Facebook Twitter

საქმე №ბს-73(კს-21) 31 მაისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - გ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ი. თ-ე, თ. ფ-ა

განხილვის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 28 მაისს ა. გ-ემ და გ. ხ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ. ფ-ა და ი. თ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ისა და გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილება 2.19 კვ.მეტრის ნაწილში (ა. გ-ისა და გ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში). აღნიშნული გადაწყვეტილება საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა - თ. ფ-ამ და ი. თ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, ი. თ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. თ-ის მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და №3/44-19 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით ი. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ი. თ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ №3/44-19 ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მომართეს ა. გ-ემ და გ. ხ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით ა. გ-ისა და გ. ხ-ის კერძო საჩივარი, ა. გ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - გ. ხ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი გ. ხ-ის წარმომადგენელს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე. გზავნილი 2021 წლის 6 აპრილს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს (თ. ბ-ს). შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2021 წლის 7 აპრილიდან დაიწყო და 2021 წლის 13 აპრილს (სამშაბათს) ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც გ. ხ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე