საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-259(კ-20) 28 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
26.11.2018წ. ა. ნ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 22.10.2018წ. MIA... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ა. ნ-ის წელთა ნამსახურობის ხელახლა დაანგარიშების დავალება, 20 წლის, 4 დღის და სწავლის პერიოდის - 7 წლის, 1 თვის და 26 დღის, სულ - 27 წლის და 2 თვის ნამსახურობის ანგარიშში ჩათვლის მიზნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ა. ნ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის აღდგენა კომპენსაციის შეწყვეტის დღიდან - 2018 წლის პირველი ნოემბრიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ა. ნ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 17 280 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2019წ. გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის MIA... გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ა. ნ-ს წელთა ნამსახურობის ანგარიშში ჩაუთვალოს 20 წელი და 4 დღე (სავალდებულო სამხედრო სამსახური - 08.05.1974წ. – 15.05.1976წ.; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობა - 06.11.1985წ. – 03.11.2003წ.) და სწავლის პერიოდი - 7 წელი, 1 თვე და 26 დღე, სულ 27 წელი და 2 თვე. დანარჩენ ნაწილში ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.03.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამასთან, ა. ნ-მა წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. ნ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიმართ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის №2018/3 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას ა. ნ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის აღდგენა, კომპენსაციის შეწყვეტის დღიდან - 2018 წლის 1 ნოემბრიდან. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, ასევე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სუბიექტთა წრე და კანონის მეორე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ნ-ი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, მითითებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს მის მიმართ და ამ კანონების საფუძველზე უნდა მოხდეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა-გადაანგარიშება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 23.03.2017წ. მომზადებული პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის - ა. ნ-ის კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, მისმა ნამსახურობამ შეადგინა 20 წელი და 4 დღე, ხოლო სწავლის პერიოდმა - 7 წელი, 1 თვე და 26 დღე. მითითებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ ა. ნ-ს 2017 წლის აპრილიდან დაუნიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. მოგვიანებით, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ 23.03.2017წ. მომზადებული ა. ნ-ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც მას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, შედგენილი იყო შეცდომით. აღნიშნულის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულ განყოფილებას ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 22.10.2018წ. MIA... წერილით. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორულ ორგანოს გადაეცა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ა. ნ-ი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობდა 1974 წლის პირველი მაისიდან 1976 წლის პირველ მაისამდე პერიოდში (2 წელი, 0 თვე და 0 დღე), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - 1986 წლის 29 მაისიდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში (17 წელი, 5 თვე და 4 დღე), სულ - 19 წელი, 5 თვე და 4 დღე.
ზემოაღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილებით ა. ნ-ს 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ა. ნ-ს წოდებით ნამსახურობად უნდა ჩაეთვალოს მხოლოდ 1986 წლის 29 მაისიდან ნამსახურობა. საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ნ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მსახურობდა 1985 წლის 10 ნოემბრიდან, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1985 წლის 6 ნოემბრის N507 ბრძანებით ა. ნ-ი დაინიშნა სოციალისტური საკუთრების დატაცებასთან ბრძოლის განყოფილების გურჯაანის რაიოაღმასკომის ...ად, 1985 წლის 10 ნოემბრიდან. ამასთან, ნამსახურობის ნუსხაში მითითებულია, რომ ა. ნ-მა მილიციის ლეიტენანტის წოდება მიიღო 1986 წლის 29 მაისს. იმ საკითხის გათვალისწინებით, რომ სპეციალური წოდების მინიჭება ხდება თანმიმდევრობით, ხოლო ა. ნ-ს მილიციის ლეიტენანტის წოდება მინიჭებული აქვს 1986 წლის 29 მაისს, საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მოსარჩელეს წინა პერიოდში უკვე ჰქონდა მინიჭებული უფრო დაბალი წოდება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის საწინააღმდეგოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული ის გარემოება, რომ არქივში დაცული დოკუმენტაცია არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას, მოსარჩელისათვის 1985 წლის 10 ნოემბრიდან სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაუშვებელია, მოთხოვნილ იქნეს მტკიცებულებები, რომელთა წარმოდგენის შესაძლებლობა ობიექტური მიზეზების გამო განმცხადებელს არ გააჩნია და რაც მისი ბრალეული ქმედებით არ არის გამოწვეული. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკაზეც, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 06.11.1985წ. N507 ბრძანებისა და მოსარჩელის სამსახურის გავლის ნუსხის თანახმად, ა. ნ-ი დანიშნული იყო სოციალისტური საკუთრების დატაცებასთან ბრძოლის განყოფილების გურჯაანის რაიოაღმასკომის ...ად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.2 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ნ-ი საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში ჩაირიცხა 1977 წელს და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 24.12.1985წ. გადაწყვეტილებით მიენიჭა ზოოინჟინრის კვალიფიკაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით 16.01.1986წ. გაიცა დიპლომი N.... 23.03.2017წ. დაანგარიშებული ნამსახურობის ნუსხით ა. ნ-ის ნამსახურობაში ჩაითვალა სწავლა - 1977 წლის პირველი სექტემბრიდან 1985 წლის 24 დეკემბრამდე (8 წელი, 3 თვე და 23 დღე, აქედან შეღავათიანი - 7 წელი, 1 თვე და 26 დღე), თუმცა ხელახალი გაანგარიშებისას სწავლის პერიოდი აღარ იქნა გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაზიარებული. მოსარჩელის ნამსახურობის წლების გაანგარიშებისას სწავლის პერიოდი გათვალისწინებულ უნდა იქნეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 22.10.2018წ. MIA ... გადაწყვეტილება, ამასთან, სამინისტროს უნდა დაევალოს 20 წლის, 4 დღის (სავალდებულო სამხედრო სამსახური - 08.05.1974წ. - 15.05.1976წ.; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობა - 06.11.1985წ. - 03.11.2003წ.) და სწავლის პერიოდის - 7 წლის, 1 თვის და 26 დღის, სულ - 27 წლის და 2 თვის ა. ნ-ის წელთა ნამსახურობის ანგარიშში ჩათვლა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილება გამოცემულია შსს 22.10.2018წ. MIA... გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს 22.10.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილებაც, როგორც ბათილად ცნობილი აქტის უკანონო სამართლებრივი შედეგი და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას ა. ნ-ისათვის 2017 წლის აპრილიდან დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის აღდგენა, კომპენსაციის შეწყვეტის დღიდან - 2018 წლის პირველი ნოემბრიდან.
ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უსაფუძვლოა მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ა. ნ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 17 280 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ შსს 10.04.2013წ. N11/1/25-674352 გადაწყვეტილებით ა. ნ-ს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, ვინაიდან მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენდა 19 წელს, 5 თვეს და 4 დღეს. შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს პირველმა განყოფილებამ 23.03.2017წ. მოამზადა წელთა ნამსახურობის ანგარიში ლექსანდრე ნაცვლიშვილის კომპენსაციის მიღებისათვის, რომლის თანახმად, მისმა ნამსახურობამ სამინისტროს სისტემაში შეადგინა 20 წელი და 4 დღე, აღნიშნულს დაემატა სწავლის პერიოდი - 7 წელი, 1 თვე და 26 დღე, სულ - 27 წელი და 2 თვე. შესაბამისად, ა. ნ-ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ სახელმწიფო კომპენსაცია დაუნიშნა 2017 წლის აპრილიდან. ა. ნ-ს შსს 10.04.2013წ. N11/1/25-674352 გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, მითითებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა არ არის დადასტურებული.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის კონკრეტული ქმედების განხორციელების დავალება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმესთან მიმართებით მიღებულ იქნება კანონის მოთხოვნათა დაუცველად. ა. ნ-თან დაკავშირებით მიღებული შსს 10.04.2013წ. N11/1/25-674352 გადაწყვეტილება სადავოდ არ გამხდარა, შესაბამისად, არ დასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევით აქტის გამოცემა. ამდენად, უსაფუძვლოა 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილება კანონიერია, ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპენსაციის დანიშვნას სააგენტო ახდენს კომპეტენტური ორგანოს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტების მომზადებისა და მისი სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში. კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებში ცვლილებამ (ნამსახურობის წლების სხვაგვარად დაანგარიშებამ) გამოიწვია ა. ნ-ის მიმართ დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტა, რაც განხორციელდა „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 31–ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის" მე-4 მუხლის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. ამავე „წესის“ 7.1 მუხლის თანახმად, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები. მითითებული „წესის“ 15.1 მუხლის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო, ხოლო 15.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველმა სამმართველომ 22.10.2018წ. MIA ... წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას აცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მოსამსახურეს ა. ნ-ს (დაბ:...წ.) სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად არ აქვს საკმარისი სტაჟი (20 წელი). ა. ნ-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 29.03.2017წ. N1791-2017/1 გადაწყვეტილებით 2017 წლის პირველი აპრილიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია. საკითხის მოკვლევის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ 26.10.2018წ. N04-10-04/2545 წერილით ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველ სამმართველოს სთხოვა წელთა ნამსახურობის ახალი ანგარიშის გადაგზავნა. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს (საკადრო უზრუნველყოფის) 29.10.2018წ. MIA ... წერილით მიწოდებული წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, ა. ნ-ის (დაბ. ...წ.) წელთა ნამსახურობა სულ შეადგენს 19 (ცხრამეტ) წელს, 5 თვეს და 4 დღეს. ვინაიდან ა. ნ-ი არ განეკუთვნება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაცის მიმღებ პირთა წრეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილებით მას შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია 2018 წლის პირველი ნოემბრიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, უსაფუძვლოა 2018 წლის პირველი ნოემბრიდან ა. ნ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის აღდგენის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი.
ამავე სასამართლოს 10.06.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - ა. ნ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო 30.12.2020წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარზე და მოწინააღმდეგე მხარის - აწ გარდაცვლილი ა. ნ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მისი შვილი - დ. ნ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ შსს 22.10.2018წ. MIA... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ა. ნ-ის წელთა ნამსახურობის ხელახლა დაანგარიშების დავალების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.10.2019წ. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რომლის ფარგლებიც მოიცავს სააპელაციო სასამართლოს 30.10.2019წ. გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის აღდგენის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სპეციალურ სუბიექტთა წრეს, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, ნამსახურობის ვადის ამოწურვისას, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წლის შესრულების შემთხვევაში (კანონის პირველი მუხლის „ა“, „დ“ ქვეპუნქტები, მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს ადგენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი, რომელიც ითვალისწინებს კომპეტენტური ორგანოს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, შესაბამისი მოთხოვნის შემცველი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის პირობებში (კანონის 27-ე მუხლი). ამავე კანონის 31.1 მუხლის „ა-კ“ ქვეპუნქტები შეიცავს სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის კონკრეტულს საფუძვლებს, ხოლო 31.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი მიუთითებს კომპენსაციის შეწყვეტის შესაძლებლობაზე „სხვა საფუძვლით“, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესზე“ (დანართი N2), რომლითაც კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოდ მიჩნეულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო („წესის“ 2.1 მუხლი), ხოლო 15.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებებზე, რომლებიც არსებობდა ა. ნ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილების მიღებამდე. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ნ-ი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ სუბიექტს, რომელსაც კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას გააჩნდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნის უფლება. 23.03.2017წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს პირველმა განყოფილებამ მოამზადა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის ა. ნ-ის კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მისი წელთა ნამსახურობა შეადგენს 20 წელს და 4 დღეს, ხოლო სწავლის პერიოდი - 7 წელს, 1 თვეს და 26 დღეს. აღნიშნულ ანგარიშში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 29.03.2017წ. გადაწყვეტილებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ა. ნ-ს 2017 წლის პირველი აპრილიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.
17.08.2018წ. ა. ნ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 11 აპრილამდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 17 280 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება და 05.10.2018წ. შედგენილი დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ყოფილი მოსამსახურის - ა. ნ-ის წელთა ნამსახურობის ხელახალი გაანგარიშება. 12.10.2018წ. MIA ... წერილით შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა ა. ნ-ს აცნობა, რომ დეპარტამენტში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, მისი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი - 23.03.2017წ. მომზადებული წელთა ნამსახურობის გაანგარიშება შედგენილია შეცდომით. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წელთა ნამსახურობის ხელახლა გაანგარიშებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებაში გადაგზავნის შესახებ.
შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 22.10.2018წ. MIA ... წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მოსამსახურეს - ა. ნ-ს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად არ აქვს საკმარისი სტაჟი - 20 წელი. ამავე დეპარტამენტის 29.10.2018წ. MIA ... წერილით გურჯაანის რაიონულ განყოფილებას გადაეგზავნა ა. ნ-ის წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლის თანახმად, ა. ნ-ი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობდა 1974 წლის პირველი მაისიდან 1976 წლის პირველ მაისამდე პერიოდში (2 წელი), ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - 1986 წლის 29 მაისიდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე (17 წელი, 5 თვე და 4 დღე), სულ: - 19 წელი, 5 თვე და 4 დღე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილებით ა. ნ-ს 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ უნდა იქნას დაშვებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით მოსარჩელისათვის გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ა. ნ-ისათვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი გახდა მისი წელთა ნამსახურობის ხელახლა დაანგარიშების შედეგები, რომლის შესახებაც მითითებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 22.10.2018წ. MIA ... წერილში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 22.10.2018წ. MIA ... აქტის უკანონოდ მიჩნევა და ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის წარმოუდგენლობა ადასტურებს იმ გარემოების უდავოობას, რომ მოსარჩელისათვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს - ა. ნ-ის ნამსახურობის წლების ოდენობა არ არის წინააღმდეგობაში კანონით გათვალისწინებულ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის აუცილებელ ოდენობასთან (20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი). დანიშნული კომპენსაცია შეწყდა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სადავო საკითხთან დაკავშირებული რეალური მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია, მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლად იქცეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით წარმოიშვა და შედეგად - კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტის მიერ უკვე მოპოვებული უფლების შეწყვეტის საფუძველი გახდა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილება გამოცემულია შსს 22.10.2018წ. MIA... გადაწყვეტილების საფუძველზე, 22.10.2018წ. გადაწყვეტილების უკანონოდ მიჩნევის პირობებში, ასევე არსებობს 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილების, როგორც ბათილად ცნობილი აქტის უკანონო სამართლებრივი შედეგის ბათილობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 32.1 მუხლის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. ნ-ი გარდაიცვალა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე - 19.01.2020წ. და მისი სამკვიდრო ქონება საკუთრებაში გადაეცა პირველი რიგის მემკვიდრეს - დ. ნ-ს. საკასაციო სასამართლომ, დავის საგნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა. ნ-მა გარდაცვალებამდე მოიპოვა შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის განახლების მოთხოვნის უფლება, სადავო სამართალურთიერთობაში დასაშვებად მიიჩნია საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენა - საკასაციო სასამართლოს 30.12.2020წ. განჩინებით დ. ნ-ი საქმეში ჩაერთო ა. ნ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ. ამდენად, სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018წ. N2018/3 გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის პირობებში, დ. ნ-ს, როგორც გარდაცვლილი მოსარჩელის - ა. ნ-ის უფლებამონაცვლეს, შესაბამისი სოციალური უფლებით სარგებლობის ფარგლებში სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა გააჩნია მამკვიდრებლის გარდაცვალემაბდე არსებული პერიოდის მხედველობაში მიღებით, იმ ოდენობით, რასაც მიიღებდა ა. ნ-ი კომპენსაციის აღდგენის თარიღიდან გარდაცვალებამდე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლებს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე