საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-424(2კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კასატორი (მესამე პირი) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - დ. ნ-ი; თ. ბ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:დ. ნ-მა და თ. ბ-ემ 2018 წლის 19 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1422429 და 2018 წლის 16 ოქტომბრის №2534312 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელეთა გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ისა და დ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1422429 ბრძანება თ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში (99-ე პუნქტი); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის №2534312 ბრძანება თ. ბ-ისა და დ. ნ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა თ. ბ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... ...ის ... ...ს ... ... ...ის ...ის ....ის თანამდებობაზე და დ. ნ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... ...ის ...ოს ... ... ...ის სამსახურში დაბალი (მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე დაბალი) რანგის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურების და სპეციალური დანამატის) ანაზღაურება თ. ბ-ის სასარგებლოდ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან სამსახურში აღდგენამდე, ხოლო დ. ნ-ის სასარგებლოდ - მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის დღიდან სამსახურში აღდგენამდე. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ნ-მა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელეების თანამდებობებზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. აღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კერძო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინება დ. ნ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი განჩინება, რომლითაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დ. ნ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ნაწილში (დ. ნ-ის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით) და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა დ. ნ-ის აღდგენა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არასებობის პირობებში, დ. ნ-ის კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობაზე; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმის გარემოებათა შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №97 საშტატო საორგანიზაციო ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს საიდუმლო დოკუმენტს, განხორციელდა რეორგანიზაცია, შედეგად კი, გაუქმდა ის თანამდებობები, რომლებსაც მოსარჩელეები იკავებდნენ. შესაბამისად, კასატორთა მოსაზრებით, საშტატო ერთეულთა შემცირების გამო, მოსარჩელეები მართებულად გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის ამოწურვის შემდეგ - სამსახურიდან.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, რაც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს სადავო აქტების გამომცემი პირის უფლებამოსილების შემოწმებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს პოლიციის ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია, რომ მითითებულ საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს გაკეთებული აქვს განმარტებები არაერთ საქმეზე (მათ შორის, იხ. 2020 წლის 8 აპრილის №ბს-12(2კ-20) და 2020 წლის 30 ივლისის №ბს-1436(2კ-18) განჩინებები).
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. ბ-ე მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... ...ის ...ოს ... ... ...ის ...ოს ...ის თანამდებობაზე, ხოლო დ. ნ-ი - იმავე ...ოს ...ის მოადგილის თანამდებობაზე, თუმცა მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები გამოსცა არაუფლებამოსილმა პირმა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სადავო აქტების არარად აღიარების საფუძველსაც კი ქმნის, თუმცა ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილია აქტების ბათილად ცნობა, ხოლო საკასაციო საჩივრები მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ არის წარმოდგენილი, სასამართლო ვერ გასცდება მოთხოვნის ფარგლებს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება სადავო აქტების არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღება, მათი გამოცემის საფუძვლად მითითებული - რეორგანიზაციის მიმდინარეობის კანონიერების შემოწმების აუცილებლობა აღარ არსებობს, რადგან დასახელებული ფაქტი სასარჩელო მოთხოვნების (სადავო აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება) დაკმაყოფილებისთვის საკმარის წინაპირობას ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე