საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-419(კ-21) 27 მაისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა. გ. ჯ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა. გ. ჯ. ნ-მა 2019 წლის 11 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ. ჯ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ. ჯ. ნ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით ა. გ. ჯ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ. ჯ. ნ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ. ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოს თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი წარდგენილია სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება ა. გ. ჯ. ნ-ის წარმომადგენელს ვ. გ-ას გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი ადვოკატ ჯ. ჟ-ას ჩაბარდა 2021 წლის 10 თებერვალს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ა. გ. ჯ. ნ-ის ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება ჩაიბარა პირადად 2021 წლის 24 მარტს (ს.ფ. 205).
საქმეში დაცული რწმუნებულების (ს.ფ. 131-133) თანახმად, ვ. გ-ს ა. გ. ჯ. ნ-ისგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა 2021 წლის 8 ივლისის ჩათვლით, რწმუნებულება ითვალისწინებდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანის უფლებამოსილების ჩათვლით.
შესაბამისად, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობით მხარისთვისაც და წარმომადგენლისთვისაც გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, რომელსაც უფრო ადრე ჩაბარდა გასაჩივრებული განჩინება, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა 2021 წლის 11 თებერვლიდან დაიწყო და 2021 წლის 4 მარტს (უქმე დღის 3 მარტის გათვალისწინებით) ამოიწურა, ხოლო საკასაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 15 აპრილს ანუ ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც ა. გ. ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადა გასულია ასევე ა. გ. ჯ. ნ-ის მიერ განჩინების ჩაბარების დღიდანაც, ვინაიდან მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება პირადად ჩაიბარა 2021 წლის 24 მარტს, გასაჩივრების ვადის დენა 2021 წლის 25 მარტიდან დაიწყო და 2021 წლის 14 აპრილს, 24 საათზე ამოიწურა, ხოლო საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2021 წლის 15 აპრილს.
ამასთან, კასატორს - ა. გ. ჯ. ნ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 15.04.2021 წ. №10746153292 საგადახდო დავალებით გადახდილი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ. ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - ა. გ. ჯ. ნ-ს (პასპორტის ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2021წ. №10746153292 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე