Facebook Twitter

ბს-568 (2კ-კს-20) 02 ივნისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, შპს „ე...“

მესამე პირები - ლ. კ-ი, ლ. ბ-ი, შპს „გ...ა“

დავის საგანი - თანამოპასუხის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, მ. ა-მა მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მ. ა-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2018წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ე...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.01.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად ლ. კ-ისა და ლ. ბ-ის ჩაბმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.05.2018წ. გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად საქმეში თანამოპასუხედ - სოლიდარულ მოვალედ ჩაერთო შპს „ე..." .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ლ. ბ-ის ჩაბმის თაობაზე, ეს უკანასკნელი საქმეში ჩაება მესამე პირად სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული ლ. კ-ი, ხოლო სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული შპს ,,გ...ა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ე..."-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა შპს „ე..."-ის, როგორც სარჩელზე ერთ-ერთი მოპასუხის, მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და შპს „ე..."-ის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება. სააპელაციო პალატამ მიუთითა შპს „ე..."-ის წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადასტურდა, რომ მ. ა-ს იმავე საფუძვლებით და იმავე მოთხოვნით სარჩელი ჰქონდა აღძრული შპს „ე..."-ის მიმართ სამოქალაქო წესით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი შპს „ე..."-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაზე მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანსა და იმავე საფუძვლებზე, რაც შპს „ე..."-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს ქმნიდა.

02.12.2019წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა.

საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შედეგად წარმოებაში იქნა მიღებული 16.09.20წ. წარმოდგენილი კერძო საჩივარი ( ტ.18.ს.ფ.378-393). კერძო საჩივრით მ. ა-მა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 02.12.2019წ. განჩინების გაუქმება და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ამასთანავე განჩინებას ხელს არ აწერენ საქმის განმხილველი მოსამართლეები. შპს „ე..."-ის მოპასუხედ ყოფნის საჭიროებას ადასტურებს შპს-ს თანამშრომელთა და ი.მ. ლ. კ-ის შეთანხმებული მოქმედებები, რაც მდგომარეობდა ლ. კ-ის ქონების გადამალვაში და მიზნად ისახავდა მ. ა-ისთვის ზიანის მიყენებას. შპს „ე..."-ის მოქმედებების შედეგად მ. ა-ს მიადგა ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ ი/მ ლ. კ-ი მოვალეთა რეესტრიდან შპს „ე..."-ის წარმომადგენლების ინიციატივით არ ამოირიცხებოდა, მ. ა-ი შეძლებდა მისი კუთვნილი თანხის ლ. კ-ის ქონებიდან ამოღებას. შპს „ე..."-ს ეკისრება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება, რადგან ის ვალდებული იყო ლ. კ-ის კუთვნილი ავტომობილი სააღსრულებო ბიუროსთვის დაებრუნებინა. ასეთ შემთხვევაში მ. ა-ს არ მიადგებოდა ზიანი. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს შპს „ე..."-ის თანამშრომელთა მოქმედებების უკანონობას და მოპასუხედ შპს „ე..."-ის არსებობის საჭიროებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების ზეპირი განხილვის გარეშე (სსკ-ის 419.2 მუხ.) შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.12.2019წ. განჩინებით შპს „ე..."-ის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს ქმნიდა. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება აღნიშნულ განჩინებას და საქმეში მოპასუხედ შპს „ე..."-ის ყოფნის საჭიროებას ასაბუთებს შპს „ე..."-ის მოქმედებებზე მითითებით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობა.

საქმეში დაცულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2018წ.განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ა-ის სარჩელის უარყოფის თაობაზე (ტ.14.ს.ფ.164-172). მითითებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მ. ა-ის მოთხოვნას შეადგენდა მის სასარგებლოდ შპს „ე...“-ისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მ. ა-ი ითხოვდა შპს „ე...“-ის თაღლითური ქმედების შედეგად ზიანის ანზღაურებას. მ. ა-ი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა შპს „ე...“-ის მოქმედებებზე, რომელთა შედეგად მას ზიანი მიადგა, კერძოდ, იგი მიუთითებდა შპს „ე...“-ს და ლ. კ-ს შორის არსებული სესხის და გირავნობის ხელშეკრულების მოჩვენებითობაზე, აგრეთვე მათი ერთობლივი შეთანხმებით მ. ა-ისთვის ზიანის მიყენების მიზნით განხორციელებულ უკანონო მოქმედებებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სამოქალაქო საქმის განმხილველმა სასამართლომ შეაფასა ლ. კ-ის კუთვნილ ავტომანქანასთან მიმართებით შპს „ე...“-ის ქმედებათა კანონიერება, კერძოდ, ლ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე შპს „ე...“-ის მიერ მოგირავნის უფლების გამოყენების და ამ უფლების გამოყენებისას განხორციელებულ მოქმედებათა კანონიერება. შპს „ე...“-ის ქმედებათა შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა სესხის ხელშეკრულების მოჩვენებითად მიჩნევის საფუძვლები. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა შპს „ე...“-ის ქმედების მართლწინააღმდეგობა, რომელიც მ. ა-ისათვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. შპს „ე...“-ის ყველა ქმედება მართლზომიერი იყო, კერძოდ, სესხის და გირავნობის ხელშეკრულების დადება, სესხის და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის რეგისტრაცია, პირველი რიგის მოგირავნის უფლების რეალიზაციის საფუძვლით თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის მიმართვა რეგისტრირებული ყადაღის, შეზღუდვისა და ძებნა-დაკავების მოხსნის თაობაზე, ლ. კ-ის მხრიდან განხორციელებული შესრულების მიღება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით შპს „ე...“-სა და ლ. კ-ს შორის შეთანხმების მოჩვენებითობა არ დასტურდებოდა, აგრეთვე არ დგინდებოდა არც ერთი მტკიცებულებით შპს „ე...“-ის მხრიდან მ. ა-ისათვის ზიანის მიყენების მიზნით მოქმედებათა განხორციელება და ქმედებათა მართლწინააღმდეგობა. შესაბამისად, მ. ა-ის მოთხოვნა შპს „ე...“-ის მიმართ უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.07.2018წ. განჩინებით (ტ.14.ს.ფ.159-163).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მ. ა-ის მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შპს „ე...“-ის მიმართ ემყარება იდენტურ გარემოებებს, იგი არ მიუთითებს სხვა საფუძველზე, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მსჯელობის საგანი არ ყოფილა. მოცემულ საქმეში ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მ. ა-ი ითხოვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს „ე...“-ისგან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხ.) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხ.) კანონიერი ძალა, პირველი შემთხვევა გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.). სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერი ძალაში იგულისხმება მისი ფორმალური კანონიერი ძალა, კერძოდ, გადაწყვეტილების ის თვისება, რომლის ძალითაც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს, ხოლო მხარეთა შორის არსებული დავა კი ითვლება გადაჭრილად (სსკ-ის 264-ე მუხ.). საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახალი სარჩელის აღძვრა არ იწვევს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების დაძლევას. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აგრეთვე საზედამხედველო წარმოების წესით კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გადასინჯვას კანონიერების თვალსაზრისით. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქმის წარმოების შეწყვეტის ვალდებულება, უკეთუ არსებობს იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმის წარმოების შეწყვეტის ამ საფუძვლის არსებობისას სავალდებულო არ არის მხარის შუამდგომლობა, სასამართლო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს საქმის წარმოება. ამდენად, საქმის წარმოების შეწყვეტაზე შპს „ე...“-ის წარმომადგენლის შუამდგომლობის არარსებობის შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო შეეწყვიტა საქმის წარმოება.

შპს „ე...“-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში საქმეზე წარმოების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს სარჩელზე ძირითადი მოპასუხის მიმართ მოთხოვნაზე. საქმის წარმოება გრძელდება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

ამასთანავე, ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ შეიცავს სამოქალაქო კანონმდებლობისგან განსხვავებულ ზიანის მომწესრიგებელ ნორმებს. სასკ-ის 2.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სასამართლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას მოიხმობს სამოქალაქო კანონმდებლობას. ამდენად, არ არსებობს ვარაუდი, რომ შპს „ე...“-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადმინისტრაციული წესით განხილვისას განსხვავებული შეფასება მიეცემა მ. ა-ის მიერ მითითებულ გარემოებებს და წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

ამდენად, საქმეში დაცული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით მ. ა-ი აღარ არის უფლებამოსილი იგივე მხარის მიმართ, იგივე საფუძვლებზე მითითებით იგივე მოთხოვნა წამოაყენოს. პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოებები შპს „ე...“-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს ქმნიდა, რაც მართებულად შეფასდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით.

საფუძველს მოკლებულია მ. ა-ის პრეტენზია მასზედ, რომ გასაჩივრებულ განჩინებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებმაც მიიღეს ის. კერძოდ, მ. ა-ი აღნიშნავს, რომ განჩინებას ხელს არ აწერენ მოსამართლეები: ნ. დარასელია და შ. გეწაძე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული გასაჩივრებული 02.12.2019წ. განჩინება ხელმოწერილია საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობის ყველა მოსამართლის მიერ (ტ. 15 ს.ფ. 271). ამდენად, საქმეზე არ დასტურდება უშუალობის პრინციპის დარღვევა, აგრეთვე არ დასტურდება განჩინებაზე მოსამართლეთა ხელმოწერების არარსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ე...“-ის შუამდგომლბა და მ. ა-ის სარჩელზე მოპასუხე შპს „ე...“-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე