტრონული ინფორმაციის მატარებლით გაცემა სავალდებულოდ არის შემოღებული, არაელექტრონული პირადობის მოწმობა კი შეიძლება გაიცეს მხოლოდ გამონაკლისის სახით, დროებით (6 თვით) და ნორმატიულად განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევაში. სწორედ მსგავსი ობიექტური მიზეზების დასაკონკრეტებლად და პირადობის მოწმობის გაცემის წესის დეტალურად მოსაწესრიგებლად, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.
23. ზემოაღნიშნული „წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გასაჩივრებული აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქციით დადგენილი იყო, რომ სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვა) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. იმავე „წესის“ 33-ე მუხლის მეორე პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით კი, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამრიგად, კანონქვემდებარე აქტით ამომწურავად არის განსაზღვრული ობიექტური გარემოებები, რომელთა არსებობაც შეიძლება გახდეს არაელექტრონული პირადობის მოწმობის დროებით გაცემის წინაპირობა. მოსარჩელე კი თავის მოთხოვნას აფუძნებს არა რომელიმე ჩამოთვლილ გარემოებაზე, არამედ მიუთითებს მის რწმენაზე, რაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არ ქმნიდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. სწორედ ამან განაპირობა, რომ ი. ა-ის მიერ გასაჩივრებული, მისთვის არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
24. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს, დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის საოქმო ჩანაწერით (საქმე №1/12/1404) არსებითად განსახილველად იქნა მიღებული №1404 კონსტიტუციური სარჩელი („ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“), რომელიც ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობის დამდგენი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას შეეხებოდა. ამავე საოქმო ჩანაწერით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მეორე წინადადებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე.
25. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული საოქმო ჩანაწერის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 25-ე მუხლის პირველ პუნქტს 2019 წლის 27 დეკემბრიდან დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაცემულიყო, თუ პირი რწმენის გამო აცხადებდა უარს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და წარადგენდა დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა მისი აღმსარებლობის კუთვნილების ფაქტი. მითითებული ნორმის მოქმედება გავრცელდა 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და მოქმედებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/12/1404 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამასთან, „წესის“ 33-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგინდა, რომ ასეთ შემთხვევაში არაელექტრონული პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 1 თვის ვადისა.
26. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერის საფუძველზე, რწმენის გამო არაელექტრონული მოწმობის მიღება დაშვებული იყო როგორც დროებითი ღონისძიება, 2019 წლის 26 დეკემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, ამავე პერიოდში წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ და ამ შემთხვევაშიც არაელექტრონული მოწმობა უნდა გაცემულიყო არაუმეტეს 1 თვის ვადისა, შესაბამისი სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
27. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი 2020 წლის 9 ივლისიდან ძალადაკარგულია, რაც გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2020 წლის 4 ივნისს №1/1/1404 საქმეზე გადაწყვეტილების მიღებით, რითაც ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობა ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უალტერნატივო წესს და კანონმდებლობით განსაზღვრული ობიექტური გარემოებების მიღმა არ ითვალისწინებს სხვა სახის პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, თუმცა სადავო რეგულაციის შემოღება და ელექტრონული პირადობის მოწმობის უალტერნატივო წესით გაცემის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით იყო განპირობებული. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „რწმენის/ აღმსარებლობის თავისუფლების შინაარსი ვერ განიმარტება ისეთ შორეულ მიჯნებამდე, რომ მან დაცულობის ფარგლებში მოაქციოს პირის უფლება, უკარნახოს სახელმწიფოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს იგი საშინაო ადმინისტრირების პროცედურებში და როგორი სახით (ფორმა, შინაარსი, ტექნიკური მახასიათებლები...) გასცეს პირებზე ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის პირადობის მოწმობა. სასამართლოს აზრით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლებიდან არ წარმოდგება სახელმწიფოს ვალდებულება, ოფიციალური დოკუმენტების შემუშავებისას გაითვალისწინოს ყველა ის გულწრფელი წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება თავიანთი რწმენის საფუძველზე წარმოიშვას მის მოქალაქეებს შორის, რომლებიც სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებიან, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევებში, როდესაც რელიგიური რწმენით შთაგონებული ესა თუ ის ქმედება არ წარმოადგენს შესაბამისი რელიგიის პრინციპულ/სავალდებულო მოთხოვნას. თუ სახელმწიფო ყოველ ჯერზე დაჰყვებოდა მორწმუნეთა ინდივიდუალურ სურვილებსა და მოთხოვნებს, იგი ვერ შეძლებდა, დაეცვა თანაბრობა და ნეიტრალიტეტი ქვეყანაში ფუნქციონირებადი განსხვავებული რელიგიების მიმართ... სადავო ნორმის შემუშავების პროცესში სახელმწიფოს არ წარმოეშვა პოზიტიური ვალდებულება, ოფიციალური ადმინისტრაციული დოკუმენტების ერთგვაროვნების დაცვის მნიშვნელოვანი საჯარო და ინდივიდუალური ინტერესების საზიანოდ დაეშვა გამონაკლისები ზოგადი, შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაციიდან და გაეთვალისწინებინა წესი, რომლის მიხედვითაც დაშვებულად იქნებოდა გამოცხადებული ოფიციალური დოკუმენტების შინაარსის, ფორმისა თუ ტექნიკური პარამეტრების შეცვლა ცალკეული ინდივიდების სუბიექტური მოტივებით... რელიგიის თავისუფლება ადამიანს იცავს მის რელიგიურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ინტერვენციისაგან და იგი არ მოიცავს სახელმწიფოზე აქტიური ზემოქმედების თავისუფლებას სახელმწიფოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით და სუბიექტური მოტივებით“ (II-37-38).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ ნორმის დროში მოქმედების შეზღუდვის, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის პროცედურისა და ვადის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერად იქნა ცნობილი და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია 2019 წლის 26 დეკემბრამდე, ხოლო თავად ი. ა-ს საკანონმდებლო ცვლილებით მინიჭებული უფლებით არ უსარგებლია, არ დაწყებულა ახალი ადმინისტრაციული წარმოება და უშუალოდ ხსენებული ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არსებობს, სააპელაციო საჩივრის გადაწყვეტისას მოქმედი რეგულაცია არ ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
29. რაც შეეხება მოქმედ კანონმდებლობას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, დღეის მდგომარეობით, დამატებული აქვს „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს, რომ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ, თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონულ მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი. იმავე „წესის“ 33-ე მუხლის მეორე პუნქტით კი დადგენილია, რომ ასეთ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 1 თვის ვადისა. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით, პირი უფლებამოსილია, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით, თუ 1. დაადასტურებს, რომ რწმენის გამო აცხადებს უარს ელექტრონული მოწმობის აღებაზე; 2. მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი. მსგავსი განცხადება წარმოადგენს ახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს და თუკი განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, უნდა გამოიცეს შესაბამისი სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მსგავსი პირადობის მოწმობა გაიცემა დროებით, მისი მოქმედების მაქსიმალური ვადა 1 თვეა.
30. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების საკითხის შეფასებისას, კვლავ გაამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ამ ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები კი - სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერად არის მიჩნეული. დადასტურებულია, რომ ქმედების განხორციელებაზე უარი შეესაბამებოდა კანონმდებლობას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენებისთვის, პირველ ყოვლისა, სწორედ ი. ა-მა უნდა მიმართოს სააგენტოს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რადგან დასახელებული ნორმის გამოყენება საჭიროებს დამოუკიდებელი, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, დამატებითი გარემოებების გამოკვლევას, რომლის შედეგადაც უნდა გამოიცეს დასაბუთებული აქტი. გარდა ამისა, სწორედ სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილებაა, განსაზღვროს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვადა, რომელიც ერთ თვეს არ უნდა აღემატებოდეს. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელეს არ უსარგებლია დასახელებული უფლებით და არ არსებობს 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, ამასთანავე, ნორმით არაელექტრონული პირადობის მოწმობა მხოლოდ დროებით გაიცემა, განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს სასარჩელო მოთხოვნა. დამატებით მნიშვნელოვანია, რომ განსახილველი დავის დასრულებამდე მოსარჩელის კანონიერი უფლებები დაცული იყო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის დროებითი განჩინებითაც. ამდენად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
32. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც კასატორთა სასარგელოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. ი. ა-ის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ი. ა-ის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. ი. ა-ს (პ/ნ ...) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) სასარგებლოდ დაეკისროს სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე